სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგა ბოკერია: რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ვერ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტის ფასად

„რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება შეუძლებელია მოხდეს ნებისმიერ ფასად. ეს ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი მთლიანობის ხარჯზე ვერ მოხდება.“- აცხადებს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია რადიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ რამდენად შესაძლებლად ეჩვენება მას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენა ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში.

"ბატონი პუტინის პირობებში ან ბატონი მედვედევის პირობებში არ შეცვლილა ფუნდამენტალური დამოკიდებულება რუსეთის ხელისუფლებისა თავისი მეზობლების მიმართ, მათ შორის საქართველოს მიმართ. ჯერ გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ჯერ არის დამოკიდებულება, რომ უნდა შეიქმნას რაღაც გავლენის სფერო ევრაზიული კავშირი, ძნელია პოზიტიურ ძვრებზე ილაპარაკო", - აცხადებს ბოკერია და აღნიშნავს, რომ საქართველო ყველა მეზობელთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით დაინტერესებულია.

"...მათ შორის რუსეთთან და მას ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთის გარდა. ეს გეოგრაფიაა, რომელსაც ჩვენ ვერ შევცვლით. რუსეთი - დიდი მეზობელია. უბრალოდ პრაგმატულად ჩვენს ინტერესებში უნდა იყოს მასთან კარგი ურთიერთობების ქონა, თუმცა ეს ვერ მოხდება ნებისმიერ ფასად - ეს ვერ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი ქვეყნის მთლიანობის ფასად", - აცხადებს გიგა ბოკერია.

"თუ რუსეთის ხელისუფლებას სურს, რაღაცნაირად, მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ მას საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადეკვატური მიდგომა აქვთ, გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის და ნუ აყენებენ რაღაც პირობებს, რომლებიც მხოლოდ საბაბია უარის სათქმელად",- განაცხადა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა.

„ეს ყველას კარგად ესმის. თუ მათ აქვთ პრობლემა საქართველოს კანონთან ოკუპაციის შესახებ - ეს მათი პრობლემაა. ეს არ არის მოსკოვის გადაწყვეტილება, ეს საქართველოს გადაწყვეტილებაა. მათ შეიძლება ეს პოზიცია ჰქონდეთ და, ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი გააუქმონ", - ამბობს გიგა ბოკერია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100