სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააპელაციო სასამართლომ, სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობაში თორნიკე კაჭარავა დამნაშავედ სცნო

სააპელაციო სასამართლოში დასრულდა თორნიკე კაჭარავას საქმის განხილვა, რომელსაც ბრალად ედება სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება და კაჭარავა გოგბერაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

სანდრო გოგბერაშვილი 2010 წლის მარტში მოკლეს. პროკურატურამ მისი მკვლელობის ბრალდება გოგბერაშვილის მეგობარს, თორნიკე კაჭარავას წაუყენა.

ბრალდების მიხედვით, სანდრო გოგბერაშვილს შელაპარაკება მოუვიდა ზურა ტარყაშვილთან. ისინი ერთმანეთს მეორე დღეს, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ „არკაში“ შეხვდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, გოგრებაშვილმა ტარყაშვილს თავზე იარაღი დაადო. ტარყაშვილის მეგობარმა მას იარაღიანი ხელი ძირს, ასფალტის მიმართულებით დააწევინა.

გოგბერაშვილმა ორჯერ გაისროლა. ტყვია ასფალტს მოხვდა. გასროლის შემდეგ, „არკაში“ სროლით შევარდა გოგბერაშვილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა.

კაჭარავამ ხელსა და ფეხში დაჭრა ზურა ტარყაშვილი. გულში ტარყაშვილის ერთი მეგობარი, ხოლო ფეხში მისი მეორე მეგობარი.

საქმის მასალების მიხედვით, კაჭარავას გასროლილი ტყვია შემთხვევით თავში მოხვდა მისივე მეგობარს, სანდრო გოგბერაშვილს, რომელიც გარდაიცვალა.

ექსპერტიზამ დაადგინა რომ სანდრო გოგბერაშვილის სხეულიდან ამოღებული ტყვია იდენტური იყო ტარყაშვილისა და მისი მეგობრების სხეულიდან ამოღებული ტყვიებისა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ტყვიები გასროლილი იყო შედარებით შორი მანძილიდან „არკის“ შიდა პერიმეტრის მიმართულებით.

გამოძიების დასრულების შემდეგ, პროკურატურამ გოგბერაშვილის მკვლელობის ბრალდება თორნიკე კაჭარავას წაუყენა. ხოლო ზურა ტარყაშვილი და მისი ერთი მეგობარი ხულიგნობასა და იარაღის ტარებაში დაადანაშაულა. მეორე მეგობარს კი მხოლოდ ხულიგნობა წაუყენა.

გაიმართა სასამართლო და კაჭარავა დამნაშავედ სცნეს გოგბერაშვილის მკვლელობაში და მას შეკრებითობის პრინციპით 24 წელი მიუსაჯეს. ტარყაშვილი და მისი მეგობრები კი ხულიგნობაში დაადანაშაულეს.

ტარყაშვილმა ციხეში რამდენიმე წელი გაატარა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის რუსთაველის გამზირზე მოკლეს.

ტარყაშვილის მკვლელობის ბრალდება გოგბერაშვილის მამას, ივერი გოგბერაშვილს, მეგობრებს: დავით რუსიშვილსა და ირაკლი აგლაძეს წაუყენეს. დავით ჯოხაძეს კი შეუტყობინებლობა აკმარეს (თუმცა, სასამართლომ ჯოხაძის საქმე პროკურატურაში დააბრუნა იმ მოტივით რომ მის ქმედებებში უფრო მძიმე დანაშაული - მკვლელობა იკვეთება).

ტარყაშვილის მშობრების განცხადებით მათი შვილის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს პრეზიდენტ მარგველაშვილის ცოლის სიძე, მინდია გოგოჭურიც, რომელმაც მოკლულს ერთ-ერთმა პირველმა ესროლა.

ივერი გოგბერაშვილი და დავით რუსიშვილი დაიჭირეს. ჯოხაძე და აგლაძე კი მიმალვაში არიან. ასევე მიმალვაშია სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობაში ბრალდებული თორნიკე კაჭარავაც.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კაჭარავას საქმე გასაჩივრდა. მეორე ინსტანცია საქმეს რამდენიმე თვე იხილავდა და მივიდა იმ დასკვნამდე რომ წინა ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, თორნიკე კაჭარავას მიმართ, სრულიად კანონიერი იყო.

აღსანიშნავია რომ კაჭარავას მხარემ ხელახლა ჩაატარა ტანსაცმლის, სისხლისა და იარაღის ექსპერტიზა, თუმცა, მას არსებითი გავლენა არ მოუხდენია საქმის მიმდინარეობაზე.

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა დაასრულა და თორნიკე კაჭარავა დამნაშავედ სცნო მისივე მეგობრის, სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობაში.

შეკრებითობის პრინციპის გაუქმებისა და ამნისტიის შედეგად, თორნიკე კაჭარავას, სასჯელის სახედ და ზომად, 24 წლის ნაცვლად,16 წლით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100