სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილმა „მეოცნებეები“ თათბირზე ფარული კამერის შეტანის მცდელობის შემდეგ აითვალწუნა

ბიძინა ივანიშვილის მანიაკალური გადახრებისა და ახირებების შესახებ ასეთუ ისე, უკვე ცნობილია. უკვე ცნობილია ისიც, რომ გაპოლიტიკოსებული ბიზნესმენი დიდად არ ენდობა საკუთარ გარემოცვას და მათზე ტოტალური კონტროლი აქვს დაწესებული, როგორც ამბობენ, კერძო დეტექტივების დაქირავების ჩათვლით.

ბიზნესმენი ეჭვიანობს თითქმის ყველაზე, თითოოროლა გამონაკლისის გარდა და ეს ეჭვიანობა ზოგჯერ ფრიად კომიკურ სიტუაციებში ვლინდება. მაგალითად, ერთხელ, როცა თათბირზე ივანიშვილს ხველება აუტყდა და ზურაბ ბიგვავამ ჭიქით წყალი მიაწოდა, ივანიშვილმა საჯაროს მოსთხოოვა მას, ჯერ თვითონ დაელია...

ეტყობა, ბიძინა ივანიშვილის ეჭვიანი ბუნება და არასრულფასოვნების კომპლექსი არამარტო მისი უახლოესი გარემოცვის წევრებს აწევთ მხრებზე ტვირთად – ასეთი ეჭვიანობის მსხვერპლი „ქართული ოცნების“ ახალგაზრული ფრთის წარმომადგენლებიც გახდნენ, თუმცა, თუ საინფორმაციო სააგენტო „ივერონის“ მიერ გამოქვეყნებულ საკმაოდ სენსაციურ ცნობას დავუჯერებთ, არცთუ უსაფუძვლოდ: ერთ–ერთ ახალგაზრდა „მეოცნებეს“ ფარული კამერის იმ თათბირზე შეტანა მოუნდომებია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც უნდა დასწრებოდა და სადაც ფრიად მნიშვნელოვანი და საიდუმო ინფორმაცია უნდა განეხილათ.

სააგენტოს წყაროს ცნობით, „მეოცნებეს“ ვიდეოკამერა ფეხსაცმელში ჰქონია ჩამონტაჟებული. როგორც სააგენტო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ეს ახალგაზრდა ზვიად ყუშიტაშვილი ყოფილა, რომელიც კოალიციაში „ახალგაზრდა ემიგრანტებს“ წარმოადგენდა და რომლის გაჩხრეკა თათბირზე შესვლამდე ივანიშვილის დაცვას თავად „ახალგაზრდები სამართლიანი არჩევნებისთვის“ წარმომადგენელმა გიორგი თოფურიამ მოსთხოვა, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერად მოიაზრებოდა. მილიარდერის დაცვამ ყუშიტაშვილი საგულდაგულოდ გაჩხრიკა და მას ფეხსაცმელში მინი–კამერა უპოვა.

„2011 წლის ნოემბერში საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდები შეხვდნენ.

როგორც "ივერონთან" საუბრისას "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, შეხვედრას, რომელიც თავად ბიძინა ივანიშვილმა და მოძრაობა "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა გამართეს, 50-დე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ თოფურიამ ძალა არ დაიშურა, ყუშიტაშვილს ბიძინა ივანიშვილამდე არ შეეღწია, ის მაინც აგენტად მიიჩნიეს - მსგავსი ხალხი სიაში არ უნდა გყოლოდაო, რის შემდეგაც განაწყენებულმა და შეურაცყოფილმა თოფურიამ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა დატოვა"- აცხადებს "ივერონის" სარწმუნო წყარო.“

ამავე წყაროს ცნობით, ის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელებულა, ხოლო შემდეგ, მთელი ორი თვის განმავლობაში, ახალგაზრდები შუშის სასახლეში მიპატიჟებას ამაოდ ელოდნენ.

მორიგი შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში, სადაც ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც მიიწვიეს, უკვე 2012 წლის იანვარში გამართულა, უკვე ახალი სახეების თანდასწრებით.

„ამ შეხვედრას "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი, საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე, მხატვარი და მსახიობი ნიკუშა შენგელაია, ჟურნალისტები ლუბა ელიაშვილი და გიორგი უძილაური, ასევე ასამდე ახალგაზრდა ესწრებოდნენ.

