სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რეციდივისტი ,,მესია”

"ყველაზე დიდი დანაშაული - დაუსჯელობაა" - ბერნარდ შოუ

2012 წლის ოქტომბრის ერთ მშვენიერ დღეს, საქართველომ სრულიად განსხვავებულ რეალობაში გაიღვიძა. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ პოლიტიკურ ავანსცენაზე ახალი ფიგურა, იმ დროისთვის უკვე ,,ჭეშმარიტი მამულიშვილისა” და ,,გულუხვი მეცენატის” გვირგვინით შემკული, ბ. ივანიშვილი გამოჩნდა. ბევრმა ისიც კი ირწმუნა, რომ საქართველოს ბიბლიური მხსნელი მოევლინა!

მოკლედ, უცნაური ტრაგიკომედია დაიწყო! პირველივე პრესკონფერეციიდან, ,,მესიამ”, სახეზე გასხივოსნებული ღიმილით, ,,რუსული ოცნების” ძირითადი დებულებები თავზე დაგვაყარა: ,,რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო”, ,,რუს ხალხს ,,მოსწონთ” პუტინი”, ,,რუსეთთან რიტორიკა უნდა შერბილდეს და საერთაშორისო დონეზე დეოკუპაციის საკითხი აქტიურად აღარ წამოიწიოს”, ,,ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებს დავალაგებთ” ,,აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კონფლიქტის მხარეები არიან”. სამშობლოს ბედ-იღბლით ერთბაშად გულაჩუყებული ქველმოქმედი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ,,გაზპრომში” წილს ფლობდა და სახელიც, რაღაც უცნაურად გაორებული ჰქონდა - ბიძინა-ბორისი...

მართალია, ყველამ ვიცით, რომ რუსული ტანკები, თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში დგანან, მაგრამ მოდით, ჩვენც ,,მეოცნებეებს” მივბაძოთ, პრობლემის პოლიტიკური შემადგენელი გვერდზე გადავდოთ, ,,ბოროტების იმპერია” დროებით დავივიწყოთ და ბორის-ბიძინას პოლიტიკური კარიერის სხვა ასპექტებზე გავამახვილოთ ყურადღება.

დღიდან პოლიტიკურ არენაზე ბ.ივანიშვილის გამოჩენისა, სახელმწიფოსა და ,,მესიას” შორის, რაღაც უცნაური თამაში დაიწყო. მართლაც, ეროვნულმა ბანკმა, კონტროლის პალატამ, ფინანსური მონიტორინგის სხვა სამსახურებმა, ძალა არ დაიშურეს, რათა ,,ქველმოქმედს”, რაიმე უკანონო არ ჩაედინა; შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს, ღამეები არ ეძინათ, რომ ბიძინა-ბორისის ფულის გათეთრების ნაირნაირი სქემები გაეშიფათ და მას ვინმე არ მოესყიდა. შეგახსენებთ, საუბარი, მილიონობით ლარის უკანონო ბრუნვას ეხება! დღეისათვის, საქმეში უკვე სასამართლოს სააღსრულებო სამსახური ჩაერთო. კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მოკლე ჩამონათვალი 10-ზე მეტ ეპიზოდს მოიცავს და მასში სხვადასხვა დანაშაულია წარმოდგენილი: ფულის გათეთრება; პოლიტიკური გუნდის წევრთა უკანონო დაფინანსება; ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვა ფულით თუ მატერიალური ფასეულობებით უცხოეთიდან ოფშორული კომპანიების ჩართვით... მოკლედ, მთელი სახელმწიფო თავისი მაკონტროლებელი რესურსებით, მხოლოდ ბიძინა-ბორისის ფინანსური დატუქსვით შემოიფარგლა, ის კი, მაინც არ ცხრება და ჯიუტად აგრძელებს კრიმინალურ საქმიანობას...

მაშ ასე, საქართველოში დემოკრატიული გარდაქმნებისადმი, საერთაშორისო თანამეგობრობის გაზრდილი ყურადღებითა და საკუთარი მილიარდებით გათამამებულმა ,,სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილმა”, თავი ყოვლისშემძლე მესიად წარმოიდგინა. პოლიტიკოსი, რომელიც უმრავლესობით აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, კანონთან აკრძალულ თამაშებს მიეჩვია.

