სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარადონა რეი: მეფეებიც ტირიან - გენიალური ფეხბურთელი 51 წლის გახდა

განახლებულია: 30.10.2011.

დიეგო არმანდო მარადონა დღეს 51 წლის გახდა. "დრონი.ჯი" გთავაზობთ წერილს, რომელიც ამ გენიალურ ფეხბურთელს მიეძღვნა (წერილი პირველად გამოქვეყნდა "პრესა,ჯი"-ზე).

1986 წელს, მექსიკაში, ინგლისი-არგენტინის მატჩის შემდეგ(1-2) სამხრეთ ამერიკის თითქმის ყველა გაზეთმა პირველ გვერდზე გამოაქვეყნა დიეგო მარადონას დიდი ფოტო, ორსიტყვიანი წარწერით: "მარადონა რეი". ალბათ, დამატება არ ღირს, რომ რეი ესპანურად მეფეს ნიშნავს.

მანამდე კი კარლოს სალვადორ ბილარდოს ყველა აკრიტიკებდა, ვისაც არ ეზარებოდა, მექსიკაში გამგზავრებამდე. არგენტინელები, რომელთათვის ფეხბურთი ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე ფეხბურთი, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ ბილარდოს, თუმცა, შეინარჩუნეს მინიმალური პატივისცემა მარადონას მიმართ(ტალანტები არ განისჯებიან).

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, როცა მარადონამ ჩინებული პასით უზრუნველყო ბურუჩაგას სოლო-რეიდი და გოლი, ბილარდომ შვებით ამოისუნთქა. მას არ უნახავს მთელი ტრიბუნის სიგრძეზე გაშლილი პლაკატი წარწერით: "გვაპატიე ბილარდო, გმადლობთ!", მაგრამ მიხვდა, რომ მისი ლანძღვა დასრულდა და ახალი ეტაპი დაიწყო.

დიეგო მსოფლიომ ბურთთან ერთად გაიცნო და მას შემდეგ მარადონა ბურთთან, ბურთი კი მარადონასთან ბევრისთვის ასოცირდება. ბევრს ფეხბურთის მეფედ პელე მიაჩნია: ამაზე დავა ღირს, მაგრამ ეს დავა ჩენი დღევანდელი სტატიის მიზანი არ არის: დღეს ჩვენ მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. სხვათაშორის, ერთხელ თვითონ მარადონამ უპასუხა ამ შეკითხვას: ერთ-ერთი, წარმატებული სანაკრებო მატჩის შემდეგ მას გასახდელთან უამრავი ჟურნალისტი ელოდა. როცა გამოჩნდა, ერთმა წამოიძახა: „თქვენ მეორე პელე ხართ!“, მეორემ კი მიაყოლა: „ნამდვილი ფეხბურთის მეფე ბრძანდებით!“. ფეხბურთელი მათ მიუბრუნდა და თქვა: „მე არც მეორე პელე ვარ და არც ფეხბურთის მეფე, მე ვარ დიეგო არმანდო მარადონა!“

პირველი ნამდვილი ბურთი დიეგო მარადონამ ექვსი წლის ასაკში ნახა - ბიძამისმა აჩუქა. მას სემდეგ დიეგო არმანდო ბურთთან ერთად იძინებდა და იღვიძებდა. მამამ, ვინც ფიზიკურად მუშაობდა და ვინც ყველაფერი გააკეთა დიეგოს ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის, მის ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა: ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც დათო ტურაშვილმა თვითონ მარადონას ნებართვით თარგმნა, მამას ბევრგან შეხვდებით და მასზე ფეხბურთელი ყოველთვის დიდი სითბოთი და სიყვარულით საუბრობს. ალბათ შეამჩნიეთ, რომ „ყოფილი ფეხბურთელი“ არ დავწერე. ვფიქრობ, მარადონასთან მიმართებაში სიტყვა „ყოფილი“ ზედმეტია.

მე ვინ მკითხავდა, მაგრამ რომ ეკითხათ, დიეგო მარადონას არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად არ დავნიშნავდი: მისი სახით სამწვრთნელო საქმემ ნამდვილად ვერ მოიგო იმდენი, რამდენიც ფეხბურთმა. საერთოდ, მარადონა უბურთოდ დიდი მარაზმია. არ შეიძლება არ დაეთანხმო ბურუჩაგას სიტყვებს: „ბურთი იმისთვის შეიქმნა, რომ იგი მარადონამ აგოროს, მარადონა კი იმიტომ დაიბადა, რომ ბურთთან ერთად ეცხოვრა. მარადონა უბურთოდ ვერ წარმომიდგენია“.

