სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის გენშტაბი აღიარებს, რომ სნაიპერები სახალხო არეულობის დროს დასჭირდებათ

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი იმ სნაიპერების რაოდენობის გაზარდას გეგმავს, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ. სპეცდანიშნულების ჯგუფი არმიის ყველა ბრიგადაში იქნება. გენერალური შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ ეს არის თანამედროვე ომის წარმოების ახალი მეთოდი და რომ რუსეთში არის იმის საშიშროება, რომ ,,არაბული სცენარით“ არეულობა დაიწყოს. მისი თქმით, რევოლუციამ ტუნისში, ეგვიპტესა და ლიბიაში აჩვენა, რომ რუსეთის არმია ქვეყანაში პოლიტიკური არეულობის შემთხვევაში მზად უნდა იყოს. ამის შესახებ იტყობინება ყოველდღიური გაზეთი РБК daily.

გამოცემა თავდაცვის სამინისტროს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თითოეულ ბრიგადაში სნაიპერული ოცეული იქნება. სნაიპერულ შაშხანებს უცხოეთში შეიძენენ, კორპუსს კი ადგილობრივი პროფესიონალი ოფიცერ-კონტრაქტორები შექმნიან, რომლებიც სამსახურში 2012 წლის პირველ ნახევარში გამოვლენ.

ექსპერტები თავდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივას დადებითად აფასებენ.

,,ჩეჩნეთის პირველმა და მეორე კამპანიამ აჩვენა სნაიპერების ჯგუფის მნიშვნელობა საბრძოლო ქვედანაყოფებში,“-განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სახალხო საბჭოს წევრმა იგორ კორიტჩენკომ.

ექსპერტის თქმით, საბჭოთა კავშირის დროს სნაიპერების მოსამზადებელი სკოლა ძალიან ძლიერი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში დასუსტდა.

,,სნაიპერი- ეს ,,საცალო წესით დამზადებული საქონელია“, რომელსაც რამდენიმეწლიანი მომზადება სჭირდება, ამიტომაც ისინი ერთმნიშვნელოვნად უნდა იყვნენ კონტრაქტორები,“-განაცხადა კორიტჩენკომ.

„როგორც ცნობილია, სნაიპერების ყველაზე დიდი რაოდენობა ჩრდილოეთ კორეის ჯარშია- იქ ათეულობით სნაიპერული ბრიგადაა“, – აღნიშნა სამხედრო პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა ანატოლი ციგანოკმა. მისი აზრით, რუსეთმა კარგად უნდა შეისწავლოს სნაიპერების მომზადების სპეციფიკა, რადგან ახლა დღის წესრიგში დადგება ისეთი პრობლემები, როგორ უნდა მომზადდეს, საიდან უნდა აიყვანონ და როგორ უნდა ავარჯიშონ სნაიპერები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100