სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი: ჩვენთან ტოლერანტობაა - თუ პუტინი მოგწონთ, შეგიძლიათ წახვიდეთ და უმღეროთ

საქართველოს პრეზიდენტი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოში ტოლერანტობის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ნებისმიერ პარტიას, ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია, თავისი აზრი ჰქონდეს რუსეთთან ურთიერთობაზეც და პუტინზეც, მაგრამ ეს დამოკიდებულება დაფარული არ უნდა იყოს.

მისი თქმით, საქართველოში ყველა აზრის მიმართ არის ტოლერანტობა და შესაძლებელია, ადამიანი გახსნილად იყოს რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის მომხრე:

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ პუტინის ჯარისკაცების მიერ ვართ ოკუპირებული და იმის მიუხედავადაც, რომ 500 ათასი დევნილი პუტინის მიერ განხორციელებული ეთნოწმენდის მსხვერპლია.

პირადად მე მიმაჩნია, რომ პუტინის მომხრეობა არც კარგია, არც მორალური და არც პოპულარული - მაგრამ ეს ლეგალურია, ნებადართულია და ჩვენთან ამის მიმართ კანონი ტოლერანტულია.

ასე რომ, ვისაც პუტინი მოგწონთ, მისი გჯერათ ან ფიქრობთ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობის მისეულ ხედვა შეიძლება მივიღოთ, გთხოვთ, ხმამაღლა თქვათ. შეგიძლიათ წახვიდეთ და უმღეროთ პუტინს, როგორც ეს ეთნიკურად ქართველმა მომღერალმა გააკეთა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ნებისმიერ პარტიას შეუძლია იფიქროს, რომ რუსეთთან ურთიერთობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ, მისი თქმით, „ეს უნდა იყოს გამჭვირვალე ხალხისთვის“.

„შეგიძლიათ, კარგი ურთიერთობა გქონდეთ რუსეთის ამ მთავრობასთან და ლიდერებთან და თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ეს ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი ეს პოზიცია ხალხისგან დამალოთ.

თქვენ არ შეგიძლიათ, როგორც ანდაზა ამბობს, ორ სკამზე ერთდროულად ისხდეთ. დისკუსია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებსა და იმ გზებს უკავშირდება, რომლებიც ამ გეგმების განხორციელებამდე მიგვიყვანს, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ვალია ის ნათელი და გამჭვირვალე იყოს ხალხისთვის. ამიტომ, ეს - გამჭვირვალობა, არის ჩემი მოწოდება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100