ივანიშვილის „ტელეისტერიკა“, „მოხევის ქალი“ თინა, რეინკარნირებული „მეცხრე არხი“ და სხვა...

ბიძინა ივანიშვილი რომ გადაწყვეტილებებს სპონტანურად და თავისივე ახირება–აკვიატებების მიხედვით ღებულობს, აღარავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. ამაზე, თუნდაც, პრესსპიკერის წარდგინების ფაქტი მეტყველებს: ჯერ კიდევ წარდგენის წინაღამეს გადაწყდა, რომ პრესსპიკერი გოგი ახალკაცი გახდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ინფორმაციამ გაჟონა და ამბავი გახმაურდა (ამის შესახებ „პრესა.ჯი“–მ დაწერა), გაბრაზებულმა ივანიშვილმა დილით გადაწყვეტილება შეცვალა – ახალკაცი ტელევიზიაში გადაისროლა, პრესსპიკერად კი მაია ფანჯიკიძე წარადგინა. წარდგენის დროს ივანიშვილს წამოსცდა კიდეც: „ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო პრესსპიკერი და ბევრი კანდიდატურაც განვიხილეთ. საბოლოოდ ქალბატონ მაიაზე შევჩერდით“.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყენებულმა ნაცვალსახელმა „ჩვენ“ არ დაგაბნიოთ. მილიარდერი ლენინთან დაკავშირებული ერთი „აფორიზმივითაა“ – „ვამბობთ ლენინს – ვგულისხმობთ პარტიას, ვამბობთ პარტიას – ვგულისხმობთ ლენინს“. ან სულაც, საკუთარ თავს მოიხსენიებს მრავლობით რიცხვში – აბა რას გაუგებ ოლიგარქს, რომელიც ექსცენტრიკული მილიარდერი და ჭორვილელი მონტე კრისტო ერთადაა.

ასე თუ ისე, უკვე გადაწყვეტილია, რომ გოგი ახალკაცი ახალ, უკვე ეკატერინე ხვედელიძე–ივანიშვილის ტელევიზიაში იმუშავებს. თავდაპირველად ის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის უფროსად მოიაზრებოდა, მაგრამ მთლად ასეც არ ენდნენ – ივანიშვილის გარემოცვა მიიჩნევს, რომ გოგი ახალკაცი ისევ მეგობრობს მის კოლეგებთან „იმედიდან“, ამიტომაც მის აღზევებას, ჯერჯერობით, ვეტო ადევს. როგორც „დრონი.ჯი“–მ შეიტყო, გოგი ახალკაცის კანდიდატურა თინა ხიდაშელმა დაბლოკა და მეტიც – სწორედ ხიდაშელმა თქვა გადამწყვეტი სიტყვა პრესსპიკერად მაია ფანჯიკიძის დანიშვნის დროს.

თინა ხიდაშელს რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებზე უდიდესი გავლენა აქვს, მაშინვე გახდა საცნაური, როცა მეორე აღზევებული ქალი ივანიშვილის კარზე – ეკა ბესელია ჯერ გვერდზე ჩააჩოჩეს, მერე კი საერთოდ გააქრეს თვალთახედვიდან. ივანიშვილთან ერთად ბესელია ჩანდა ყველგან – ბრიფინგებზე, არცთუ მრავალრიცხოვან შეხვედრებზე, პატრიარქთან შეხვედრის დროსაც კი. ახლა ბესელია ხიდაშელმა ჩაანაცვლა. „მოხევის ქალმა“ თინამ ოსტატური ფანდებით ჩამოიცილა გზიდან ეკატერინე ბესელია და ახლა სწორედ ხიდაშელი ჩანს ყველგან ბიძინას გვერდით: შეხვედრებზე, ღონისძიებებზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქუჩაშიც კი: თუ არ გჯერათ, დააკვირდით ვიდეოს, სადაც ასახულია, როგორ შეუერთდა ბიძინა ივანიშვილი ზურა ვაზაგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ მიტინგს...

