სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი დიზაინერების რჩევები ექსკლუზიურად „დრონი.ჯი“-ს მკითხველს

ახლა ყველასთვის საყვარელი სეზონია. ისვენებ თუ მუშაობ სულერთია, მოხდენილად და გამორჩეულად ქალბატონებს ყველგან სურთ ყოფნა. ამბობენ, რომ გემოვნებაზე არ დაობენ, თუმცა ალბათ ყველაზე მეტად განხილვადი სწორედ ეს თემაა. ვინ რას მიიჩნევს ტრენდულად და ვისთვის რა არის აქტუალური. მოდა რომ პარიზიდან მოდის ეს ყველამ იცის, თუმცა ტრენდულად დღეს მსოფლიოს არაერთ ქალაქში იმოსებიან. ქართველი ქალებიც რომ გამორჩეულები არიან ამას დიზაინერები და კრიტიკოსები ხაზს ყოველთვის უსვამენ. ზაფხული ის სეზონია, როდესაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ ააწყოთ ლამაზი ლუქი და გამოიყურებოდეთ მიმზიდველად. რა ჩაიცვან ზაფხულში ქართველმა ქალებმა და რა გაითვალისწინონ საზღვაო სეზონისთვის, ექსკლუზიურად „დრონი.ჯი“-ს მკითხველს რჩევებს ქართველი დიზაინერები აძლევენ:

დიზაინერი ნინა ზარქუა: „ქალური სტილია უფრო მოდაში. დემნა გვასალიამ ყვავილებიანი სამოსი ძალიან ტენდენციური გახადა, მოდაშია ასევე პრინტები. ზაფხულში კომფორტულია თუ სარაფნებს ატარებთ. სიფერადეა ტრენდული, თუმცა არ უნდა იყოს ძალიან გადაჭარბებული“. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ნინა, როგორც როგორც ფეხსაცმლის დიზაინერი, უპირატესობას სანდლებზე აკეთებს. რუჯის მოყვარულ ქალბატონებს კი ყოფილი მოდელი მაღალწელიან და მთლიან საცურაო კოსტუმებს ურჩევს.

ნინას რჩევა: „ივარჯიშეთ, ზაფხულისთვის პირველ რიგში განმსაზღვრელი ტანია. მოდურად ჩაცმა კარგია, თუმცა მთავარია გიხდებოდეთ. ნაკლები მიირთვით, იყავით ფორმაში, გაირუჯეთ ზომიერად და შემდეგ უკვე ყველაფერი მოგიხდებათ“.



დიზაინერი გვანცა მაჭარაშვილი: „წლევანდელი ზაფხულის ტენდენციაა თავისუფალი სილუეტი, ფერადოვანი და მინიმალისტური. ტრენდულია სარაფნები, რუშები, ყვავილები, ზოლაინი კოსტუმები. ფერები წითელი, ცისფერი, ყვითელი“.

MACH & MACH-ის დიზაინერი საზღვაო სეზონისთვის ქალბატონებს ურჩევს, რომ სადა, მინიმალისტურ, დახურულ საცურაო კოსტუმებზე შეაჩერონ ყურადღება, რომლებიც დატვირთული იქნება დეტალებით, ჭრილებით, ზურგზე იქნება აქცენტი.

„რაც შეეხება ფეხსაცმელს, ქუსლები კვლავ აქტუალურია. ტრენდულია ასევე ბოტასებიც. მოდაშია პატარა ზომის ჩანთები, ასევე ბანანის სტილის სპორტული წარწერებიანი ჩანთები. გვანცა თვლის, რომ ქართველი გოგონები ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანები არიან: „სხვა ქალაქებს თუ შევადარებ, ძალიან კარად ერკვევიან ტრენდებში. აქვთ სტილის შეგრძნება, იციან კოლექციები და მგონია რომ ძალიან გემოვნებიანები არიან“.

გვანცას რჩევა: „ქალბატონებს ვურჩევდი, რომ გაითვალისწინონ ტენდენციები, მაგრამ არაა აუცილებელი რომ ტრენდულად ეცვათ თუ ეს არაა მათი. უნდა იპოვონ საკუთარი სტილი. ძალიან ბევრი რამეა მოდაში და ადამიანი საკუთარ სტილს ადვილად იპოვის“.

დიზაინერი მარიამ გვასალია: „მეტალის და ოქროსფერი ტონებია მოდაში, ზაფხულისთვის აქტუალურია ჰაეროვანი, ყვავილის პრონტებით კაბები, დახვეწილი და ქალური სტილია ტენდენციური. რაც შეეხება ფერებს, ტრენდულია მალინისფერი, წითელი, სტაფილოსფერი და ამავდროულად პასტელური ფერებიც აქტუალურია. ვისაც რა უხდება ისაა მთავარი“.

რაც შეეხება საზღვაო სეზონს, მარიამი ქალბატონებს მაღალწელიან ტრუსებსა და მთლიან, სპორტული სტილის ზურგ ამოღებულ კოსტუმებს ურჩევს. „თუმცა ეს ძალიან პრეტენზიული ფორმაა, სილუეტს ხაზს უსვამს“.

დიზაინერი ქალბატონებს ქოშის ტიპის ფეხსაცმელს ურჩევს. მისი თქმით ღია ფეხსაცმელებია მოდაში. რაც შეეხება ქუსლებს, თვლის, რომ მაღალქუსლიანი ყოველთვის მოდურია. „ასევე ტრენდულია ბოტასები, თუმცა საზაფხულოდ არაპრაქტიკულია“.

მარიამის რჩევა: „სიმარტივე, პატარა დეტალზე აქცენტირება უფრო საინტერესო იქნება. მოდაშია გრძელი სარაფნები. ჩვენთან ყველას უფრო მოკლე აცვია, თუმცა უფრო საინტერესოა როდესაც გრძელია კაბა. არა გამომწვევი და ქალურია. ვურჩევ, რომ უფრო ნაზები, ჰაეროვნები და მიმზიდველები იყვნენ“.

დიზაინერი ლაშა ჯოხაძე: „ხელით ნაკეთი კოსტუმებია მოდაში. პრინტებში ბუნების თემატიკაა აქტუალური, ყვავილები, ფრინვეები და ა.შ. წლევანდელ ზაფხულში ტრენდულია აბრეშუმის, შიფონის ქსოვილები. საზღვაოდ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეების კოსტუმების შემქმნელი დიზაინერი თვლის, რომ საცურაო კოსტუმი სხეულის ფორმებიდან გამომდინარე უნდა ავარჩიოთ. „მთლიანი კოსტუმები მომწონს მე, ლამაზი ჭრილებით“. ფუმფულა ქალბატონებს ლაშა ურჩევს რომ პარეოები, შიფონის მოსაცმელები იხმარონ და არჩევანი უფრო ბიკინის ტიპის საცურაო კოსტუმზე გააკეთონ.

ლაშას რჩევა: „ინდივიდულილიზმია მნიშვნელოვანი. ჩიაცვით რაც მოგწონთ და არ იყოთ მიმბაძველები.

იყავით ჰაეროვნები და ფერადები - ეს დიზაინერების რჩევაა. არჩევანი თქვენზეა გაითვალისწინებთ თუ არა მათ, თუმცა ერთზე ყველა თანხმდება, მოდური და ტრენდულია ის, რაც თქვენ გიხდებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100