მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში: „არ დავუშვებ, რომ აქაურობას ვინმემ თითი დააკაროს!..“

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ყრილობა, რომელიც თბილისის გარდა, საქართველოს ათ ქალაქშია დაგეგმილი, 11 საათზე ზუგდიდში გაიხსნა. ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, ხალხის უპრეცენდენტო რაოდენობა შეიკრიბა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი ხალხმრავლობა ქალაქის ცენტრალურ მოედანს 1993 წლის 25 სექტემბერს, ზვიად გამსახურდიას ზუგდიდში ჩასვლის შემდეგ არ ახსოვს. ხალხით სავსე იყო მოედანი, ასევე მიმდებარე ქუჩები.

ყრილობა კონცერტით გაიხსნა, მოგვიანებით კი მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად შეუერთდა. შეკრებილ ხალხს სიტყვით თავდაპირველად ქვეყნის პირველმა ქალბატონმა სანდრა რულოვსმა მიმართა. მან სამეგრელოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, ამ რეგიონის მიმართ მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატა და დაამატა:

„მიშას გუნდმა არ იცის არც დღე და არც ღამე, სულით და გულით მუშაობს“. სანდრა რულოვსის თქმით, სისტემა ჯერ იდეალური არ არის, თუმცა ძალიან ბევრი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ ხალხს გაჭირვება აღარ ჰქონდეს. ამასთან, სანდრა რულოვსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას და მის ოჯახს სამეგრელო და მეგრელები განსაკუთრებულად უყვარს. ყრილობის მონაწილეებს პირველმა ლედიმ მეგრულ ენაზე, საკმაოდ ვრცლად მიმართა:

"თქვენი გაჭირვება ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან. ჩვენ არც ღამე არ ვიცით და არც დღე ჩვენს გუნდთან, მიშას გუნდთან ერთად ვმუშაობთ. პრობლემები არის და თქვენ არ იმსახურებთ ამ პრობლემებს. ეს გუნდი მუშაობს მომავლისთვის და არა წარსულისთვის. წარსული ვიცით, რაც იყო. ჩემი მშობლები 15 წლის წინ შეშინებულები მიშვებდნენ აქეთ, ჩაბნელებულ ქვეყანაში, სადაც იყო კრიმინალი, კორუფცია და არეულობა. ახლა ბედნიერები არიან. ერთი ძმა მყავს და სხვა ქვეყანა არც უნახავს, სულ საქართველოში ჩამოდის." - ამ სიტყვების შემდეგ სანდრა რულოვსი მეგრულზე გადავიდა და თქვა: "მე ძალიან მიყვარს სამეგრელო, ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს სამეგრელო და მეგრელები, ჩემი დედამთილი მეგრელი ქალია. მე ვიცი მეგრული, მაგრამ მინდა, უკეთ ვიცოდე. პოლიკარპე (პოლიკარპე ხუბულავა, ცნობილი, უხუცესი ლოტბარი და ფოლკლორისტი, - რედ.შენიშვნა) რომელიც ზუგდიდელია, პირობა მომცა, რომ მასწავლიდა, როგორც კი დრო ექნებოდა. ჩვენი იმედი ყოველთვის გქონდეთ, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს" - "მა მანგარო მიორს სამარგალო, ჩქიმ ქომონჯის უორს სამარგალო. ჩქიმი ქომონჯი, საქართუოშ პრეზიდენტი", - აღნიშნა სანდრა რულოვსმა. „ძალიან მიყვარს სამეგრელო, ჩემს მეუღლეს უყვარს სამეგრელო. ჩემი მეუღლე, საქართველოს პრეზიდენტი“ - ბოლო წინადადებით სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილი "წარადგინა". საქართველოს პირველი ქალბატონის ამ სიტყვებმა საყოველთაო აღტაცება და ხანგრძლივი ოვაცია გამოიწვია.