თავგასულმა ,,მესიამ”, ერის მოქრთამვა არ იკმარა და საქართველოს მოქალაქეობა აბუჩად აიგდო. ჯერ იყო და, საფრანგეთის მოქალაქეობაზე გაკეთებული განცხადებით, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე ნებაყოფლობითი უარი თქვა და მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. შემდეგ მთელი ,,ერი და ბერი” დაირაზმა, რათა როგორმე, ბორის-ბიძინას, არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიეღო. მეტიც, მსოფლიო პოლიტიკურმა ელიტამ თავი არ დაზოგა, რათა საქართველოში ,,მოსწორებული საარჩევნო ველი” გაეკაფა! და რაა? ,,მესია” გაიბღუზა და, როგორც ეს მის ახირებულ ბუნებას სჩვევია, აბსურდული საბაბით, მთელი ერი, მისი პარლამენტი და უცხოელი დიპლომატები არად ჩააგდო!

...ბოლოსდაბოლოს, დაუსჯელობით გათავხედებული ბიძინა-ბორისის კანონთან ,,თამაშმა” ლოგიკური დასარული ჰპოვა და მართლმსაჯულებასთან ქედმაღლურმა დამოკიდებულებამ, ყოველდღიურად განმეორებადი კანონდარღვევების სახე შეიძინა. ის მრავალჯერ ამხილეს არა მხოლოდ ისეთ დანაშაულში, როგორიცაა ადამიანთა ჯგუფების მოსყიდვა თუ ფულის გათეთრება, არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვანშიც - მის სახელს, კოალიცია ,,ქართულ ოცნებას”, ისეთი მძიმე კრიმინალური ქმედებებიც უკავშირდება, როგორიცაა ინფორმაციის მიღების მიზნით, პოლიციელების მოსყიდვა-გადაბირების ორი საქმე. ასეთია დაუსჯელობის შედეგი...

მილიარდებით გაყოყოჩებულმა ბორის-ბიძინამ წარმოიდგინა: ,,მე ბევრი ფული მაქვს და ამიტომ არ ვცნობ არავითარ პრინციპებს, მე არა მხოლოდ მორალზე, არამედ ყველა კანონზე მაღლა ვდგავარ, მე თვით ვარ კანონი!” მეტიც, პრემირ-მინისტრობაზე მეოცნებე პოლიტიკოსი, ცალკეული დარღვევებით აღარ კმაყოფილდება და მისი კანონგარეშე ქმედებები, განმეორებად ხასიათს იძენს. კრიმინალი, ბორის-ბიძინას ცხოვრების წესი გახდა, ,,მესია“ რეციდივისტად გადაიქცა.

...ვუცქერთ ამ ,,ფულის ტომარას”, ვუყურებთ ამ უმსგავსობას და, უნებლიედ, ასეთი ფიქრები გვეუფლება: ,,ჩვენთვის, უბრალო მოკვდავთათვის, ზემოთ ჩამოთვლილთაგან, ერთი, მცირე ეპიზოდიც კი იკმარებდა, რომ ციხის საკანში თავი ამოგვეყო და კარგა ხნით დღის სინათლე აღარ გვენახა... და ეს ბორის-ბიძინა ასეთს, რას წარმოადგენს?! ყველაზე მსუბუქი კანონდაღვევაც კი, მაგალითად, ,,მესიას” მსგავსი პატრულთან შელაპარაკება- გაძალიანებისა, ჩვენთვის, მიწაზე დაგდებით, ხელზე ბორკილებით, 3000-5000 ათასი ლარიანი ჯარიმითა და თავისულების აღკვეთით დამთავრდებოდა. პოლიციელის მოსყიდვის გამო კი ციხეში მრავალი წლის განმავლობაში, ცხოვრების აზრზე ჩაფიქრების დროც მოგვეცემოდა... ნუთუ ჩვენ, კანონმორჩილი მოქალაქეები, სახელმწიფოსთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოვადგენთ, ვიდრე ეს თავგასული ფულიანი?”