მთავარი გამომსვლელი თინა ხიდაშელი იყო, რაც ერთგვარ გაუგებრობას და უხერხულობას ქმნიდა, ვინაიდან შეხვედრაზე მყოფი ახალგაზრდების ნაწილს "რესპუბლიკური პარტიის" იდეოლოგია და პოლიტიკა საჯაროდ ჰქონდა გაკრიტიკებული. დამსწრეთა კითხვების საპასუხოდ ხიდაშელმა დარბაზში მყოფთ უსაყვედურა, "არ მეგონა, თუ პრესკონფერენციაზე მოვდიოდიო".

ჩამოიწერა სეგმენტ-ჯგუფები და ჩაიწერეს შეხვედრის მონაწილეთა საკონტაქტო კოორდინატები, რის შემდეგაც ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიური კამპანია უნდა გაშლილიყო. როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციიდან შიდა დაპირისპირების შესახებ ხმები გამოდიოდა. ეს დაპირისპირება იმდენად ღია კონფრონტაციაში გადაიზარდა, რომ კატასტროფული მდგომარეობა გამოიწვია, – აცხადებს წყარო და დასძენს, რომ "ამ ფაქტების შემდეგ ახალგაზრდული ფრთის ნაწილმა ორგანიზაცია დატოვა და კოალიციიდან წამოსვლის სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, რომელთა შორის მთავარ მიზეზებად დამოუკიდებელი ინიციატივების უკუგდება და მუშაობისთვის არაჯანსაღი გარემო სახელდება".

ამის შემდეგ წყარო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს, რომელიც, მეტნაკლები აქტივობით დღესაც გრძელდება და კონკრეტულ პირებსაც ასახელებს:

„ახალგაზრდულ ფრთაში ორი ლიდერი - დათო ფაცაცია და ცოტნე ზურაბიანი გამოიკვეთნენ, ჩამოყალიბდა ორი გუნდი, რომელმაც შიდა კონფრონტაციების მთელი სერიები გამოიწვია. ახალგაზრდულ ორგანიზაციაში თამაშს რადიკალი ჯაბა ჯიშკარიანი თავიდანვე გამოეთიშა. მან პირადად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რაც, ბუნებრივია, "ქართული ოცნების" მხრიდან უარყოფილ იქნა.

ამასთან, ახალგაზრდული ფრთა რეჟისორმა ზაზა სვანაძემაც დატოვა, რომელიც თავის წარმოჩენას დამოუკიდებელ სუბიექტად ცდილობდა, რეალურად კი დავით ფაცაციას ბანაკში მოიაზრებოდა. სვანაძეს "ქართული ოცნების" სახელით რუსეთის საელჩოსთან აქციების ორგანიზება ბრალდებოდა, რასაც თავად სვანაძე კატეგორიულად უარყოფს. "ქართული ოცნების" წევრებთან შემოვიდა ზარი, რომელიც ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" ხელმძღვანლმა არნო სტეფანიანიანმა განახორციელა. სტეფანიანი იუწყებოდა, რომ სვანაძე რუსეთის საელჩოსთან აქციებს კოალიციის სახელით გეგმავდა. სვანაძის წამოსვლის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ეს ფაქტი სახელდება. სავარაუდოდ, სტეფანიანის ზარი 2011 წლის ზაფხულში მომხდარ ფაქტს უკავშირდება, როდესაც "მრავალეროვანმა საქართველომ" ზაზა სვანაძე ქსენოფობთა სიაში შეიყვანა.

თავის მხრივ, სვანაძემ სტეფანიანი უპასუხოდ არ დატოვა და ქსენოფობთა სიას – "პროვოკაციული", ხოლო თავად სტეფანიანს "რელიგიურ-ეთნიკური შუღლის გამღვივებელი" უწოდა. სვანაძის მიერ ორგანიზაციის დატოვებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ისედაც დაქსაქსულ გუნდში ერთმანეთის მიმართ უნდობლობა და ფარული თამაშები კიდევ უფრო გამძაფრდა"- აცხადებს ანონიმი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ფრთას თავმჯდომარე არ ჰყავს.

"ბოლო ინფორმაციით, ცოტნე ზურაბიანის შანსები ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებაზე შემცირდა, ხოლო დავით ფაცაციასი გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ოფიციალურად გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, არაოფიციალურად, პირველ "მეოცნებედ" მაინც დავით ფაცაცია მოიაზრება" – დასძინა წყარომ.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100