სანდრა რულოვსის შემდეგ ყრილობის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა:

„...მაშინ, როცა რეზერვი საქართველოს ყველა რეგიონში იქმნება, რატომ დაიწყეს ლაპარაკი, რომ სამეგრელოშია ეს გასაიდუმლოებული სამხედრო ფორმირება? ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: გაიხსენეთ წარსული, ეს ზუსტად ის ხალხია, რომლებიც სამეგრელოში 1992 წელს შევიდა იმ საბაბით, რომ სამეგრელოში სამხედრო ფორმირებები იყო.
შემოვიდნენ და ოჯახი არ დაუტოვებიათ ზუგდიდში, რომ არ შესულიყვნენ და რომ არ გამოეტანათ იქ შექმნილი დოვლათი. ეტყობა დაგროვდა კიდევ დოვლათი სამეგრელოში ნელ-ნელა და ეტყობა ეფხანება კიდევ ხელები ვიღაც-ვიღაცეებს და ერთი და იგივე ხალხს, აქ გამოისეირნოს. ნურას უკაცრავად, ერთი რამ შეეშალათ, მაშინდელ პრეზიდენტს ერქვა მათი საყვარელი შევარდნაძე და დღეს მე ვარ საქართველოს პრზიდენტი და აღარასოდეს აღარ დავუშვებ, რომ თითი დააკაროს აქაურობას", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს არსებულ რეალობასაც შეეხო და ხაზი გაუსვა სამეგრელოს განსაკუთრებულ სიმტკიცეს 2008 წლის რუსული აგრესიის დროს. მისი თქმით, საქართველოს უკან ვერავითარი ძალა ვეღარ დააბრუნებს:

"ჩვენმა მტერმა იცის, რომ ბევრი გაჭირვებაა და პრობლემების უმეტესობა გადასაწყვეტია. ამიტომ, მას ეგონა, რომ ახლა არის მომენტი, რომ ქართველებს სხვანაირად მიუდგნენ. მტერი ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი დაიღალა და ფიქრობს, რომ იქნებ, ამ არჩევნების შედეგად ლანგარზე მოგვართვას საკუთარი თავი და რასაც სხვა რაღაცით ვერ მივაღწიეთ, იქნებ ტკბილი სიტყვით, მოფერებით დავითრიოთ ეს ულამაზესი ქვეყანაო. ნურას უკაცრავად! ჩვენ გვექნება თავისუფლება, ჩვენ გვინდა განვითარება, გვინდა ევროპა, ნატო, უკეთესი მომავალი, უკეთესი ცხოვრება და ეს უნდა დაიწყოს აქედან, სამეგრელოდან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, ასევე ლაზიკას მშენებლობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სამშვიდობო დოკუმენტისთვის რომ არ მოეწერა ხელი, აფხაზები სოხუმსა და მთლიანად რეგიონს ვერანაირი რესურსით ვერ დაიცავდნენ.

„ახლა კი გვეუბნებიან, რომ რუსეთს, რომელსაც ცივილიზებული სამყარო ოკუპანტად აღიარებს, ხელი მოვუწეროთ მოთხოვნებზე და მერე რაღაცას გაგვიჩარხავს, ჩვენ ოკუპაციის ხაზზე ვაშენებთ ლაზიკას, ჩვენ რუსეთს ვერ გადავახტებით ამიტომ განახლებულ ლაზიკაში აფხაზები თვითონ მოვლენ. რაც არ უნდა ილაპარაკოს ჩვენმა მოწინააღმდეგემ გავაკეთებთ ლევარდეს და სქურს. აღმშენებლობა სამეგრელოში და მთლიანად საქართველოში გაგრძელდება“,- აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ლაზიკას პორტი ზუგდიდის გაგრძელება და სამეგრელოს გვირგვინი იქნება.

„ჩვენ მოწინააღმდეგეებს სურთ თბილისს შენობები დაუნგრიონ, ქუთაისს პარლამენტი, სამეგრელოს ლაზიკა, არ გამოვა ეს საქმე. რა ჰომსზეც არ უნდა გველაპარაკონ, სამეგრელო მათ ვერ მიიღებს. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ყრილობა ოზურგეთში იწყება, სადაც ცენტრალური მოედანი უკვე სავსეა ხალხით. ყრილობა ოზურგეთში 12.00 საათზე, შემდეგ კი ამ თანმიმდევრობით ტარდება: ბათუმში, ერას მოედანზე - 13:00 საათზე; ამბროლაურში, ცენტრალურ მოედანზე, გამგეობის წინ - 13:00 საათზე; ახალციხეში, რაბათის ციხის ზედა კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიაზე - 13:00 საათზე, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ - 14:00 საათზე; გორში, თეატრის წინ, ჭავჭავაძის ქუჩაზე - 16:00 საათზე; თელავში, ერეკლე მეორეს მოედანზე, თეატრის წინ - 17:30 საათზე; რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, მერიის წინ - 18:00 საათზე; მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის წინ, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე - 18:00 საათზე, ხოლო თბილისში - სპორტის სასახლეში ყრილობა 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარი