სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის იმპერატორი ქართლ-კახეთის მეფის უკანონო შვილი იყო?

რუსეთის უკანასკნელი მეფე და პირველი იმპერატორი, პეტრე პირველი. სამეფო ტახტი მან 1682 წელს, 10 წლის ასაკში, დაიკავა. ახალგაზრდა მეფის სახელს უკავშირდება რუსეთში მასშტაბური რეფორმების გატარება და ქვეყნის ტერიტორიების გაფართოება.

1721 წელს, პეტრე პირველი რუსეთის იმპერიის პირველი იმპერატორიც გახდა. დაინტერესებული იყო მეცნიერების შესწავლითა და ევროპული ცხოვრების სტილით, რის გამოც, დასავლეთ ევროპაში ერთწლიანი მოგზაურობის შემდეგ, რუსეთში ევროპული წეს-ჩვეულებებისა და ცხოვრების სტილი შემოიღო.

პეტრე პირველის წარმომავლობა - ეს საკითხი აქტუალური იყო მის სიცოცხლეშიც და აქტუალურია დღემდე, მისი გარდაცვალებიდან 286 წლის შემდეგაც. არსებობს სხვადასხვა ფაქტზე დაფუძნებული ეჭვები და ლეგენდები იმის შესახებ, რომ რუსეთის მეფე ალექსეი მიხაილოვიჩი პეტრე პირველის ბიოლოგიური მამა არ იყო. აღნიშნული ეჭვის მთავარი საფუძველი ალექსეი მიხაილოვიჩსა და პეტრე პირველის დედას, ნატალია კირილოვნას, შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა 22 წელი და ალექსეი მიხაილის ძის ავადმყოფობა გახლდათ. არსებობს მოსაზრება, რომ ასაკისა და ავადმყოფობის გამო დასუსტებულ მეფეს შვილის ყოლა აღარ შეეძლო და დედოფალი მას ღალატობდა.

ერთ-ერთი და ყველაზე გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ახალგაზრდა დედოფლის საყვარელი ქართველი უფლისწული ერეკლე გახლდათ, რომელიც რუსეთის პირველი იმპერატორის მამად მიიჩნევა. ქართველი უფლისწული ერეკლე, რომელიც, მოგვიანებით, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე პირველი გახდა, რუსეთის კარზე აღიზარდა და დედოფლის სიყვარულთან ერთად, რუსი დიდგვაროვნების პატივისცემასაც იმსახურებდა. სიტუაცია შეიცვალა 1674 წელს. პეტრე პირველის დაბადებიდან 2 წლის შემდეგ, ქართველ უფლისწულს რუსეთი დაატოვებინეს. საქართველოში დაბრუნებული უფლიწული 1675 წელს ქართლ-კახეთის მეფე გახდა.

პეტრე პირველისა და ერეკლე პირველის მამა-შვილობაზე რუსული მედია დღემდე წერს. ამ საკითხის გამოკვლევას ცდილობენ როგორც ქართველი, ასევე რუსი ისტორიკოსები, მაგრამ ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი კომუნისტების დროს, სტალინის მმართველობის პერიოდშია, გამქრალი. გადმოცემის თანახმად, იოსებ სტალინს უთქვამს: დავუტოვოთ მათ ერთი "რუსი" მაინც, რომლითაც იამაყებენ“. გავრცელებული ცნობით, როდესაც ალექსეი ტოლსტოი მუშაობდა რომანზე "პეტრე I", მას ხელთ ჩაუვარდა რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც დაუყოვნებლივ იოსებ სტალინს გააცნო, თუმცა საბჭოთა ლიდერმა საიდუმლოს შენახვა უბრძანა. ამასთანავე, როგორც ამბობდნენ, არსებობდა წერილები, რომლებიც პეტრეს ქართულ წარმომავლობას ადასტურებდნენ, მაგრამ ეს დოკუმენტები სტალინის მმართველობის დროს გაქრა.

კომუნისტების მცდელობის მიუხედავად, დღემდე შემორჩენილია რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც პეტრე პირველის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ეჭვებს აღრმავებს. აი რას წერს რუსული მედია პეტრე პირველის ქართული წარმომავლობის დასამტკიცებლად:

პეტრე პირველის დედა ნატალია მისი გამეფების წინააღმდეგი იყო. „ის არ უნდა იყოს მეფე“ -ამბობდა დედოფალი.

პეტრე პირველის გამეფება დაუშვებლად მიაჩნდა, მის ნახევარდას, პრინცესა სოფიასაც. „არ შეიძლება ძალაუფლება უცხოელს ჩაუვარდეს ხელში“ - წერდა მეფის ასული ერთ-ერთ თავადს.

„როგორ არის ჩვენი პატარა ანცი“- ამ სიტყვებს ამოიკითხავთ კახეთის მეფის, არჩილ მეორეს, მიერ დედოფალ ნატალიასთვის გაგზავნილ წერილში.

„მე არ დავქორწინდები მოგვარეზე“- განაცხადა პეტრე პირველმა, როდესაც ქართველი პრინცესას ცოლად შერთვა შესთავაზეს. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის იმპერატორისთვის მისი და ბაგრატიონთა ნათესაური კავშირი უცხო არ ყოფილა.

პეტრე პირველის წარმომავლობა დღემდე ბურუსითაა მოცული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართველი ისტორიკოსები მის ქართველობა-არაქართველობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რადგან პეტრე I ისეთივე რუსი მმართველი იყო, როგორიც ივანე მრისხანე, ეკატერინე II, ალექსანდრე II და ნიკოლოზ II. პეტრე პირველს საქართველოსთვის არ უღვაწია, მან საკუთარი თავი რუსეთს შესწირა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100