სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დეპუტატი ცაგარეიშვილი 40 ლარიან სარიტუალო ვაუჩერებს ითხოვს

სურსათზე ფასების მატებასთან დაკავშირებით, მთავრობა და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,ხელების ჩამოშვებას’’ არ აპირებენ და მარტში 30 ლარიან სასურსათო ვაუჩერებს დაარიგებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ადმინისტრაციულ ხარჯებს შეიმცირებენ, ანუ ვაუჩერებისთვის თანხებს "ქამრების შემოჭერით" გამოყოფენ. თუმცა, რეალურად ქვეყანაში ,,ქამრებს’’ მოსახლეობა იჭერს თუ აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს კიდევ სხვა საკითხია. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა ვაუჩერების დარიგება მნიშვნელოვან ინიციატივად შეაფასა და განაცხადა, რომ ვაუჩერების დარიგება, ერთის მხრივ, ინფლაციის წინააღმდეგ წარმოებული ღონისძიებაა და, მეორეს მხრივ, მოსახლეობას, სურსათზე ფასების მომატების გამო, ტვირთი შეუმსუბუქდება. ,,30 ლარიანი ვაუჩერი ადამიანებს იმ პრობლემებს შეუმსუბუქებს, რომელიც ინფლაციითაა გამოწვეული, კერძოდ, სურსათზე ფასების მატებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ვაუჩერების დარიგებისას მოსახლეობაში სოლიდარობას ექნება ადგილი. ბევრი ადამიანი, ვინც ვაუჩერს მიიღებს, საჩუქრად იმ გაჭირვებულ მოსახლეობას გადასცემს, ვისაც არ აქვს საშუალება, გაზრდილ ფასებს გაუმკლავდეს. ასე მოხდა 20 ლარიანი ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგებისას’’, - აღნიშნა დეპუტატმა. თუმცა, აქ ჩნდება კითხვა: მოქალაქემ მთავრობის "საჩუქარი" თუ მაინც მას უნდა გადასცეს, ვისაც უფრო სჭირდება, არ სჯობს ეს ვაუჩერები პირდაპირ გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგდეს? ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ის არგუმენტი აქვს, რომ ამით მოსახლეობაში სოლიდარობის გრძნობა გაღვივდება. თავისთავად, ეს რამდენად მოხდება, არავინ იცის, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ხელისუფლების ფუნქცია არ არის. იმას კი, რაც ხელისუფლების მთავარი ფუნქციაა და რასაც ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების უზრუნველყოფა ჰქვია, ექსპერტები საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ. მმართველი გუნდის წევრებისგან განსხვავებით, ექსპერტები პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ და მიიჩნევენ, რომ მოსახლეობისთვის ვაუჩერების დარიგება ინფლაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. მათი განმარტებით, ვაუჩერების ყველა ოჯახისთვის დარიგება არასწორია და ბიუჯეტი უნდა ეხმარებოდეს მხოლოდ მას, ვისაც ეს სჭირდება. ჩაატარეთ ექსპერიმენტი, რეალურად რა შეიძლება 30 ლარით იყიდოთ. რჩევა ჩვენგან: თუ ხორციანი ბორშის გაკეთებას მოისურვებთ, მაშინ მწვანილის შესაძენად დამატებითი თანხა იქონიეთ. თუ ხილის ასორტის ყიდვას დააპირებთ, რამდენიმე სახეობის ხილს იყიდით, თუმცა, მოკრძალებულად თითო კილოგრამს. მაგრამ უმჯობესია 30 ლარიანი ვაუჩერი შვილს გადასცეთ და საღეჭი რეზინის ,,ლოვე’’-ს ყიდვა დაავალოთ. მთელი წელი ბედნიერი ივლის, რადგან 300 ცალი საღეჭი რეზინი მოუვა და იფიქრებს ,,გაძვირებული ცხოვრების მიუხედავად, რა მშვენიერია ცხოვრება’’. ჩვენთან საუბრისას, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა ვაუჩერების დარიგება მოსახლეობის ,,მოსყიდვად’’ შეაფასა და ხელისუფლებას ურჩია, 40 ლარიანი სარიტუალო ვაუჩერებიც დაარიგოს. ,,ყველაფერი გეომეტრიული პროგრესით იზრდება. სჯობს, სარიტუალო 40 ლარიანი ვაუჩერიც დაარიგონ, გარდაცვლილი ხალხის დაკრძალვისთვის. ეს არავითარი ვაუჩერი არ არის, ეს ქვეყნის ტალონებზე გადაყვანაა. მახსოვს, ანდროპოვის, გორბაჩოვის, ჩერნენკოს დროს, პურის, ასანთის რიგში ვიდექით და მაშინაც ზუსტად იგივე ხდებოდა, რასაც დღეს აპირებენ. სააკაშვილი მართლაც ჩერნენკოს დაემსგავსა. საქართველო საბჭოთა კავშირს უნდა დაამსგავსოს, ქვეყანას, რომელსაც ეკონომიკური ბაზისი ფეხქვეშ ჰქონდა გამოცლილი. ეს არის პირდაპირი გზით მოქალაქეების მოსყიდვა. იაფფასიანი პიარკამპანიაა, რომელიც სახელმწიფოს 50 მლნ ლარი უჯდება. ვაუჩერებით კი ბევრს ვერაფერს იყიდით. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს და მთავრობამ უმძიმესი დღეები გადალახოს. გაზაფხული გავა, მაგრამ ზამთარი მოვა, მერე რას ვაპირებთ?’’ - განაცხადა ცაგარეიშვილმა. ქვეყანაში ცხოვრება სულ უფრო რთულდება და, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება, ცხოვრების გაუმჯობესების საბაბით, საგარეო ვალს ყოველწლიურად ზრდის, ეს ადამიანების ცხოვრებას მაინც არ ეტყობა და სწორედ ამიტომ, საგარეო ვალის ზრდა ექსპერტების მწვავე კრიტიკის საგანი ხდება. ვის უნდა ვენდოთ, ექსპერტებს თუ ხელისუფლებას? ზურაბ მელიქიშვილი განმარტავს, რომ "ნებისმიერი ექსპერტი, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი არ არის, საგარეო ვალთან დაკავშირებით იტყვის, რომ საგარეო ვალი იანგარიშება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში პროცენტულად და შესაბამისად, საგანგაშო არაფერია, რადგან საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 23 მილიარდი ლარია. ხოლო საშინაო და საგარეო ვალი ამის 46%." ზოგიერთი ადამიანი, შეიძლება ამ ,,ეკონომიკურ განმარტებებში’’ ვერ ერკვევა, მაგრამ როცა იგებს, რომ სახელმწიფოს საგარეო ვალი 2011 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 4 004 460 000 აშშ დოლარია, გაოცებული რჩება. სწორედ ამიტომ, ექსპერტების მოსაზრებით, საცალფეხო ხიდებისთვის 80 მლნ ლარის დახარჯვას, ვაუჩერების დარიგებას, «რომელიც ერთ დღეზეა გათვლილი” და 50 მლნ ლარის ,,გაფლანგვას’’ სჯობს, მთავრობამ რადიკალური რეფორმები სოფლის მეურნეობაში გაატაროს, რათა საქართველო იმპორტირებულ პროდუქტზე არ იყოს დამოკიდებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100