სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

15 წლის ქართველმა გამომგონებელმა „ჯადოსნური ფეხსაცმელი“ დააპატენტა

15 წლის გუგა ბერაიასა და მის ჯადოსნურ ფეხსაცმელებს საზოგადოების ნაწილი უკვე იცნობს. პატარა გამომგონებლის მიღწევებით მალე მთელი საქართველო იამაყებს, რამდენიმე თვეში გუგა ისეთ ცნობილ კომპანიებთან გეგმავს კონტრაქტის გაფორმებას როგორებიც ნაიკი და ნოკიაა. საკუთარი გამოგონებები გუგამ საქპატენტში უკვე დაარეგისტრირა, ყველა საბუთის წესრიგში მოყვანის შემდეგ კი პატარა მეცნიერი მსხვილ კომპანიებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს.

გუგას პირველი გამოგონება ენერგიის მრავალფუნქციური გენერატორი იყო, რომელიც მან ნორჩ მეცნიერთა კონკურსისთვის მოამზადა. როგორც გამომგონებელი განმარტავს ენერგიის მრავალფუნქციური გენერატორი წყალდიდობისა და ძლიერი ქარის პროგნოზირებისთვის საჭირო ხელსაწყოა.

გუგას რიგით მეორე გამოგონება აკუმულატორის ავტონომიური დასამუხტი მოწყობილობა იგივე ჯადოსნური ფეხსაცმელი გახლავთ. კეტებში ჩამონტაჟებული აპარატურის მეშვეობით სიარულის დროს მობილურისა და სხვა მცირე ზომის აკუმულატორების დატენვაა შესაძლებელი. აღნიშნული გამოგონება გუგამ სანთებელებისა და რადიომიმღების ნაწილებისგან შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი გონებრივი შსაძლებლობებით გუგა თავის თანატოლებისაგან ძალიან განსხვავდება, გარეგნულად ამას ვერ შეატყობთ. 15 წლის მოზარდს სხვებივით უყვარს ინტერნეტი, ცურვა, ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურა, უსმენს ბითლზებს და ოცნებობს ასტრონომობაზე.

15 წლის პესპექტიული მეცნიერი ახალ გამოგონებაზე უკვე მუშაობს. დანადგარის შექმნამდე გუგამ მასზე დეტალურად საუბარი არ ისურვა, მაგრამ გაგვიმხილა რომ მისი შემდეგი გამოგონება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას შეამცირებს. (itv.ge)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100