სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არასაოცნებო ნოკდაუნიდან ნოკაუტამდე დარჩა...

„ხომ არ ოცნებობ?“ ან სულაც: „რას შვრები, ოცნებობ?“- დიდი ხანი არ არის, ეს შეკითხვები ახლობლებს, მეგობრებს, ნაცნობებს შორის პოლიტიკური ორიენტაციის გასარკვევად დასმულ შეკითხვებად, ერთგვარ ფრთიან ფრაზებად იქცა. ოცნების საპირისპიროდ ვაჟას ფრაზასაც („საქმიანს კაცს ოცნებისთვის სადა სცალიან, ან ოცნებას რა ხელი აქვს მასთან?“) ხშირად იყენებენ და არც იმის აღნიშვნა ავიწყდებათ, რომ ჩვეულებრივ, მრევლისთვის განკუთვნილ ყველა ლოცვანში, ცოდვების ჩამონათვალში „ოცნებას“ ერთ-ერთი „საპატიო“ ადგილი უჭირავს...

არ ვიცი, ვის არ შეუცოდავს ამ მხრივ და ერთხელ მაინც არ უოცნებია, მაგრამ საქართველოში ეს სიტყვა მას შემდეგ გახდა კიდევ უფრო აქტუალური, რაც პოლიტიკურ სარბიელზე ერთადერთი ქართველი მილიარდერი გამოჩნდა. „ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება“ ამოდ სასმენი, მაგრამ ძნელად ასახსნელი სლოგანი გამოდგა, რადგან, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, „მეოცნებეები“ დამაჯერებლად ვერ აგიხსნიან, მაინც რა არის ქართული ოცნება...

ფართო საზოგადოებისთვის სხვადასხვა სახით „ჩაწოდებული“ ქართული ოცნება საკმაოდ ელასტიური და წელვადი აღმოჩნდა, რადგან მისი გაჟღერების პირველი დღიდანვე იცვლიდა ფერს, ფორმას და მიმართულებას: ხან ჩრდილოეთისკენ უბერავდა, ხან წითელი იყო და ხანაც ლურჯი, ხან ოქროსფრად ელვარებდა და თავიდან კი, სულაც შავი გახლდათ...

„რეალისტები“, როგორც საპირისპირო პოლიტიკურ პოზიციაზე მდგომებმა თავიანთ თავს შეარქვეს, „მეოცნებეებს“ ოცნებისგან მოწყვეტასა და რეალობის კარგად აღქმას ურჩევდნენ. იყო დაპირისპირებებიც: „ფეისბუქში“, ტელესტუდიებში, დასახლებულ პუნქტებში... ერთი ძალა მეორეს ნოკაუტით ემუქრებოდა, მეორე კი პირველს - სულაც მოშთობითა და ამოძირკვით.

„არამარტო ქუჩის აქციები იქნება, ყბაშიც მოხვდებათ!“-ეს ფრაზა „მეოცნებეთა“ ერთ-ერთ სახეს, თინათინ ხიდაშელს ეკუთვნის. მის გაგონებაზე უნებურად გაგახსენდებოდა კაცს ნოღაიდელის ანალოგიური მუქარები ხელების მომტვრევის შესახებ და კარგად ცნობილი „მიშა, მოვდივართ!“, მაგრამ, როგორც ცანს, ხიდაშელს სხვა რამ ახსენდებოდა, მაგალითად, იპოდრომი, საკნების ქალაქად თბილისის გადაქცევის მცდელობა, თუნდაც, სტადიონი...

ბოლო რამდენიმე დღეა, თითქოს წინასაარჩევნო ვნებათა დუღილის ტემპერატურამ იკლო. ზოგი ამას როგორც ერთი, ასევე, მეორე მხარისთვის მიცემული უცხოელი სტუმრების რეკომენდაციებით ხსნის. ეს რეკომენდაციები, მხარეთა შეფასებით, ასეთი სახით იყო ჩამოყალიბებული: „არავითარი ქუჩა - მხოლოდდამხოლოდ გამჭვირვალე, სტანდარტების შესაბამისი არჩევნები და დამარცხებულის მხრიდან დამარცხების აღიარება“.