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ასეთი აზრი გაგვიჩნდა: მთავარი, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში გაკეთდა იყო ის, რომ ქართულმა სახელმწიფომ, როგორც იქნა, კორუფცია დაამარცხა, სამაგალითო ,,პატრული” შექმნა და, პრაქტიკულად, ნულიდან, სასამართლო სისტემის აღმშენებლობას შეუდგა. ჩვენმა შვილებმა ყოველგვარი ქრთამისა და ჩაწყობის გარეშე, ინსტიტუტში მისაღები გამოცდები ჩააბარეს და მათ სიცოცხლეს კრიმინალი, ნარკომანია აღარ ემუქრება. ჩვენ ,,ელიტასთან” შეჯიბრის შანსი გაგვიჩნდა და თანასწორობის, სამართლიანობის განცდის იმედი ჩაგვესახა... ამ იმედით კი საბოლოოდ გავიხარეთ! ახლანდელმა იმედგაცრუებამ სრულიად დაგვაბნია - ვხედავთ, ბორისი ამ წლების ძირითად მონაპოვარს თვალწინ გვინგრევს და შევარდნაძის ეპოქაში გვაბრუნებს... მოკლედ, სასწრაფოდ, რაღაც უნდა ვიღონოთ - სხვაგვარად არ გამოვა!

თვითონ განსაჯეთ: საიდანღაც ჩნდება ვიღაც, ფულით გათამამებული სუბიექტი და ის ჩვენ, პირად შეურაცხყოფას გვაყენებს - ის პირში გვახლის - ახლა რიგში თქვენ ხართ! თქვენი მორალი, კანონები, ფეხებზე მკიდია და თქვენ ჩემს მიერ დადგენილი წესებით იცხოვრებთ, რადგან ყველას ცხვრებივით გიყიდით. მე უნდა გმართოთ თქვენ და თქვენი ქვეყანა!

ფაქტია, ბორის-ბიძინა კანონს, მისი უზენაესობის პრინციპს (Rule of Law), რაზეც ამხელა ტანჯვა-ვაებით შეკოწიწებული სახელმწიფო დგას - არ აღიარებს. ის საქართველოს სახელმწიფოებრიობას ხერხემალში ამტვრევს. ბორის-ბიძინა ერს ქრთამით ხრწნის. ის სამართლიანი, წარმატებული, ევროპული ყაიდის ქართული სახელმწიფოს იმედს თვალწინ გვინგრევს!

შექმნილი კრიტიკული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ამგვარი კითხვა გაგვიჩნდა - ამხელა მსხვერპლს, ჩვენი იმედების მსხვრევას, ხომ არ აჯობებდა ბორისისთვის ნებისმიერი კანონდაღვევა დაგვეშვა? შესაბამისად, შექმნილი იურიდიული ჩიხიდან, ჩვენ ასეთი გამოსავალი ვიპოვნეთ: ისეთი საკონტიტუციო ცვლილება მივიღოთ, რომლის თანახმადაც, მხოლოდ ერთ ბორისს არ შეეხება კანონი და მაშინ დანარჩენები მაინც, კანონის წინაშე თანასწორნი ვიქნებით. ამ ერთისთის მივიღოთ, სამაგიეროდ, სხვა ყველას, სამართლიანობის იმედი კვლავ დაგვიბრუნდება და ყველა ერთად მშვიდ, ბედნიერ, საამო ცხოვრებას შევუდგებით!

...ისე, არ დავმალავთ და მოურიდებლად ვაღიარებთ - ჩვენ რადიკალიზმი კვლავ არ გვასვენებს! ესეც ფაქტია, ბორისმა საქართველოს მოქალაქეობაზე ცივი უარი განაცხადა. ამასობაში, თითქოს საემიგრაციო კანონსაც უნდა არღვევდეს და ბარემ კარგად, საბოლოოდ რომ მოვისვენოთ, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად, თან რეციდივისტიცაა და ამავდროულად, საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვაში გვებრძვის, სამუდამოდ, ხომ არ ,,გაგვედეპორტებინა” და თავის სულიერ სამშობლოში, ხომ არ გაგვესახლებინა? წავიდეს და ექსპერიმენტები მოსახლეობის მოსყიდვითა და სხვა დანაშაულებრივი რეციდივებით იქ ატაროს, მით უმეტეს, რომ კრიმინალის სამშობლოში, ეს არავის გაუკვირდება.

წყარო: "ტაბულა", ღია ბლოგი, 2.07.2012

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100