სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იძებნება ქართველი "ლეიბორისტების" ბელადი

დიდი ხანია პოლიტიკიდან, კონკრეტულად კი ოპოზიციიდან წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა ქართველი "ლეიბორისტების" ბელადი, მშრომელი ხალხის ერთადერთი იმედი "ბაზალეთელი მზეჭაბუკი". შევეცდები მისი ფიზიკური, გონებრივი და სულიერი მონაცემები დეტალურად გადმოგცეთ, ეგებ ვინმემ მიაგნოთ და საწყის მდგომარეობაში დააბრუნოთ. მერწმუნეთ, მპოვნელი გულუხვად დასაჩუქრდება.
მაშ ასე, "მზეჭაბუკი" 1958 წლის 17 თებერვალს მოევლინა დუშეთის რაიონს, მუნვე აღიზარდა და დავაჟკაცდა, "ულვაშები დაიმშვენა, შეჯდა თავის ლურჯა ცხენზე, გააჭენ-გამოაჭენა." მოკლედ, "ბაზალეთელმა" სულ ჭენებ-ჭენებით მოიარა სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, კაცად იქცა.

ჯერ გენერალური პროკურატურის სტაჟიორი იყო, შემდეგ გამომძიებელი, უფროსი პროკურორი და თქვენ წარმოიდგინეთ, პარტიული კომიტეტის მდივნის თანამდედობაც ეკავა! ამ ცოდვას "მშრომელების მამას" უფრო ბოლოსკენ მოვკითხავ, მანამდე კი ვნახოთ, რა გზები განვლო და როგორ მოაღწია ჩვენამდე მართლაც უცნაურმა ადამიანმა.
1992-99 წლებში "მზეჭაბუკმა" სულ დიდ და გავლენიან ხალხში იტრიალა, პარლამენტი თავისი ენაკვიმატობითა და გონებამახვილობით ერთობ გამოაცოცხლა, ასე ხუმრობა-მასხრობაში საკუთარი "ლეიბორისტული პარტიაც" შექმნა (თუ შეაქმნევინეს, ზუსტად არ ვიცი) და "ორი კაპიკიც" იშოვა.
დროთა განმავლობაში "მშრომელი" საკმაოდ გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად იქცა, რაც ძირითადად მისი უძვლო ენის დამსახურებაა. ჩემს მწირ მეხსიერებას არ ახსოვს ისეთი სხარტად მოაზროვნ-მომეტყველე პოლიტიკოსი, რომელსაც "ბაზალეთელის" მსგავსად, ენის მათრახივით ხმარება შეეძლოს. აღნიშნული პერსონა ყოველ სატელევიზიო გამოსვლასა თუ საგაზეთო ინტერვიუში ისე მოხერხებულად უთავსებდა ერთმანეთს ანეკდოტს, ტყუილსა და მართალს, რომ მისი სამსახიობო ნიჭის თვით კომედიური ჟანრის ლეგენდარულ მსახიობებსაც შურდათ.
მან ორატორულ-ორგანიზატორული ნიჭის წყალობით "ლეიბორისტები" მოკლე დროში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია და ხასიათის მიხედვით, ორიგინალური, საპროტესტო აქციების მართვას მიჰყო ხელი, აქაოდა ჩემნაირი მწარე ოპოზიციონერი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე არ არსებობსო.
"ბაზალეთელმა" იმდენი იწიწმატა ჯერ "თეთრი მელას," ხოლო შემდეგ "ვარდებიანი ხელმწიფის" წინააღმდეგ, რომ ხალხი თავის "პატრიოტულ ქვენაგრძნობებში" იოლად დაარწმუნა. არადა, ამბობდნენ, მზეჭაბუკი" "მელას" დაკრულზე ცეკვავს და ამ ცეკვაში კარგადაც უხდიანო. ფუი, ეშმაკს! არ მჯერა და გინდა მომკალით!

