სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რევოლუცია“ კვლავ გადაიდო...

ოპოზიციამ „რევოლუცია“ შემოდგომის მიწურულისთვის გადადო. წინასწარ დაანონსებული „დიდი ამბოხი“ არ შედგა. ქართული პოლიტიკის „ანდერგრაუნდი“ ჯერჯერობით კვლავ საკუთარ ნაკვალევს ტკეპნის და პროცესების დაწყების გამოცხადების ეშინია.
ეს ლოგიკურიცაა: ოპოზიციაში კამიკაძე არავინ არის, რომ იდეისთვის საკუთარი თავის საბოლოო პოლიტიკურ მკვლელობაზე წავიდეს და კიდევ ერთხელ დაანახოს საზოგადოებას, თუ საერთაშორისო „თვალს“, რამდენად ურეიტინგო და გამოუვალ მდგომარეობაშია ამჟამად ოპოსპექტრი. ამიტომ ცდილობს თარიღის გადაწევით და რევოლუციური ბრძოლის გადავადებით სიტუაციიდან გამოძვრომას.

რომც არა ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები, ისედაც ცხადია, რომ მთელი ამ პოლიტიკური ძალების რეიტინგი და მათდამი ნდობა ლამის ნულის ნიშნულამდეა დასული. ქართული საზოგადოება კი სრულიად ინდიფერენტულადაა განწყობილი ოდესღაც პოპულარული ქუჩის აქციებისადმი, რომელთა სტრატეგიამ და პოლიტიკური ძალების და ლიდერების მოქმედებებმა ერთი პროცენტითაც არ გაამართლა.

კიდევ ერთხელ რომ გადავხედოთ იმ სპექტრს, რომელსაც ქართული საზოგადოება, ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი უნდა ენდოს, გასაგები გახდება, ზემოთ აღწერილი მდგომარეობის მიზეზები. ქართველები არ ენდობიან იმ სახეებს, ოპოზიცია სხვადასხვა ბრიფინგებსა და ღონისძიებებზე აქტიურად და უშურველად რომ ამზეურებს.

პოლიტიკაში მუდმივი მტრების და მეგობრების არარსებობის პრინციპის შესახებ უკვე დიდი ხანია ყველამ იცის. თუმცა, აშკარაა, რომ ქართულ ოპოზიციას ეს საკითხი ცოტა თავისებურად და გადაჭარბებულად ესმის.

საერთო მიზნებისთვის გაერთიანება გასაგებია და მისაღები, მაგრამ როდესაც ეს ხდება წარსულში კორუფციაში, არაკომპეტენტურობაში, ქვეყნის ღალატში და სხვა მსგავსში დადანაშაულებულ დისკრედიტირებულ სახეებთან, რომელთა კრიტიკაზეც აიგო მთელი მაშინდელი ოპოსპექტრის მოღვაწეობა და რეიტინგი, ამ უკანასკნელის ასეთი მინიმალიზაცია უკვე გასაგები და ლოგიკური ხდება.

ყველას ახსოვს ის ხელჩართული ბრძოლები, რომელიც მაშინდელ ოპოზიციასა და თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილს შორის მიმდინარეობდა. ოპოზიცია მას კორუფციაში, მსხვილი ბიზნესების „დაკრიშვაში“, მილიონების მოპარვასა და საერთოდაც, ქვეყნის ღალატში ადანაშაულებდა. ფრიალებდა სხვადასხვა საბუთები, დოკუმენტები, მოსაზრებები - ოპოლიდერების თეატრალური გამოსვლებით გაფორმებული.
გავიდა დრო, პოლიტიკური სიტუაცია და კონიუნქტურა შეიცვალა და დღეს ოქრუაშვილი `წამებულ რაინდად~ მოგვევლინა, რომელიც პარიზის ცენტრში ცხოვრობს და ქართველი ერის მოწვევას ელოდება, რომ საკუთარი თბილი სავარძელი კვლავ ტრიუმფით ჩაიბაროს.

თუმცა, როგორც ირკვევა, ეს არც ისე იოლია. ოქრუაშვილის რეიტინგი დღეს იმდენად დაცემულია, რომ თავის გარშემომყოფებზე და გამპიარებლებზეც კი, უარყოფითად მოქმედებს და მათ რეიტინგსაც მიათრევს სადღაც, პოლიტიკურ ჯურღმულებში.

ბრალი ოპოზიციას, თორემ თავად ყოფილ თავდაცვის მინისტრს დასაკარგი არც არაფერი აქვს. მოხდება სასწაული და აგორდება თბილისში რევოლუციური ტალღა და ქართული ოპოზიცია აიღებს ხელში ძალაუფლების კვერთხს, ოქრუაშვილს ტახტრევანით ჩამოაბრძანებენ პარიზიდან და არ მოხდება და იქნება მყუდროდ ევროპის კულტურის აკვნის დედაქალაქში, ისეირნებს ელისეს მინდვრებზე და დატკბება საკუთარი აივნიდან ეიფელის კოშკის ხედით.
ასე რომ, ოქრუაშვილს არ აქვს პრობლემა, მაგრამ ქართული ოპოსპექტრის რეიტინგს და შანსებს კი საბოლოოდ უთხრის ძირს მისი პერსონის კვლავ აქტიური აფიშირება „საქართველოს გადამრჩენელთა“ სიაში.

თუმცა, იდიოზური ფიგურები, რომელსაც მსგავსი იმიჯი წარსულში თავად ოპოზიციამ შეუქმნა, მათ რიგებში ოქრუაშვილის გარეშეც საკმაოდ მრავლად არიან. დღეს ოპოზიციას უკვირს საკუთარი რეიტინგის ასეთი კატასტროფული კლება და თან გვერდს ბურჯანაძე, ნოღაიდელი, მრავალგზის შეჩვენებულ-დაწყევლილი კიწმარიშვილი და სხვები უმშვენებს.

ასე რომ, დაანონსებულ რევოლუციას, სავარაუდოდ, ისევ ისე ჩუმად „გააპარებს“ ქართული ოპოსპექტრი, როგორც ეს უკვე მრავალჯერ მოხდა და ბრძოლის ფრონტზე მოსაწყენი თვლემაც კვლავ ჩვეულებისამებრ გაგრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100