სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სამოთხე: სიყვარული“ და უკანასკნელ ზღვრამდე მისული სამყარო

არცთუ დიდი ხნის წინ ავსტრიელმა კინოდოკუმენტალისტმა ულრიხ ზაიდლმა დოკუმენტური კინოდან გადაინაცვლა მხატვრულ კინემატოგრაფში. მან გადაიღო ფილმი, სადაც, ყოველგვარი ლირიკის გარეშე, სულიერი ექსჰიბიციონიზმის და თვითგვემის ეკრანული ვერსია შესთავაზა მაყურებელს.

ზაიდლის ფილმი - „სამოთხე: სიყვარული“ არის ყოველგვარი პირობითობის გარეშე გადაღებული დრამა სექს-ტურიზმის შესახებ, რომელიც დემონსტრირებული იყო ამასწინანდელ კანის ფესტივალზე. ფილმის მთავარი გმირი, ბალზაკის ასაკს კარგა ხნის გადაცილებული ტანსრული ქალბატონი ტერეზა, ავსტრიაში ტოვებს თავისავით წონამოჭარბებულ ქალიშვილს და მიემგზავრება კენიაში დასასვენებლად. აფრიკაში ყოველი ახალი დღე მისთვის ახალი სიყვარულის თავდებია - იქ, საკუთარი წარმოდგენით, ეძიებს სიყვარულს, ურთიერთგაგებას და კენიაში რომანტიკული თავგადასავლების საძებრად ჩასული, პოულობს სექს-ტურიზმის მონაწილის საკადრის ბანალურ გარყვნილებას. აფრიკელი მზისგან გარუჯული ყმაწვილები მზად არიან, კაპიკიან სუვენირებთან ერთად, უხვად მიმადლონ ქალებს სამშობლოში დიდი ხნის წინათ დაკარგული მიწიერი სიამტკბილობის განცდაც. თუკი უსიყვარულოდ დარჩენილ, ასაკში შესულ მამაკაცებს აქვთ გამოსავალი - ლეგალიზებული ქალთა პროსტიტუცია, ქალები იძულებულნი არიან სექსუალური დაკმაყოფილება ეძიონ კენიაში. ზოგი ამას ნეოკოლონიალიზმს ეძახის, მაგრამ საკითხავია, ვინ ვის ეუფლება - ფაშფაშა ევროპელი დედაკაცები ტანკენარ აფრიკელებს, თუ პირიქით კენიელები ევროპელებს, რომლებიც ძირისძირობამდე უსუფთავებენ მათ საფულეებს. ტერეზა ჯერ გაურბის მსგავს წინადადებებს, მაგრამ მერე გაუტკბება შავკანიანთა სამსახური და ეს ყმაწვილები უკვე ერთმანეთს ეცილებიან ტურისტის სასიყვარულო სარეცელს, თანაც, იმავე დროს, პარალელურად სთხოვენ მსხვილ კუპიურებს ავადმყოფი მამისთვის, ავარიაში მოყოლილი ძმის ან დის წვრილშვილიანი ოჯახის დასახმარებლად.

ასე ხდება უბრალო დამსვენებელი ქალის ტრანსფორმაცია საზოგადო სახელით მოსახსენიებელ ერთ რიგით არსებად: “Sugar mamas” („შაქრის ქალები“) - როგორც ეძახიან კენიელები იმ ევროპელ ქალებს, რომლებიც გარკვეული თანხის საფასურად მეორედ გადიან ახალგაზრდობას აქაურ ზანგებთან. ფილმში აფრიკელთა მხრიდან მონაწილეობენ არა მსახიობები, არამედ ნამდვილი კენიელები, რომელთაც გამოცდილება აქვთ „შაქრის ქალებთან“ ურთიერთობაში.