არადა, ქუჩა, ზოგადად, „მეოცნებეების“ მთავარი კოზირი იყო, რომელსაც ისინი საჭიროები მიხედვით უყენებდნენ. ხიდაშელის ამ ცნობილ ფრაზას რომ სულაც თავი გავანებოთ, თავად ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯერ დაანონსა და მერე თითქმის ყოველ ჯერზე უარყო ქუჩის აქციები.

ბოლო დღეების განსაკუთრებული ვნებათაღელვა მაინც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს უკავშირდებოდა, რომელსაც თვით რუსეთის საგარეო უწყება გამოეხმაურა. მოსკოვმა არცთუ დელიკატურად შეახსენა კარლ ბილდტს მისი პოზიცია „არაბული რევოლუციების“ მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ის ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. მოსკოვის განცხადებით, ბილდტმა პირდაპირ მიანიშნა ოპოზიციას ქუჩის აქციების უსარგებლობაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ არჩევნები გაყალბდებოდა. არადა, ბილდტმა რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ამბასადორიალის დროს ელემენტარულად, აღნიშნა, რომ ცოტა არ იყოს, უცნაურია ოპოზიციის ერთი ნაწილის გადაწყვეტილება არჩევნების შემდეგ ქუჩაში შესაძლო გასვლის შესახებ...

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ხალხს ქუცაში გამოვიყვანთ და ხელისუფლებას ვაიძულებთ, დათვალოს ისინი“ - ეს უკვე ივანიშვილის ფრაზაა. სულ ცოტა ხნის წინ ის კიდევ უფრო კატეგორიული იყო და ლამის, სისხლისღვრას აანონსებდა: „რობერტ სტურუამ მითხრა, რომ ესენი უსისხლოდ არ წავლენ. ვეთანხმები მას, მაგრამ ჩვენ ჯერ არჩევნებით უნდა ვცადოთ მათი გაშვება“ - ესაა მილიარდერის ცოტა ხნის წინანდელი განცხადება, რომელიც ამ დღეებში ამან შეცვალა: „ხალხის ქუჩაში გამოყვანა არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაპირისპირებაზე მივდივართ. კოალიცია დაპირისპირებას არ დაუშვებს“.

რომელ შემთხვევაში ახმიანებდა ივანიშვილი ქართულ ოცნებას? რა არის სინამდვილეში, მისი გეგმა? თუ სისხლისღვრის გარეშე ხელისუფლების წასვლას გამორიცხავს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოვლენების ყველაზე უარესად განვითარებისთვის საჭირო სცენარიც უდევს სადმე? - ეს ლეგიტიმური შეკითხვები ჯერჯერობით, უპასუხოდ რჩება. სამაგიეროდ, დღითიდღე უფრო და უფრო აგრესიული ხდება „მეოცნებეების“ რიტორიკა. „ოცნების“ მხრიდან ხელისუფლება, ასე ვთქვათ, „ჭრელი პეპელას“ როლშია: მოიგებს არჩევნებს? გაყალბებაზე ბრალდებები დაიწყება და წააგებს? - მხოლოდ კონსტიტუციური უმრავლესობით.

მართალია, მსგავსი რიტორიკა, განსაკუთრებით, ამერიკელი სენატორების თბილისში ვიზიტის შემდეგ შერბილდა, მაგრამ „ქართული ოცნებისგან“ მაინც ვერ მივიღეთ მყარი პირობა, რომ ისინი არჩევნების შედეგებს აღიარებენ, ყველაზე სამართლიანად მისი ჩატარების შემთხვევაშიც კი. შემოდგომამდე ქვეყნის ერთ მუშტად შეკვრაზე მეოცნებეები მუდამ აპელირებდნენ ქუჩით და მხარდამჭერთა სიუხვით. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში „ოცნება“, დუელში გამოწვევის ნიშნად, ხელთათმანს ესროდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს უკანასკნელი კი არათუ გამოწვევას არ იღებდა, არამედ „ქაღტული ოცნების“ მომხრეთა სიმრავლეზეც არ რეაგირებდა მტკივნეულად.

