სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„Опять двойка“ - ანუ ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე

„ჩვენი სურვილი იყო არა ვინმეს დამარცხება, არამედ საქართველოს გამარჯვება“, - ბიძინა ივანიშვილმა (დაე, იყოს იგი მუდამ ჯანმრთელი, უვნები და საღი) საპარლამენტო უმცირესობის, ანუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას თავიდანვე ნათქვამ ამ ლამაზ ფრაზას თავისი გამოსვლის ბოლოსკენ და, განსაკუთრებით, კითხვა-პასუხის დროს, სულ ბდღვირი ადინა და გააცამტვერა.

არცერთი კონკრეტული თარიღი, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეტალს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შეხვედრაზე არ დაუსახელებია, სამაგიეროდ, ძალიან ბევრი ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პიარ-ტექნოლოგიებზე, რის დამსახურებადაც მიიჩნია საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგები, გააგრძელეა ქვეყნის დისკრედიტაციის წინასაარჩევნო პერიოდიდან აღებული კურსი და „აღმოაჩინა“, რომ 2003 წლის ჯანდაცვის სიტემა სჯობდა დღევანდელს, ხოლო 90-იან წლებში შს მინისტრის მიერ 8 ადამიანის დახვრეტა მხოლოდ „ცალკეული დეტალები“ იყო...

ბიძინა ივანიშვილმა ასევე გააგრძელა წარსულის აჩრდილებთან ბრძოლის სტრატეგია და შენიშვნაც მიიღო. გოკა გაბაშვილმა მდიდარი გამოცდილების ბიზნესმენს, მაგრამ გამოუცდელ პოლიტიკოსს შეახსენა, რომ თუკი წინასაარჩევნოდ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება საარჩევნო რიტორიკა იყო, ახლა, როცა ბატონი მილაირდერი უკვე ხელისუფლებაშია, ამას მუქარა ჰქვია, მანამდე კი პარლამენტის უხუცესმა წევრმა გოგი ოჩიაურმა ბიძინა ივანიშვილი ლამის იყო, კუთხეში დააყენა და პატარა ბავშვივით დატუქსა: „რატომ ლაპარაკობთ წინასაარჩევნო პათოსით და რატომ ეწევით ქვეყნის დისკრედიტაციას? რატომ აძლევთ ამის უფლებას თქვენს თავს?“.

მხოლოდ უმცირესობის რემარკებზე საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, მოდით, ჩამოვწეროთ, რაზე ისაუბრა პრემიერობის კანდიდატმა და რომელ დაპირებას მოჰფინა ნათელი, რომელი კი, პირიქით, კიდევ უფრო გააბუნდოვანა:

მან განაცხადა, რომ პოლიტიკა, შესაძლოა, წელიწადნახევარში დატოვოს. მისი თქმით, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ისეთ გუნდს დატოვებს, რომელიც ყველა დაპირებას შეასრულებს. "ამ დანაპირებზე მე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. ვაპირებ სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთ აქტიურ წევრად დარჩენას და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გავაკონტროლებ ჩემს მიერ დატოვებულ ხელისუფლებას, რათა მივიღოთ ევროპული ტიპის საზოგადოება. ეს შესაძლებლად მიმაჩნია ორ ათეულ წელიწადში."

აქ ყველაფერი გასაგებია: თარიღი ჯერ წელიწადნახევარია, მერე კი ოცი წელი. შემდეგი საკითხი გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების დაწევის ვადას შეეხებოდა - ესეც „ოცნებაში“ შემავალი წინასაარჩევნო დაპირებაა, თანაც ისეთი, რომელიც, ივანიშვილის ერთ-ერთ საყვარელ გამოთქმას თუ დავუჯერებთ, „მყისიერად“ უნდა მომხდარიყო. ვნახოთ, რეალურად რა არის ეს „მყისიერად“:

