სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი: რამდენიც უნდა იოცნებონ ხიდების დანგრევაზე, თავისუფლებისკენ სვლას ვერ შეაჩერებენ

„რა ფულითაც უნდა შეიარაღდნენ, რამდენიც უნდა იოცნებონ ხიდების დანგრევაზე, რამდენიც უნდა ილაპარაკონ მშენებლობის შეჩერებაზე, ისინი ვერასდროს შეაჩერებენ ქართველი ხალხის სიჩქარეაკრეფილ სვლას თავისუფლებისკენ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის შენობის გახსნისას ქუთაისში, როცა ახალ სხდომათა დარბაზში პირველ მომხსენებლად წარსდგა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ, ქართველმა ხალხმა, ქვეყნის მრავალეთნიკურმა მოსახლეობამ უკვე აირჩია მომავალი და ამ არჩევანს არ უღალატებს:

„ეს ჩვენი ბოლო მოგზაურობა არ არის, ჩვენ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გველის და ამ გზას ერთად გავივლით. ვერასდროს, ვერავის გამოუვა, რომ ქართველ ხალხს ისევ დამპყრობლის ჩექმების ლოკვა აიძულოს, რათა მისი გემო ხელახლა გაიგოს. როცა მე ვამბობდი, რომ საქართველო იქნება კავკასიის ცენტრი, ბევრი დამცინოდა, ახლა კი გაიხედეთ, რას წერენ ჩვენზე, რა მიაჩნიათ ჩვენგან სამაგალითოდ და რამდენ რამეს სწავლობენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ნატოში წევრობის გეგმა სრულიად რეალისტურია. როგორც მან ქუთაისში განაცხადა, საქართველო ასე ახლოს არასდროს ყოფილა ნატოსთან.

"გასულ კვირას ჩიკაგოში მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ნატოს სრულუფლებიანი წევრობისკენ. მე ასეთი კლიმატი ნატოს არცერთ სამიტზე არ მინახავს საქართველოსთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პრობლემებია, საქართველო იყო ყურადღების ცენტრში. დღეს დავინახეთ რომ ჩვენი გეგმა ნატოს წევრობის სრულიად რეალისტურია". - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა: „აფხაზები კვლავ აღადგენენ ჩვენთან ურთიერთობას და სოხუმი კვლავ გახდება საქართველოს ყველაზე დიდი მნიშვნელობის ცენტრი. "საქართველოს გაერთიანება დავით აღმაშენებელმა დაიწყო ქუთაისიდან, მანამდე კი ბაგრატ მეფემ აფხაზეთიდან. ადრე იყო დრო ქვების გაბნევისა, ახალა არის ჟამი ქვების შეგროვების. საქართველო არასდროს იქნება მონური პერიფერია და მას ვერასდროს ვერავინ დააბრუნებს ჩექმების სალოკავად. რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯონ ჩვენმა მტრებმა, ოკუპანტები აღიარებენ რომ საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მართონ ქვეყანა. ჩვენი მატარებელი აქ არ გაჩერდება და ამ ლიანდაგიდან ვერავინ ვერ გადაგვიყვანს. ჩვენი ლოზუნგია დავიბრუნოთ საქართველო და ეს მხოლოდ დასაწყისია". - აცხადებს პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეკონომიკურ ვითარებაზე და დევნილების მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანას ჯერ კიდევ ჰყავს დევნილები და ის თავს დევნილად თვლის: "ჩვენ დღეს სიამაყით ავღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მაგრამ სანამ ადამიანები დევნილები არიან, მე ვერ მექნება ჩემი სახლი. თავს ვთვლი დევნილად და დარწმუნებული ვარ ასეა ჩემი მთავრობის უმეტესობა. ასე რომ რამდენადაც მახარებს ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება, იმდენად წუხილის და უკმაყოფილების საფუძველს მაძლევს, რადგანაც ყველა ვხედავთ რომ ქვეყანა წინ მიდის, ხოლო მეორეა, რომ ამით ვერ სარგებლობს ქვეყნის ბევრი მოქალაქე". - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

„არ გეგონოთ, რომ იმით ვიკვეხნიდე, რაც ჩვენი დამსახურება არ არის: დღეს დილიდან თბილისში წვიმას ელოდნენ. იქ წვიმა უნდა ყოფილიყო, ქუთაისში თქეში უნდა წამოსულიყო, აქ წვიმა უნდა ჩამოსულიყო... დილიდან მე დავდიოდი დედაქალაქის ქუჩებში და იმ ადგილას, სადაც ხალხი იყო, წვეთი არ ჩამოვარდნილა. აქ კი, მას შემდეგ, რაც ქუთაისელები გამოვიდნენ ქუჩაში, ყველა ღრუბელი გაიფანტა.

მაგრამ როგორი ღრუბელიც უნდა ყოფილიყო დღეს, როგორი წვიმაც უნდა წამოსულიყო, ჩვენ შეგვწევს უნარი, რომ მას გავუმკლავდეთ. ჩვენ ერთად უნდა გავფანტოთ ყველა ღრუბელი და გავფანტავთ კიდეც.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!“ - ამ სიტყვებით დაასრულა დარბაზში გამოსვლა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და დამსწრეებს მოუწოდა, ქუთაისელებთან ერთად აღლუმს შეერთებოდნენ:

„აქ არ არიან მხოლოდ დეპუტატები, უამრავმა მოქალაქემ მთხოვა თბილისში და ჩვენ ისინი ჩავსხით ვერტმფრენებში, ჩავსხით თვითმფრინავებში და წამოვიყვანეთ, ასე რომ, აქ ხალხის დელეგაციაცაა“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100