სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთ-საქართველოს ომის კიდევ ერთი რუსი, ფოთის ოკუპაციის „გმირი“ დაიღუპა

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ფოთის პორტის ოკუპაციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, რომელზეც „დრონი.ჯი“ წერდა სტატიაში „იცნობდეთ, მტერია!“, სამხედრო-საჰაერო ძალების ალექსანდრე ნეველის სახელობის 45-გვარდიის 48 წლის ოფიცერი ვიცე-პოლკოვნიკი ანატოლი ლებედი მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში მოტოციკლით გადაადგილებისას დაიმტვრა და დაიღუპა, - ამის შესახებ ამ წუთებში „ინტერფაქსი“ იტყობინება.

ანატოლი ლებედს „რუსეთის გმირის“ წოდება პრეზიდენტ მედვედევის ბრძანებით სწორედ 2008 წლის აგვისტოში გამოჩენილი „დამსახურებისთვის“ მიენიჭა. „დრონი.ჯი“ გთავაზობთ მასზე გამოქვეყნებულ სტატიას და მისსავე ფოტოებს:

იცნობდეთ, მტერია!

(ლაშა ბერულავა)

ეს წერილი და ფოტოები მხოლოდ ერთი მიზნით ქვეყნდება: იმისთვის, რომ როცა დრო მოვა, შესაბამის კომისიას თუ შესაბამის ორგანოებს არ გაუჭირდეთ 2008 წლის 13 აგვისტოს ფოთის პორტში გადმოსხმული რუსული დესანტის ერთ-ერთი აქტიური პირის ვინაობის დადგენა. დესანტის ერთ-ერთი მეთაური, ქართული კატარღის „დიოსკურიას“ და სხვა სანაპირო დაცვის კატარღების განადგურების უშუალო ინიციატორი და შემსრულებელი, სწორედ ეს პიროვნებაა და ამას რუსი სამხედრო ბლოგერები დღეს არც მალავენ. მათ ანატოლი ლებედი იდეალურ სამხედროდ ჰყავთ წარმოჩენილი.

მაშ ასე: იცნობდეთ, მტერია! - ანატოლი ვიაჩესლავის ძე ლებედი, დაბ. 1963 წელს, მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება, საჰაერო-სადესანტო ძალებოს ვიცე-პოლკოვნიკი, 45-ე ცალკეული გვარდიული ორდენის ალექსანდრე ნეველის სახელობის სადაზვერვო პოლკის სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცერი, მრავალი რუსული მედლისა და ორდენის კავალერი (რამდენიმე ჯილდო პირადად დიმიტრი მედვედევისგან აქვს მიღებული), ჯილდოებს შორისაა „სსრკ-ს შეიარაღებულ ძალებში სამშობლოს სამსახურისთვის“.

2003 წელს ულუს-კერტის მთებში ანატილი ლებედი ნაღმზე აფეთქდა და მას ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა. რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ მისთვის გამონაკლისი დაუშვა და ლებედს ოფიციალურად დართო ნება, სამხედრო სამსახური პროთეზით გაეგრძელებინა.

2008 წლის 13 აგვისტოს ლებედი იმ დესანტის ერთ-ერთი მეთაური იყო, რომელმაც ფოთის პორტში ქართველი სამხედრო პირები ტყვედ აიყვანა, საქართველოს საზღვაო ფლოტის კატარღები კი პორტშივე ჩაძირა.

„დრონი.ჯი“ დღეს გთავაზობთ ექსკლუზიურ ფოტოებს, სადაც ანატოლი ლებედი ფითის პორტში ჯერაც უვნებელი, შემდეგ კი აფეთქებული, მწყობრიდან გამოსული და სანახევროდ ჩაძირული „დიოსკურიის“ ფონზე პოზირებს. ერთ-ერთი ფოტოს გადაღებისას კი ლებედმა აშკარად მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რომელიც, შესაძლოა, მისთვის ახლა არ ჩანდეს საფრთხის შემცველად, მაგრამ მალე მასაც, ისევე როგორც სხვა ოკუპანტებს, ბუმერანგივით შეუბრუნდება, როცა მათი გასამართლების დრო მოვა: ამ ფოტოზე ლებედი საქართველოს კუთვნილ სამაშველო ნავს, უბრალოდ, იპარავს... მართალია, ამას რუსი შოვინისტი ბლოგერები „ტროფეიდ“ ანუ, საბრძილი ნადავლად ნათლავენ, მაგრამ დრო მოვა და გაირკვევა, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ნავი, ტელევიზორი, სატელიტური ანტენა და, რაც მთავარია - უნიტაზი ნაალაფარად...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100