სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებაზე BBC-ი სტატიას აქვეყნებს

ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით BBC-ის რუსული სამსახური ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ძველი ხელისუფლების დროს მთავრობაში როტაციას თითქოსდა შეჩვეულ საქართველოს, ახალ მთავრობაში მომხდარ პირველსავე გადაყენებაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა.

"ხელისუფლების წარმომადგენლები ერთიმეორის მიყოლებით ირწმუნებიან, რომ პრემიერის გადაწყვეტილება ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გარკვეულ განხეთქილებად არ შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, თავდაცვის მინისტრისა და გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენლისთვის ვიცე-პრემიერის უფლებამოსილების ჩამოშორება უკვე გახდა სპეკულაციებისა და კამათის საგანი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე კოალიციაში შესაძლო კრიზისთან დაკავშირებით. სპეკულაციებმა ახალი ძალით იფეთქა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ალასანიამ დაუშვა "პატარა შეცდომა", როდესაც კოალიციის ინფორმირების გარეშე, რომლის შემადგენლობაშიც ალასანიას პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებიც" შედის, ვიწრო წრეში პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის შესაძლო წამოყენების განხილვა დაიწყო. ივანიშვილის განმარტებით, ალასანიას ასეთმა ქმედებამ რეგიონებში არასასურველი ჭორების გავრცელება გამოიწვია, რომლის თანახმადაც, უკვე გადაწყვეტილია, ვინ გახდევა საქართველოს მომავალი პრეზიდენტი", - წერს სტატიის ავტორი.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, თუმცა ვინ იქნება "ქართული ოცნების" კანდიდატი, უცნობია.

ამავდროულად, ნინა ახმეტელი ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს იშველიებს, რომელმაც აღნიშნა, რომ უთანხმოების მიუხედავად, ალასანიასთან უწინდელ ურთიერთობას ინარჩუნებს და ვიცე-პრემიერის პოსტიდან გათავისუფლება მას საშუალებას მისცემს, თავდაცვის სამინისტროს მეტი ყურადღება დაუთმოს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ივანიშვილის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის რეფორმაზე მეტი კონცენტრირების მიზეზი დაასახელა ირაკლი ალასანიამ.

"კოალიციის წარმომადგენლები არ მალავენ უთანხმოებას ქვეყნის მმართველობის მოდელებთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, კოალიცია ჯერ კიდევ წინასაარჩევო კამპანიისას მკაფიო მხარდაჭერას უცხადებდა საპარლამენტო რესპუბლიკას, თუმცა ალასანიას პარტიას ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვს. ამის მიუხედავად, იგი აცხადებს, რომ პოზიციები შეჯერდება და კოალიცია ამ საკითხში ერთიან მიდგომას შეიმუშავებს", - ნათქვამია სტატიაში.


პუბლიკაციაში ქვესათაურით – "ალასანიას "დასჯა", ავტორი ოპოზიციის მოსაზრებებზე წერს. მისი თქმით, ოპონენტები პრემიერის გადაწყვეტილებას ალასანიას დასჯად და ივანიშვილის მმართველობის ავტორიტარული სტილის დემონსტრირებად მიიჩნევენ. ამ საკითხზე სტატიაში მოყვანილია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი გაბაშვილის კომენტარი.
როგორც სტატიის ავტორი წერს, პრემიერის გადაწყვეტილებაზე ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები აქვთ ექსპერტთა წრეებშიც. ჟურნალისტის თქმით, მაშინ, როდესაც ექსპერტთა ერთი ნაწილი ალასანიას "შეცდომაზე" საუბრობს, გია ნოდია მიიჩნევს, რომ ალასანიასთვის უფლებამოსილების შემცირებით პრემიერ-მინისტრმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა.

ამავდროულად, როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ივანიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის კურსს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ ეჭვქვეშ არ აყენებს.

"თუმცა, ივანიშვილის ღია განმარტებებმა ალასანიას გათავისუფლებაზე, ექსპერტების ნაწილს გაუჩინა ეჭვი, რომ "პროდასავლელი" ალასანია წყრომის ობიექტი საქართველოს საგარეო კურსზე საკუთარი შეხედულებების გამო გახდა. თუმცა, ამგვარი მოსაზრებები თითიდან გამოწოვილად ეჩვენება პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს",- ნათქვამია სტატიაში.

ავტორი ასევე წერს, რომ ივანიშვილი კრიტიკის ობიექტი რადიო "თავისუფლების" სომხურ ბიუროსთან გაკეთებული განცხადების გამოც გახდა, რომელშიც აღნიშნა, რომ სომხეთი, რომელსაც როგორც რუსეთთან, ისე ნატოს წევრ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა აქვს, საქარველოსთვის კარგი მაგალითია.

"ასეთმა "თეთრმა შურმა" მეზობელი სახელმწიფოს მიმართ პოლიტოლოგებს გაუჩინა მოსაზრება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ქვეყნის მისწრაფება ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი უცვლელია", - აღნიშნულია ნინა ახმეტელის სტატიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100