როგორც კულუარებში ამბობენ, სწორედ თინა ხიდაშელის ხელი ურევია იმაშიც, რომ „ქართული ოცნებიდან“ ნანა დევდარიანი წავიდა. ამის შემდეგ თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის „ერთპიროვნული მმართველი“ გახდა და ამ როლის დათმობას არ აპირებს. მის გარეშე ივანიშვილთან ვერც ვერავინ შეჭაჭანდება და ვერც გამოჭაჭანდება. რამდენიც უნდა იძახოს ბიძინამ, დამოუკიდებელი კაცი ვარ, ჩემი მართვა შეუძლებელია და გადაწყვეტილებებს თვითონვე ვიღებო, ფაქტია, რომ თინათინი თანდათან უფრო ემსგავსება შორენას სხვა, არანაკლებ გავლენიანი კარიდან. ცხადია, მეფე გიორგის კარსა და შორენა კოლონკელიძეს არ ვგულისხმობ...

რაც შეეხება ახალ ტელევიზიასა და მის კადრებს, მთლად დალაგებული სიტუაცია არც იქაა. უკვე გადაწყვეტილია, რომ გოგი ახალკაცი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან გადაბარგებამდე „იმედზე“ „იმედის დილა“ მიჰყავდა, ხოლო „იმედში“ გადაბარგებამდე კი შევარდნაძის აპარატის თანამშრომელი გახლდათ, ახალ ტელევიზიაში პოლიტიკურ თოქ–შოუს წაიყვანს. სავარაუდოდ, თოქ–შოუს ფორმატი და ძირითადი პრიორიტეტებიც უკვე ცნობილია, მაგრამ გოგი ახალკაცი მათ ჯერ ვერ გაახმაურებს – რა იცი, შესაძლოა, მილიარდერს ზედ ეთერში გასვლის წინ მოუნდეს რაიმე კორექტივის შეტანა...

ივანიშვილის ტელეისტერიის დასაწყისი საკმაოდ შთამბეჭდავია – ქართულ ტელესივრცეში „მეცხრე არხი“ დაბრუნდება. ყოველ შემთხვევაში, კულუარული ცნობები ასეთია – ივანიშვილს არ მოეწონა ტელევიზიის დასახელება „იგრიკა“ – ეს რაღაც, არასერიოზულად ჟღერსო და ტელეკომპანიის „მეცხრე არხად“ გადაკეთების განკარგულებაც გაუცია. კაცმა რომ თქვას, ჯერჯერობით, ეს მილიარდერის ერთადერთი, სწორი გადაწყვეტილებაა – მე–9 არხს საკმაოდ კარგი იმიჯიც ჰქონდა, რეიტინგიც და რაც მთავარია, უფრო მეტად იყო ასოცირებული ბიძინა ივანიშვილთან, ვიდრე „იგრიკაა“.

რეინკარნირებულ „მეცხრე არხზე“, ძირითადად, ცნობილ–გაახლებული სახეები გამოჩნდებიან. შესაძლოა, მანდ ვიხილოთ ეკა ბერიძე და, რაც ყველაზე საინტერესოა, „იმედის“ ცნობილი წამყვანი და ჟურნალისტი თამთა სანიკიძე, რომელიც ივანიშვილის უახლოესი ბიზნეს–პარტნიორისა და ახლობლის საცოლეა. სხვათა შორის, თამთას წასვლა „იმედიდან“ მაშინვე დაუკავშირეს ამ ფაქტორს, მაგრამჟურნალისტმა მაშინ გავრცელებულ ხმებს, „იმედიდან“ სკანდალით წამოსვლის შესახებ ჯერ დუმილით უპასუხა, შემდეგ კი, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, ამ ამბავს გამოეხმაურა და „აბსურდული მონაჭორი“ უწოდა.

ამას გარდა, ივანიშვილის გარემოცვა რამდენიმე ცნობილი ტელესახის გადაბირებაზეც მუშაობს – ჟურნალისტებს იმაზე ბევრად მეტ ანაზღაურებას ჰპირდებიან, რასაც დღეს იღებენ, მაგრამ გადასვლას არავინ ჩქარობს – როგორც ცანს, მათაც აშინებთ ივანიშვილის სპონტანურობა და კარგად ახსოვთ, როგორ ერთი ხელის მოსმით, ერთ დღეში დახურა ბიძინამ საკუთარი ტელევიზია, ასეულობით ადამიანი კი უმუშევარი დატოვა. ექსცენტრიკული მილიარდერისგან ყველაფერს უნდა ელოდე კაცი და, ამ ტელევიზიასაც რა იცი, როდის მიახურავს...

კომენტარი