სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზი მარიონეტები ალასანიას განცხადებას ჟენევის დისკუსიებზე გამოიყენებენ

აფხაზეთის დელეგაცია, ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე, რომელიც 29 მარტს უნდა გაიმართოს, აფხაზეთთან ახლომდებარე ზუგდიდის რაიონში „არაფორმალური შეიარაღებული გაერთიანებების ფაქტზე გაამახვილებს ყურადღებას“ - განაცხადა „რია ნოვოსტი“-სთან საუბარში სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ხინთიბამ.

მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენოს ირაკლი ალასანიას ცნობილი განცხადება.

„შეიარაღებული დაჯგუფებები ზუგდიდის რაიონში, შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდნენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის“ - ამბობს ხინთიბა.

მისი თქმით, 29 მარტს „საზღვრისპირა“ რაიონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემები განიხილება და აფხაზური მხარე ამ პრობლემების დამადასტურებელი ფაქტების წარდგენას აპირებს.

შეიძლება ითქვას, რომ ეს პირდაპირი შედეგია ალასანიას განცხადებისა, რადგან მანამდე, გალის რაიონში რაიმე განსაკუთრებულ დაძაბულობაზე საუბარი არ ყოფილა. ახლა კი აფხაზური მხარე ააქტიურებს რიტორიკას, რომ „გახშირებული ინცინდენტები ქართული სპეცსამსახურების მიერაა ინსპირირებული“.

ხინთიბას თქმით, შეხვედრაზე დააყენებენ ნეიტრალური პასპორტების საკითხსაც, რომელიც მიუღებელია სოხუმისათვის. სამაგიეროდ, კი აფხაზური მხარე აფხაზური საზღვარგარეთული პასპორტების აღიარების საკითხის განხილვას ითხოვს.
ჟენევის დისკუსიაზე აფხაზეთში ისტორიული ძეგლების მდგომარეობასაც შეეხებიან, რაზეც, როგორც ხინთიბა ამბობს, აფხაზებს ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი და ინფორმაცია მომზადებული.

და ბოლოს, კვლავ ძალაში რჩება სოხუმისთვის მთავარი საკითხი - თბილისმა ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, რასაც ქართული მხარე არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ სოხუმთან და ცხინვალთან ერთად ასეთ დოკუმენტზე ხელმოწერა ამ რეჟიმების ლეგიტიმაციას მოწმობს და რაც მთავარია, თბილისი, ასეთი შეთანხმების მეორე მხარედ არა მარიონეტულ მთავრობებს, არამედ მოსკოვს განიხილავს, რომლისგანაც რეალურად საფრთხე მომდინარეობს.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100