სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი ერთ-ერთი კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს პირველადი ჯანდაცვის ობიექტი“

დღეს საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და "გლობალური ალიანსის" პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი ესტუმრნენ.

სტუმრობა მიზნად ისახავდა დედაქალაქში მომუშავე ერთ–ერთი წარმატებული პირველადი ჯანდაცვის ობიექტის ფუნქციონირების ადგილზე გაცნობას.

როგორც ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი ერთ-ერთი კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს პირველადი ჯანდაცვის ობიექტი:

„პირველადი ჯანდაცვა, ეს არის ჯანდაცვის საფუძველი და საძირკველი. იმის გამო, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვიყავით, თავის დროზე, მოგვიწია ჯანდაცვის რეფორმის სხვა თემებით დაწყება. საბედნიეროდ მივუბრუნდით მთავარს, რის გარეშეც ჯანდაცვა ვერ იარსებებს.

როცა ვფიქრობდით ჯანდაცვის რეფორმაზე, რა თქმა უნდა, საუბარი იყო ინფრაქსტრუქტურულ პროექტებზე. როგორი ინფრაქსტრუქტურა ჰქონოდა, როგორი მენეჯმენტი. დღეს ერთად ვნახეთ ობიექტი, სადაც ეს ყველაფერი გაკეთებულია. შესაბამისად, ჩვენ გაგვიადვილდება სხვაგან ამის გაკეთება, რამდენადაც გვაქვს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი მაგალითი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ. 4-5 ოქტომბრისთვის ვგეგმავთ დიდ კონფერენციას, რომელიც პირველად ჯანდაცვას მიეძღვნება. ვისაუბრებთ კონკრეტულ საკითხებზე და წარმოვადგენთ ძირითად მიმართულებებს, თუ რამდენი ჯანდაცვის ობიექტი იქნება საჭირო თბილისში, რამდენი რაიონებში, რომელ სოფლებში რა ტიპის ჯანდაცვის ობიექტები იქნება. ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის უნიკალური პროექტი, რომლითაც ყველა ვამაყობთ, კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ. იცით რომ ეს საკმაოდ დიდი ხარჯია ქვეყნისთვის და პირველადი ჯანდაცვა ზუსტად არის ის კედელი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ხარჯები შევამციროთ და ამავე დროს მივიღოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება ჩვენი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

„გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტის ჟან ელი მალკინის თქმით, საოჯახო მედიცინის ცენტრის დათვალიერებისა და მისი მუშაობის პრინციპების გაცნობის შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის არის კარგი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის ობიექტი.

„საოჯახო მედიცინის ცენტრი არის ადგილი, რომელსაც ხალხი პრობლემებით მიმართავს და ისინი ღებულობენ თბილ დახვედრას. პერსონალის პროფესიონალიზმი, თავდადება და მათ მიერ გაწეული მომსახურეობა გამაოგნებელია. მსურს ეს წარმატება მოვულოცო ცენტრის პერსონალსა და დირექტორებს.

პირველადი ჯანდაცვა აუცილებელი და გადაუდებელი მომსახურებაა მთლიან სისტემაში. ამჟამად საქართველოს მთავრობას ვეხმარებით, რათა ჯანდაცვის სისტემის ყველა კომპონენტი გავაუმჯობესოთ. ჩვენი სურვილია „საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრი“ იყოს პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და წარმატების მაგალითი არამხოლოდ თბილისში, არამედ მთელს ქვეყანაში. ჩვენ მხარს დავუჭერთ მთავრობას სისტემის გაუმჯობესებაში, გვექნება ძალიან კარგი საქვეყნო მაგალითები ანალოგიური ცენტრების სახით, რომელზე დაყრდნობითაც ჯანდაცვას კიდევ უფრო განვავითარებთ,“ - აღნიშნა ჟან-ელი მალკინმა.

საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ბექა იოსელიანის თქმით, ცენტრი მუშაობს სათემო პრინციპით და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 45 000 -ზე მეტ ბენეფიციარს, ძირითადად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას, ემსახურება. „დიდ ყურადღებას ვუთმობთ ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებას. რასაც ავტომატიზირებული სისტემების შემდეგი ანალიზისთვის ვიყენებთ. ეს ძალიან მნიშნველოვანი მომენტია კომპანიის სამომავლო სტრატეგიის დაგეგმისთვის. ცენტრში ეფექტურად მუშაობს სხვადასხვა ავტომატიზირებული სისტემები, როგორიც არის ხარისხზე ორიენტირებული გადახდის სისტემა და პრევენციაზე ორიენტირებული სერვისები. ცენტრის ოჯახის ექიმებს, მენეჯერებს, ზოგადი პრაქტიკის ექიმებს, გადამზადება გავლილი აქვთ ბრიტანეთში. ცენტრის პერსონალი ცდილობს უწყვეტად იყოს ჩართული პროფესიული განვითარების სქემებში, რომ მათი ცოდნა იყოს მუდმივად განახლებადი“ - განმარტავს საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ბექა იოსელიანი.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სამინისტრომ ახალ პრიორიტეტად გამოაცხადა, რომელიც C ჰეპატიტისა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამების პარლელურად განხორციელდება. რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და კონკრეტული სამოქმედო გეგმა ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება.

რეფორმის მიზანია პრევენციული მედიცინის როლის ამაღლება, სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდა, პოლიკნინიკებისა და ამბულატორიების (განსაკუთრებით რეგიონებში) ინფრასტრუქტურული მოწესრიგება და მათი სათანადოდ აღჭურვა, პირველად რგოლში დასაქმებული ექიმებისა და ექთნების შრომის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა და ასევე მათი პროფესიული გადამზადების ეფექტიანი სისტემის ამოქმედება. რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში სამინისტროს კონსულტირებას „გლობალური ალიანსი“ უწევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100