"უკვე გვაქვს ციფრები, რა ფასად ვყიდულობთ გაზს, რამდენი გვეკუთვნის უფასოდ, როგორია გაზის კომერციული ფასი, რომელსაც აზერბაიჯანისგან ვყიდულობთ, საშუალო ფასი დისტრიბუციამდე დაახლოებით 143-153 დოლარია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ არიან კომპანიები, რომლებიც ფასს ხელოვნურად ზრდიან. მოგვიანებით გაიგებთ ამას. ასეთივე წარმოდგენა გვაქვს ელექტროენერგიაზე, რომ ხშირად ტარიფები ხელისუფლების წევრების კომპანიების ხელოვნური ჩართულობით არის გაზრდილი. ამის საფუძველზე არსებობს რეზერვი, რომ ტარიფები დაიწიოს. მომავალში ამისთვის საჭირო იქნება მართვის ოპტიმიზაცია. მომავალშიც უნდა მოვახერხოთ, რომ ჰესების მეპატრონე ქვეყნისთვის ელექტროენერგია იყოს უფრო იაფი და არ იდგეს ევროპის განვითარებული ქვეყნების ფასებთან ახლოს. იმ კომპანიების ჩამოშორებით, რომლებიც ფასების შექმნაში მონაწილეობენ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ტარიფების დაწევა. რა რაოდენობით, ამაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ კლების ტენდენცია მომავალშიც სწორი ეკონომიკური გათვლებით შესაძლებელი იქნება". - როგორც ვხედავთ, „მყისიერი“ გახდა „უახლოეს მომავალში“. იგივე ითქვა პენსიის 220 ლარამდე გაზრდაზეც: რამდენიმე წელიწადში...

მაგრამ იყო ვადების დასახელებაც. მაგალითად, მილიარდერს მიაჩნია, რომ 3-4 წელიწადში მოსახლეობის უმრავლესობა დასაქმებული იქნება. ანუ, უკვე იმ დროს, როცა თვითონ აღარ იქნება ხელისუფლებაში და სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებს, რათა მის მიერ დატოვებული ხელისუფლება აკონტროლოს.

„ფეისბუქზე“მ სადაც პრემიერობის კანდიდატის გამოსვლისა და მისი კითხვა-პასუხის განხილვა თითქმის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა, დიდი გამოცოცხლება გამოიწვია სხდომის იმ ნაწილმა, რომელმაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. გამოცოცხლების საფუძველი ნამდვილად იყო. შეკითხვის დამსმელთაგან ფეისბუქის იუზერები ყველაზე ხშირად გოგა ხაჩიძის, ირმა ნადირაშვილის, გოგი ოჩიაურის, ნუგზარ წიკლაურის, დავით დარჩიაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ბოლოს, გოკა გაბაშვილის გამოსვლებს იხსენებდნენ.

გოგა ხაჩიძე თან კითხვებს სვამდა, თან სხვებს უსმენდა, თან კი „ფეისბუქში“ მეგობრებს ეხმიანებოდა და ცხელ-ცხელ სტატუსებს პირდაპირ სხდომიდანვე აცხობდა. გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა პრემიერობის კანდიდატისთვის კითხვის დასმისთვის განკუთვნილი დრო ორად გაჰყო: პირველ ნაწილში შეკითხვა დასვა - თქვენი გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, სატყეო სექტორი, შესაძლოა, პირდაპირ პრემიერს დაექვემდებაროს და ეგ ამბავი როგორ იქნებაო და მეორე ნაწილში მრავალათასიანო აუდიტორიის თხოვნა გაახმიანა:
„ჩვენ ვიცით თქვენი იუმორის შესახებ და აქამდე მოვისმინეთ ორი ანეკდოტი: ერთი მიტუაზე და მეორე „შედი, ქალო ბუტკაში“. იქნებ ამ შეხვედრის ბოლოს მესამე ანეკდოტიც დაგვიტოვოთ“. - ამ თხოვნამ ბიძინა ივანიშვილს გაახსენა ხმები გოგა ხაჩიძის მხრიდან სამინისტროს კორიდორში ველოსიპედით სეირნობის შესახებ, რაზეც ხაჩიძემ უპასუხა:

„წავიდეთ ერთად სამინისტროში და იქ ვცადოთ, გამოვა თუ არა კორიდორში ველოსიპედით სეირნობა“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, მანამდე კი ყველასთვის კარგად ცნობილი „რუსთავი2“-ის ჟურნალისტი ირმა ნადირაშვილი ივანიშვილის მართვის სტილით დაინტერესდა და მისი შეკითხვაც ამას ეხებოდა:

„ვრცელდება ხმები, რომ თქვენ აპირებთ, ქვეყანა მართოთ თქვენი სახლიდან და მაინტერესებს, რა ფორმით მოხდება ეს: მინისტრები ივლიან თქვენთან სახლში?“

ბიძინა ივანიშვილი: „ჯერ ერთი, ის სახლი არ არის, რასაც თქვენ გულისხმობთ. ის არის ბიზნეს-ცენტრი. მე ვისარგებლებ პრემიერ-მინისტრის კაბინეტით, მაგრამ ბიზნეს-ცენტრშიც იქნება შეხვედრები... მე იქ არ ვცხოვრობ, ჩემი სახლი არის 50 მეტრში ბიზნეს-ცენტრიდან, შეგიძლიათ მობრძანდეთ და დარწმუნდეთ...“ - მილიარდერის ამ მიპატიჟებას, სავარაუდოდ, ირმა ნადირაშვილი თავაზიანი უარით უპასუხებს...

