სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა ფერაძე ომშიც და უკანასკნელ გზაზეც პირმშომ - დემეტრემ გააცილა

მის განკარგულებაში მყოფი ბიჭები ორჯერ უვნებლად გამოიყვანა და ორჯერვე შებრუნდა უკან - სხვების გამოსაყვანად. მხარში იყო დაჭრილი, მაგრამ არად ჩააგდო. ბიჭებმა უთხრეს - სახლში ცოლ-შვილი გელოდება, სადღა შერბიხარო და ამაზე უპასუხა - ვინც იქედან უნდა გამოვიყვანო, იმათ არც ცოლი ჰყავთ და არც შვილებიო...

ცხინვალში შებრუნების შემდეგ ერთი ტყვია ხელში მოხვდა, მაგრამ უკან არ დაუხევია. სნაიპერი მუშაობდა და 7 ქართველი მოკლა. ზაზამ აღმოაჩინა სნაიპერის ადგილსამყოფელი და მისკენ შეუმჩნევლად წავიდა. ბიჭები ამბობენ, სნაიპერი ვერ ხედავდაო, მაგრამ მისგან მოშორებით მყოფ ქართველს როცა ესროლა, ზაზა შებრუნდა და მასთან მივიდა - იქნებ ვუშველოო. სწორედ მაშინ გამოასალმა სიცოცხლეს სნაიპერმა...

ზაზა 1973 წლის 16 თებერვალს, შორაპანში დაიბადა. აფხაზეთში იბრძოდა, მერე სამხედრო საქმის სიყვარულმა თავისი გაიტანა და ერაყშიც წავიდა. იქედან დაბრუნებულმა ლამაზი ოჯახიც შექმნა: ნათიასა და ზაზას სიყვარული ქორწინებით გამტკიცდა და ერთი წლის თავზე დემეტრე, ზაზას გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ კი ანასტასია გაჩნდა.

ნათია, ზაზა ფერაძის მეუღლე: „2 წელი ისე ვიცხოვრეთ, არც კი გვიკამათია. უდიდესი სიყვარული შეეძლო, ამ ხნის განმავლობაში გათენება მიხაროდა.

როცა დემეტრე დაიბადა და შეიყვანეს, რომ შვილი ენახა, მივიდა და დახედა. ბავშვი შებრუნებული იყო. დაუძახა და სასწაული მოხდა: დემეტრემ თავი მოაბრუნა, დააკვირდა და გაუღიმა. მანამდეც, სანამ ორსულად ვიყავი, ყოველ დილით მუცელზე ხელს გადამისვამდა და ბოხი ხმა უნაზდებოდა, ასე ეუბნებოდა: „დილა მშვიდობისა, მამა!“ და ბავშვიც მაშინვე შეინძრეოდა ხოლმე...

2 აგვისტოს დასავლეთში წავედი. 2 დღის ჩასული ვიყავი და მესამე დღეს დამირეკა, ბავშვი მენატრება და უნდა ჩამოგიყვანოთო. ვერ ჩამოვედით, დემეტრე წლისა და ოთხი თვის იყო, მე - 8 თვის ორსული და თავი შევიკავეთ საბოლოოდ. ახლა ამას საშინლად ვნანობ...“

ზაზას ცხედარი მოგვიანებით, ოქტომბერში გადმოასვენეს, მანამდე სახლში იმედი ჰქონდათ, რომ დაბრუნდებოდა. გმირი მამა უკანასკნელ გზაზე პირმშომ - დემეტრე ფერაძემ გააცილა და ეს ფოტო სწორედ უფროსი სერჟანტის დაკრძალვის დღესაა გადაღებული...

ზაზა ფერაძე ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერია. დაჯილდოებულია სიკვდილის შემდეგ.

გაზეთ „პრაიმტაიმის“ წერილების ციკლის „გმირები“ მიხედვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100