სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტალიავინის კომისიის ყბადაღებული დასკვნა: რა წერია და რას კითხულობენ ზოგიერთები...

ის ქართველი თუ არაქართველი პოლიტიკოსები, ექსპერტები თუ ექსპერტობის მსურველები, რომლებისთვისაც ჯერაც განსჯის საგანია, ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომი, თავიანთი პოზიციის გასამყარებლად (ომი საქართველომ დაიწყო) ძალიან ხშირად იშველიებენ ჰაიდი ტალიავინის კომისიიის დასკვნას, რომელიც ამ ომის შემფასებელ მთავარ დოკუმენტადაა მიჩნეული.

სწორედ ამ დასკვნას ეყრდნობიან, როცა ამტკიცებენ, რომ ტალიავინისა და მათი მოსაზრებები ომის დაწყებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. ზოგიერთი ხელსაც იბანს: „მე კი არა, ტალიავინი ამბობს...“

ამჯერად ჩვენი მიზანი არ არის იმის გარკვევა, რამდენ ექსპერტს ან პოლიტიკოსს აქვს წაკითხული ჰაიდი ტალიავინის დასკვნა და რამდენად სრულყოფილად აქვთ იგი შესწავლილი. უბრალოდ, გვინდა კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ამ დასკვნას და გავიხსენოთ, კონკრეტულად რა წერია იქ.

დავიწყოთ იმით, რომ ჰაიდი ტალიავინის კომისიამ ომის დაწყების მიზეზებად ქართული და რუსული მხარის მიერ დასახელებული მოტივები არ გაიზიარა. დასკვნაში წერია, რომ ქართული მხარის მტკიცება - ცხინვალზე იერიშის დაწყება რუსული აგრესიისგან თავის დაღწევის სურვილით იყო განპირობებული, ხოლო წინადღეებში ქართული სოფლების მისამართით გახსნილი ცეცხლი სხვაგვარად მოქცევის უფლებას არ გვაძლევდაო, კომისიამ არ გაიზიარა.

დასკვნაში ასევე ცალსახად წერია, რომ კომისიამ უარყო რუსული მხარის გამამართლებელი მიზეზებიც: რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალში გენოციდი მოაწყო და რომ კრემლი იძულებული გახდა, სამხედრო მანქანა აემუშავებინა, რათა სამხრეთ ოსეთში საკუთარი მოქალაქეები დაეცვა.

ტალიავინის კომისიის დასკვნაში, რაოდენ საოცრადაც უნდა მოეჩვენოს ზოგს, ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება და ამავე დასკვნაში სულაც არ გახლავთ უარყოფილი რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მეზობელი ქვეყნის მიმართ, მაგრამ პოლიტიკოსები და ექსპერტები მხოლოდ დასკვნის იმ ნაწილით აპელირებენ, სადაც თითქოსდა მითითებულია, რომ საქართველო იყო ის მხარე, რომელმაც ომი რეალურად დაიწყო და რუსეთი მხოლოდ მას შემდეგ შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ქართულმა მხარემ ცხინვალზე იერიში მიიტანა.

სწორედ ეს გახლავთ ტალიავინის დასკვნის ინტერპრეტირებული ვარიანტი, მაგრამ მოდით, ვნახოთ, რეალურად, რა წერია ამ დასკვნაში?

ტალიავინის კომისიის დასკვნაში არსად არის ნათქვამი, რომ ომი საქართველომ დაიწყო. იქ ნათქვამია, რომ საქართველომ დაიწყო კონკრეტული ოპერაცია, მაგრამ ასევე ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ ამ ოპერაციამდე რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოვიდნენ შეიარაღებული ფორმირებები. ხოლო რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარის ნაწილები,რომლებიც არ შეადგენდნენ სამშვიდობო ჯარების ნაწილს, შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ადრე, ვიდრე რუსეთი ამას აცხადებს.