თუმცა, ერთმა ამბავმა სულმდაბლური ეჭვები მეც გამიჩინა: როცა "ვარდისტყაოსნები" ბებერი ავანტიურისტის დასამხობად იქაჩებოდნენ, "ენასხარტი" ბუჩქებს ეფარებოდა და საშინელების მოლოდინში ფინიასავით წკმუტუნებდა. "გამყიდველო, მოღალატევ!" – ასე ამკობდნენ მაშინდელი მოპროტესტო ელემენტები "დიდ ლეიბორისტს"... მაინც არ მჯერა!
ვერც იმაში დამარწმუნებთ, რომ "მზეჭაბუკმა" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა მომავალ ხელმწიფეს მილიონებად მიჰყიდა. გეთანხმებით, რომ მისმა "უბაზალეთესებულესობამ" დიდძალი ქონება დააგროვა, ოღონდ პატიოსანი შრომისა და მუყაითობის საშუალებით.
რომ გაჰყვირით, მაგას "მწვანე დოლარები" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილეობის გამოც გადაუხადესო, არ გრცხვენიათ?! რა მოხდა, ადამიანმა უბრალოდ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა და გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა ყველაფერზე (დავუშვათ საშინელი სიზმარი ნახა). აბა, მაშ საიდანა აქვს ძვირადღირებული ბინებისა და მანქანების ფულიო, მე რომ მეკითხებით, ნუთუ სინდისი მაინც არ გაწუხებთ?
ახლა ჭორიკანა ხალხის გულგასახეთქად უნდა ვთქვა სიმართლე: "მშრომელების მამა" წლების განმავლობაში წელზე ფეხებს იდგამდა, ბარავდა, თოხნიდა, ხნავდა, თესავდა, მკიდა, მოსავალს იღებდა, სტიქიას ებრძოდა და ა.შ. სწორედ ამიტომ უფასებდა ასმაგად "მშრომელთა იმედს" მადლიან-ბარაქიანი მიწა ნაშრომ-ნაწვალებს. ნუთუ არ გახსოვთ, როგორ იდგა ბაზარში საწყალი და ჰყიდდა და ჰყიდდა თავის "ნაოფლარს." აი, საიდან იშოვა "ლეიბორისტების მზემ" ამხელა ქონება!
აგიჩემებიათ, ხელისუფლებასთან იყო შეკრული და ფულს აკეთებდაო... დაგავიწყდათ, როგორ დასდევდნენ მოსაკლავად "ნიღბიანი ჯალათები" და როგორი გამწარებული და ქუდმოგლეჯილი გარბოდა მთებში საკუთარი ტყავის გადასარჩენად? კიდევ კარგი, საბრალოს სწრაფი ფეხები და თვითგადარჩენის ძლიერი ინსტიქტი აქვს, თორემ სად მოუღებდნენ ბოლოს, არავინ უწყის.

თქვენი არ ვიცი, მე კი ყველაზე მეტად მასში, როგორც პოლიტიკოსში, ექსცენტრიული ხასიათი და პოეტური ნიჭი ყოველთვის მხიბლავდა. მაგონდება, "ბაზალეთელი" როგორ ემოციურად და გამოთქმით ამბობდა "ვარდოსანისადმი" მიძღვნილ ლექსებს, მაგალითად:
"ტახტი ჩემია, შე მატყუარა, მე ვარ მშრომელთა დიდი ბელადი! ვერ შემაჩერებ, ფეხით თუ არა, იცოდე, ფრენით მოვალ შენამდის!"
განა ცოდო არ არის, ასეთი ხალხი ქართული ოპოზიციიდან და საერთოდ პოლიტიკიდან გააქციო? მერე რა, თუ ორმაგ და სამმაგ თამაშებს თამაშობდა, ზოგს ხომ სჯეროდა მისი. იმედს ვიტოვებ, რომ "წვეტიანი აზრების" მკითხველი "მზეჭაბუკს" შემთხვევით, ქუჩაში მაინც შეამჩნევს და სასწრაფოდ დაგვიკავშირდება. საქართველომ ასეთი "ეროვნული საგანძური" არ უნდა დაკარგოს. ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ მას, როგორც გარდასული ეპოქების დიად მემკვიდრეობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100