1982 წელს, როცა „ბარსელონაში“ თამაშობდა, მასში იმ დროს გაუგონარი თანხა, 8 მილიონი დოლარი გადაიხადეს. ჯერაც ყმაწვილი, ნაკრებშის წევრიც იყო და ესპანეთის 1982 წლის ჩემპიონატზე გაიელვა კიდეც, მაგრამ მისმა ვარსკვლავმა 1986 წლის მექსიკის მუნდიალზე გაიბრწყინა. ესპანეთში კი, „ბარსელონას“ იმდროინდელი პრეზიდენტი, თურმე არგენტინის ნაკრების ყველა ვარჯიშზე მიდიოდა და ახალგაზრდა ფეხბურთელს ეუბნებოდა: „ფეხებს გაუფრთხილდი, დიეგო, თითოეულ მათგანში ოთხი მილიონია გადახდილი...“

რა თქმა უნდა, მარადონას კარიერაში და ცხოვრებაში ბევრი შავი ლაქაა. ისეთი შთაბეჭდილებაც დარჩება კაცს, რომ მარადონა უბურთოდ ვერსად პოულობდა თავის ადგილს. ყველაფერი კი „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ აირია. მარადონამ ეს გუნდი აუტსაიდერის რანგში ჩაიბარა და მოაგებინა ყველაფერი, რაც შეიძლება მოაგებინოს ერთმა კაცმა საფეხბურთო გუნდს: დაწყებული „სერია ა“-დან, დამთავრებული უეფას თასით.

ალბათ, სწორედ ამიტომ აღმერთებენ დღემდე მარადონას ნეაპოლში. მაგრამ იტალიის ეს ქალაქი დიეგოსთვის აღმავლობის გარდა, შავ ლაქასთანაცაა დაკავშირებული: სწორედ აქ გასინჯა პირველად კოკაინი, მერე კი მისი ცხოვრება საბედისწეროდ დაუკავშირდა ამ ნარკოტიკს. არადა, რასაც მარადონამ მიაღწია, დაუღალავი შრომით, თანდაყოლილი ტალანტით, თვითონ, სხვების დაუხმარებლად მიაღწია, მერე კი თვითონვე ანიავა ის, რასაც მიაღწია...

ერთხელ, გაბრაზებულს, სრული ჭეშმარიტება წამოსცდა: "ვინც ჩემს ასეთ თამაშს კოკაინს აბრალებს, თითქოს მე ვყნოსავდი და იმიტომ ვთამაშობდი ასე, მოვიდეს, სინჯოს: მიიღოს კოკაინი და ითამაშოს ისე, როგორც მე ვთამაშობდი..." - ის არაორდინარული იყო მოედანზეც, ცხოვრებაშიც და ასეთად დარჩა...

მაგრამ მარადონა მაინც ბურთთანაა ასოცირებული და არა კოკაინთან, როგორც ეს ბევრს უნდოდა. ვერავინ შეიტანს ეჭვს მის სიტყვებში, რომლებიც მან ბურთთან დაკავშირებით თქვა: „მომეცით მე ბურთი და დაელოდეთ სასწაულს. მომეცით მე ბურთი და მაცალეთ გავაკეთო ის, რაც ვიცი. მომეცით მე ბურთი და მე შევცვლი სამყაროს“.

მარადონას ბევრი სიმღერა და ლექსი მიუძღვნეს, მაგრამ თვითონ ყველაზე მეტად სწორედ ის სიმღერა უყვარს, რომელიც ამ სტატიას ერთვის თან. „მე რომ მარადონა ვყოფილიყავი“ - ასე ჰქვია სიმღერას და მასში დიეგოს მთელი ცხოვრება და კარიერა სევდიანადაა აღწერილი. ემირ კუსტურიცას აქვს მშვენიერი ფილმი მასზე, By Maradona.

სწორედ ამ დიდებულმა რეჟისორმა დაიჭირა მარადონას სახე, როცა ქუჩაში გაიყვანა და ეს სიმღერა მოასმენინა. ბევრს და, მათ შორის ამ სატატიის ავტორსაც მოეჩვენა, რომ ამ სიმღერის მოსმენის დროს დიეგო მარადონა შავი სათვალის მიღმა ცრემლებს მალავს, ალბათ, განვლილი ცხოვრება ახსენდება. საერთოდ, კუსტურიცას ეს ფილმი ძალიან კარგი მასალაა მარადონას პორტრეტით დაინტერესებულთათვის.

იქ ნამდვილი მარადონაა - მარადონა-რეი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100