არავინ იცის, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ კულუარებში, არც ისაა ცნობილი ვინ იმუშავა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის ფორმატზა და ვიზუალურ მხარეზე, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი დღის განმავლობაში საქართველოს 11 ქალაქში ჩატარებულმა ყრილობამ, რომელშიც, სხვადასხვა მონაცემებით, 400 ათასიდან მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, „ქართული ოცნება“ წელში გადატეხა: ხუმრობა საქმე ხომ არ არის - ივანიშვილი თითქმის ერთ თვეს მოუნდა ხალხმრავალი მიტინგების ორგანიზებას და ამისთვის უამრავი ფინანსური რესურსი დახარჯა, სააკაშვილმა კი ერთ დღეს ანალოგიურად ხალხმრავალი მიტინგები თითქმის ყველა საკვანძო ქალაქში ჩაატარა და, რაც მთავარია, აპერკოტებიც არ დაიშურა: თითქმის ყველა ქალაქში თითოსაათიანი შუალედებით ჩაატარა და ყველგან მოასწრო სიტყვით გამოსვლა. კიდევ ერთი აპერკოტი ამ მიტინგების ვიზუალური მხარე იყო: თითქმის ხალხის მასაში მდგარი პრეზიდენტი, ყოველგვარი დაჯავშნული ტრიბუნისა და სუფლიორის გარეშე, ასევე, ყველა ტრიბუნიდან მკვეთრი და ცხადზე უცხადესი გზავნილები...

„ქართულ ოცნებას“ რომ ამ ნოკდაუნის შემდეგ მდგომარეობიდან გამოსვლა გაუჭირდა, მეორე დღესვე გამოჩნდა: მანამდე „მეოცნებეების“ ერთ-ერთი ხმაურიანი თემა ამა თუ იმ ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხალხმრავალი ცენტრალური ადგილის გამოყოფაზე უარი იყო, თელავში კი მათ სწორედ ის მოედანი დაუთმეს, რომელიც ერეკლე მეორის სახელობისაა და სადაც წინადღით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყრილობა ჩაატარა. დაბნეულმა „მეოცნებეებმა“ მარტივ ხრიკს მიმართეს: მიტინგი არა ერეკლე მეორის მოედანზე, არამედ მიმდებარე, ვიწრო ქუჩაზე ჩაატარეს, რათა შეკრებილი ხალხი ერთიორად გამოჩენილიყო. თავიანთ მომხრეებში მათ ხალხმრავლობის ილუზია ნამდვილად შექმნეს, მაგრამ აი, გურჯაანში კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ: „ფეისბუქზე“ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ, გურჯაანში გადაღებულ ფოტოზე საპირისპირო ბანაკის მახვილთვალოსნებმა ფოტოშოპით ჩამატებული სახეები აღმოაჩინეს, ფოტო კი, რა თქმა უნდა, ამ შემოხაზული სახეებით დასქრინეს და გაავრცელეს...

მოკლედ, „ქართულმა ოცნებამ“ ზედ არჩევნების წინ არასაოცნებო ნოკდაუნი მიიღო. ალბათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ექნება შემონახული „მომაკვდინებელი“ დარტყმები, რომელთა შემდეგ, ბრძოლის გაგრძელება უკვე შეუძლებელი ხდება. სწორედ ამიტომ, გაყუჩებულ „მეოცნებეებს“, რომლებიც ნოკდაუნის შემდეგ სწრაფად, რვამდე დათვლამდე გონსმოსვლას ცდილობენ, საპირისპირო ბანაკის ქირქილის მოსმენა უწევთ და ყურში ჩაესმით მათ მიერ დამცინავად წარმოთქმული: „ნოკაუტამდე დარჩა .... დღე!..“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100