სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატკო მლადიჩი ტრიბუნალზე

რატკო მლადიჩი უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მეთაურის ადვოკატმა აცნობა. მას თან მთელი ჩემოდანი წამლები აქვს. მისი ასეთ მდგომარეობაში გაგზავნა ჰააგაში, არ შეიძლება – განაცხადა ადვოკატმა. რატკო მლადიჩი შეუძლოდ მას შემდეგ შეიქმნა, რაც სპეციალური სასამართლო, მის ექსტრადაციასთან დაკავშირებით დაინიშნა.

მლადიჩს, 90–იანებში, ბოსნიის სამოქალაქო ომის დროს, სამხედრო დანაშაულებში ედება ბრალი. სერბული გაზეთები იტყობინებიან, რომ საიდუმლო ოპერაციიის დროს, მლადიჩი კი არა, სულ სხვა ადამიანი დააკავეს, რომელიც ძალიან ჰგავს ყოფილ მეთაურს. ამჟამად დნმ–ის ანალიზს ელოდებიან, რომელიც სამ დღეში გახდება ცნობილი.

თუმცა, მლადიჩის ოჯახის მეგობრის თქმით, ნამდვილად ექსგენერალია დაკავებული. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, მლადიჩი, უკანასკნელ წლებში, ბელგრადის მახლობლად მდებარე სოფელ ლაზარევოში ცხოვრობდა და კომოდიჩის გვარით იმალებოდა. მას საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე, 1992–95 წლებში, ბოსნიის ომის დროს წარმოებულ გენოციდში ედება ბრალი.

დაკავებისას, ყოფილი გენერალი შეიარაღებული იყო, თუმცა როდესაც მასთან სამხედროები მივიდნენ, წინააღმდეგობა არ გაუწევია. საერთაშორისო ტრიბუნალი, სავარაუდოდ, მას მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ დახვრეტაში დასდებს ბრალს. ჰააგის ტრიბუნალი გენერალს ელოდება.

ის იმ მსხვილ ფიგურათაგანი იყო, რომელზეც წლების განმავლობაში ნადირობდნენ სპეცსამსახურები. სოფელში უბრალოდ მცხოვრები გვარშეცვლილი მლადიჩის მსგავსებას არმიის ოდიოზურ მეთაურთან გარშემო ბევრი ამჩნევდა, მაგრამ დღევანდლამდე არავინ იცოდა, რომ ის ნამდვილად გენერალი იყო. თუმცა, სერბული პრესა იუწყება, რომ მისი ძებნა საჭირო არც იყო, ხელისუფლებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა თუ სპეცსამსახურებმა იცოდნენ სად იმყოფებოდა სერბი გენერალი, უბრალოდ, დასაკავებლად საჭირო მომენტს ეძებდნენ.

ჰააგის ტრიბუნალს სადავო ბევრი აქვს მლადიჩთან. 90–იან წლებში, მისი მეთაურობით, ათეულობით თავდასხმა მოხდა დასახლებულ პუნქტებზე. ყველაზე სერიოზული სარაევოს ბლოკადა იყო, რომლის დროსაც ათასობით ადამიანი დაიღუპა. მლადიჩის სნაიპერები ბლოკადის დროს ქალაქს ცხრილავდნენ. ამ ქმედებებმა გენოციდის კვალიფიკაცია მიიღო.

თავად მლადიჩი გავრცელებულ ინფორმაციებს მის წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას უწოდებს. „სიენენის ჟურნალისტებმა მე გადამიღეს, როგორ გამომყავდა საკუთარი ხელებით მუსულმანი ბავშვი ქალაქიდან, მაგრამ ეს კადრები ნაჩვენები არ იქნა. რატომ?“ – კითხულობს გენერალი. მისი აზრით, დასავლურმა მედიასაშუალებებმა სპეციალურად შექმნეს მისგან და სერბებისგან მონსტრის სახე.

მლადიჩი, როგორც ჩანს, ყველაფრისთვის მზად იყო. მან ადრე განაცხადა, რომ მზადააა წარდგეს სასამართლოს წინაშე, მხოლოდ იმ გენერლებთან ერთად, რომლებიც ვიეტნამს და იუგოსლავიას ბომბავდნენ. ახლა რატკო მლადიჩი უკვე სასამართლო დარბაზშია და მოუწევს იმ ტრიბუნალის წინაშე წარდგომა, რომელიც მასზე წლების განმავლობაში ნადირობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100