რეჟისორი თითქოს განსმდგომი კაცის პოზიციიდან უცქერის ადამიანურ სიმახინჯეებს - როგორც მორალურს, ისე - ფიზიკურს. ზაიდლი პერსონაჟის თითოეულ სიტყვაში აშიშვლებს დათრგუნულ ფროიდულ კომპლექსებს და ფარულ სურვილებს, რისგანაც ქმნის თანამედროვე, სიყვარულს მოკლებული ადამიანის პორტრეტს. კომპლექსების გაშიშვლებასთან ერთად რეჟისორი აშიშვლებს მთავარი გმირის ფაშფაშა სხეულსაც და მის მარტოობისგან გამოფიტულ სულს - რაც უგრო ხშირად ხვდება ატერეზა აფრიკელებს, მით უფრო გრძნობს თავს ხორცის ნაჭრად, ამავე დროს მარტოობისა და სირცხვილის გრძნობას იმის გამო, თუ რის ყიდვას ცდილობს ის ფულის საფასურად. თუმცა, ეს ქალი მაშინაც კი ეძიებს სიყვარულის ნაფლეთებს, როდესაც სასიყვარულო სარეცელიდან სასაქონლო-ფულადი ურთიერთობები გადმოდიან წინა პლანზე. მრავალრიცხოვან ინტიმურ სცენაში საგულდაგულოდ არის ნაჩვენები მთავარი გმირის ნაოჭები და თუმთუმა ქონები, აფრიკელთა ათლეტური სხეულის საკონტრასტოდ. ფილმში მრავლად არის ეროტიული სცენაც, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის გადამდები ვნებითა და ემოციით დამუხტული.

ამრიგად, თავის კინონაწარმოებში ავსტრიელი რეჟისორი ხატავს პოსტინდუსტრიულ დასავლეთის სამყაროს, როგორც კეთილად მოწესრიგებული ჯოჯოხეთის გამარჯვებას. ზაიდლის განსაზღვრებით, ადამიანთა სამყარო სულიერების დეფიციტით მივიდა უკანასკნელ ზღვრამდე. სამოთხე ჯოჯოხეთად იქცევა და სიყვარულს მასთან ახლოსაც არ გაუვლია.

ზაიდლის ტერეზას ჰყავს ლიტერატურული წინამორბედი - გუსტავ ფლობერის მადამ ბოვარის სახით. ისიც რომანტიკული არსება იყო და ეძიებდა ჭეშმარიტ გრძნობას. მისი პრობლემა გახლდათ ის, რომ ემა ბოვარი ვერ ხედავდა სხვაობას „სიყვარულსა“ და „საყვარლის პოვნას“ შორის. ზაიდლსა და ფლობერს აახლოვებს ცენტრალური გმირის სახე და პრობლემა. ფლობერი ცდილობდა შეექმნა „ობიექტური რომანი“. იგი ამბობდა: „აიღეთ გომბეშო, სახედრის ყბა ან ნებისმიერი სხვა ცხოველი. თქვენ შეგიძლიათ მათი აღწერა, მათგან პრეპარატის დამზადება, მაგრამ არ გაქვთ მათზე საკუთარი აზრის შექმნის უფლება“. ასეა ზაიდლიც - მისი ფილმი მოკლებულია მორალურ-შემფასებლურ შეფერილობას. მისი ფილმი ჰგავს სამეცნიერო მოხსენებას ავსტრიელთა ყოფითი ვითარების შესახებ კენიაში. მხატვრის საქმეა პრობლემის ობიექტურად დაყენება, მორალური დასკვნები - მორალისტების საქმეა.

ზაიდლის ფილმი ტრილოგიის პირველი ნაწილია. მეორის სახელწოდებაა „სამოთხე: რწმენა“, სადაც ტერეზას და აღმოჩნდება მონასტერში, ხოლო მესამე ფილმი იქნება „სამოთხე: იმედი“ - მთავარი გმირის ქალიშვილი მიემგზავრება ჭარბი წონის მქონეთა სპეციალურ ბანაკში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100