როგორ უნდა შეხვდეს ახალ წელს ორსული?

როგორ უნდა შეხვდეს ახალ წელს ორსული? ეს კითხვა ბევრს აინტერესებს, ამიტომაც გთავაზობთ რეკომენდაციებს და რჩევებს:

ახალი წელი განსაკუთრებულ სიხარულთან არის დაკავშირებული, ოჯახში მიმდინარეობს მზადება, ამაღლებულია ოჯახის წევრთა გუნება-განწყობა და ა.შ. აუცილებელია, რომ ორსულმა ასეთ სიტუაციაში გარკვეული ზომიერება შეინარჩუნოს.

ის დადებითი ემოციები, რაც ახალ წელს ახლავს, სასარგებლოა როგორც ორსულისთვის, ასევე ნაყოფისთვის, თუმცა, ორსულმა ყველანაირად თავი უნდა შეიკავოს ფიზიკური გადატვირთვისგან და დაკმაყოფილდეს მხოლოდ უმნიშვნელო საქმეებით.

მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებმა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ორსულს, განსაკუთრებით ახალი წლის წინა დღეს სამზარეულოში. თუ ოჯახში მხოლოდ ორსულია, კარგი იქნება თუ სთხოვთ დახმარებას დედას ან ნებისმიერ ახლობელ ქალს, რომელიც გაამზადებს საახალწლო სუფრას.

ახალი წელი დაკავშირებულია საყიდლებთან. ხშირად ორსულებს უწევთ გაუთავებელი სიარული მაღაზიებში და ბაზრობებზე. უნდა გახსოვდეთ, რომ ამით შეიძლება გამოიწვიოთ ორგანიზმის გადაღლა, რაც უარყოფითად აისახება ნაყოფზეც. გარდა ამისა, ზამთარი დაკავშირებულია ვირუსული გადამდები დაავადებების რაოდენობის ზრდასთან, ამიტომ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან ორსულმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი.

თავად ახალი წლის შეხვედრაც ორსულისთვის უნდა იყოს მაქსიმალურდ სასიამოვნო, არ არის რეკომენდირებული სახლში ხალხმრავლობა და დილამდე ქეიფი. თუ სტუმრები მოგივიდათ, საახალწლო სუფრასთან დიდი ხანი არ შემორჩეთ, მოერიდეთ თამბაქოს კვამლს. რამოდენიმე ხნის შემდეგ ბოდიში მოუხადეთ სტუმრებს და დაწექით დასასვენებლად. გვერწმუნეთ, ამ ნაბიჯს ყველა გაგიგებთ და არანაირი უხერხულობის შეგრძნება არ იქნება.

რაც შეეხება კვებას, ეცადეთ არ შეცვალოთ ჩვეული რაციონი, თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისგან, ნუ მიიღებთ ალკოჰოლურ სასმელს, არ არის რეკომენდირებული კოფეინის შემცველი არანაირი სასმელი, მოერიდეთ გაზიან სასმელებსაც.

თუ ახალ წელს რესტორანში ხვდებით: მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება და როგორც კი შეიგრძნობთ დაღლას, წამოდით სახლში. რეკომენდირებულია რესტორნის არჩევისას ყურადღება მიაქციოთ რესტორნის სივრცეს - ის მაქსიმალურად დიდი უნდა იყოს, უკეთესია თუ შეუკვეთავთ ცალკე ოთახს (კუპეს), ამით მრავალი გარეშე უარყოფითი ფაქტორის ზემოქმედებისგან დაიცავთ თავს.

თუ ახალ წელს სტუმრად, სხვის სახლში ხვდებით: ამ შემთხვევაშიც რეკომენდაციები იგივეა - თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისგან და სასმელებისგან, გაერთეთ ზომიერად და არ მისცეთ თავს გადატვირთვის საშუალება. ეცადეთ თავი აარიდოთ თამბაქოს კვამლის ზემოქმედებას, დაღლისთანავე მიმართეთ ოჯახის დიასახლისს, რომელიც აუცილებლად შეგიქმნით განმარტოებისა და დასვენების პირობებს. წინასწარ შეთანხმდით მეუღლესთან, რომ სტუმრად ყოფნა არ გაგრძელდეს დიდი ხანი.

თუ გსურთ, რომ ახალ წელს ბუნებაში შეხვდეთ - აგარაკზე ან სადმე ქალაქ გარეთ - ეს ყველაზე არასასურველი ვარიანტია. უკეთესი იქნება თუ ამჟამად უარს იტყვით ახალი წლის ასეთ შეხვედრაზე.

და მაინც, თუ განსაკუთრებულად გსიამოვნებთ განიჭებთ წინასაახალწლო ფუსფუსი, ოჯახში საქმეების კეთება, მაღაზიებში სიარული - ასეთ შემთხვევაში ყოველი აქტივობების შემდეგ მოაწყვეთ განტვირთვის საათი - წამოწექით და დაისვენეთ.

კომენტარი