ემოციებით დატვირთული იყო ნუგზარ წიკლაურის გამოსვლა, რომელიც ივანიშვილის შეფასება უფრო იყო, ვიდრე შეკითხვა, თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო:

„თქვენმა დღევანდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თქვენ პატივს არ სცემთ არა მხოლოდ გარდაქმნებს, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოში ამ წლების განმავლობაში, არამედ თქვენს გამონათქვამებს, დაპირებებს და იმ პროგრამას, რომელიც წარუდგინეთ ქართველ ხალხს. დღეში რამდენჯერმე იცვლება თქვენი პოზიცია. ჯერ ამბობდით, რომ წახვიდოდით ამერიკაში; მერე აღმოჩნდა, რომ ევროპაში. ამბობდით, რომ საპროცენტო განაკვეთი იქნებოდა 1-2-3%, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არაა. როგორ შეიძლება ადამიანმა თქვენნაირი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანს დაუჯეროს?" - მიმართა მან მილიარდერს.

კითხვა-პასუხის განმავლობაში პირდაპირი ეთერის რეჟისორები ხშირად გვიჩვენებდნენ დარბაზში მჯდომი ირაკლი ალასანიას რეაქციებს, მის გამომეტყველებას. უნდა აღინიშნოს, რომ „ფეისბუქის“ ბევრმა ქართველმა მომხმარებელმა მის სახეზე ის ფრაზა ამოიკითხა, რომელიც ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში თავად თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილის შეფასებისას იხმარა...

როცა გიორგი ბარამიძის ჯერი დადგა, მან ბიძინა ივანიშვილს ბევრი რჩევა მისცა, შენიშვნებიც მოაყოლა და ბოლოს გამოთქვა სურვილი, რომ მთელმა საქართველომ ისე იცხოვროს, როგორც ხალხი ჭორვილაში ცხოვრობს, თუმცა, რუსეთის მიმართ პროგრამაში გამოხატულ-დაფიქსირებული მიდგომა მაინც გააკრიტიკა:

"რუსეთთან არსებული კრიზისის დაძლევის სტრატეგია არის თქვენი მიზანი? ეს წერია თქვენს ოფიციალურ პროგრამაში და არა რუსეთის ოკუპაციის მშვიდობიანად დასრულება", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

ბოლოს კი გოკა გაბაშვილი „წამოიმართა“ და ბიძინა ივანიშვილს, როგორც იტყვიან, ხელი მოუთავა. სწორედ გაბაშვილის გამოსვლა იყო ის, რამაც საბოლოოდ დააგვირგვინა შეფასება: „ისევ ორიანი“. უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა უამრავი შეცდომა, ცრუ დაპირება და არაორდინარული მიდგომა აღმოუჩინა ივანიშვილსა და მის გუნდს და ყველა სათითაოდ გაუშიფრა:

„საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ქვეყნის ბიუჯეტს არ იცნობს და ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობის უფასოობას თავისი ჯიბით დააფინანსებს. არსად მინახავს ქვეყანა, სადაც მწყობრი გეგმის მაგივრად, არსებობს დაპირება, რომ რაღაც ფული მაქვს და თუ არ ეყოფა ქვეყნის ბიუჯეტი, ჩემსას დავამატებ და წელიწადნახევარში წავალ. სად წახვალთ? ერთჯერადად ჩადებული ინექციის შედეგად სისტემა რომ არ აეწყობა და ჯანდაცვა თავზე დაგვემხობა, როცა თქვენი ფული ამას არ ეყოფა. ჩვენ თქვენი დაპირება დათვლილი გვაქვს. 700 მილიონია , რასაც ყოველწლიურად ხალხს პირდებით. 700 მილიონი ყოველ წელს პირადად უნდა გაიღოთ, რომ თქვენი დაპირება გახდეს რეალობა“, - თქვა მან და რეიტინგებით „მოტყუებულ“ საერთაშორისო ინსტიტუტებთან დაკავშირებით დაამატა:

„საინტერესოა, თუ პატარა საქართველომ შეძლო მსოფლიო ბანკის "მოტყუება", თქვენმა საყვარელმა დიდმა რუსეთმა რატომ ვერ მოახერხა იგივე?“...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100