ალბათ, განათლების მქონე ადამიანთა უმეტესობას აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარის ან სხვა შეიარაღებული დანაყოფების შეყვანა წარმოადგენს აგრესიას ამ ქვეყნის წინააღმდეგ. შესაბამისად, ტალიავინის კომისიამ დაასკვნა, რომ რუსეთმა ჩაიდინა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ჯერ კიდევ ქართული ჯარის ოპერაციამდე. უბრალოდ, კომისიამ არ გამოიყენა სიტყვა ”აგრესია”, რაც არცაა გასაკვირი, იმ დროის გათვალისწინებით, როცა ეს დასკვნა იწერებოდა.

ძალიან ბევრი, ვისაც ტალიავინის კომისიის დასკვნით მანიპულირება უყვარს, ასევე არგუმენტად იშველიებს თითქოსდა იქ ჩაწერილ მტკიცებას იმის შესახებ, რომ როგორც რუსული, ასევე ქართული მხარეები მომზადებულნი იყვნენ მსგავსი ოპერაციის ჩასატარებლად. თუ ამგვარ არგუმენტს დაგიდებენ, თავისუფლად უწოდეთ მას სიცრუე, რადგან ტალიავინის კომისიის დასკვნაში მსგავსი რამ, უბრალოდ, არ წერია, პირიქით, კომისია აღიარებს, რომ ქართული ჯარისთვის რუსეთთან ომი მოულოდნელობა აღმოჩნდა. ციტატა:

“Many of them [international experts] also believe that the massive Russian military action in August 2008 caught Georgians off guard and unprepared both strategically and tactically”
დასკვნის II ტომი, გვ 214.

ამავე გვერდზე დასკვნაში ხაზგასმულია ისიც, რომ ომის დაწყების მომენტში ქართული ჯარის საუკეთესო, ელიტური დანაყოფები ერაყში იყვნენ:

“2000 of the best-trained Georgian soldiers of the elite 1st Infantry Brigade were deployed in Iraq.”

აქედან გამომდინარე, მინიმუმ, უცნაურია - ქვეყანა, რომელიც ომისთვის ემზადებოდა, ელიტურ ჯარს ერაყიდან არ გამოიწვევდა? ამასთან, რონალდ ასმუსის წიგნში „მცირე ომი, რომელმაც სამყარო შეძრა“ აღწერილია, რომ ომის დაწყების შესახებ ცნობამ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ბათუ ქუთელიას მაშინ მოუსწრო, როცა შვებულებაში მყოფი, მანქანის ზედა საბარგულზე წყლის თხილამურებს ამაგრებდა და ოჯახთან ერთად ზღვაზე აპირებდა გამგზავრებას; სენაკის მეორე ქვეითთა ბრიგადის უფროსს ჯარისკაცები და ოფიცრების უმეტესი ნაწილი შვებულებაში ჰყავდა გაშვებული და თვითონაც ომის დაწყების დღეს ახლობელთან, არასამხედრო ვითარებაში ქეიფობდა; თავად პრეზიდენტი სააკაშვილი იტალიაში იმყოფებოდა და გამაჯანსაღებელ კურსს გადიოდა - ეს იყო ომისთვის „მომზადებული“ საქართველოს შეიარაღებული ძალები?

რაც მთავარია, დასკვნაში ცალსახადაა მითითებული, რომ რუსული სამხედრო ოპერაციები საქართველოში 2008 წლის აგვისტოში საკმაოდ კარგად დაგეგმილი იყო. ციტატა:

”Russian military operations in Georgia in August 2008 appear to most analysts to have been well-planned and well-executed. The operational planning had been validated in practice during the “Kavkaz-2008″ military exercise (and previous military exercises since 2005), which ended on 2 August 2008. After the exercise, some units returned to their garrisons, but others seem to have remained and deployed in a precautionary move near the Georgian border. Therefore, they could quickly move to South Ossetia through the Roki tunnel when ordered to do so.”
დასკვნის II ტომი, გვ. 217.

ასე რომ, სანამ ჰაიდი ტალიავინის დასკვნას რომელიმე პოლიტიკოსი საქართველოს დასადანაშაულებლად გამოიყენებს, უმჯობესი იქნება არა ერთი კონკრეტული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზით, არამედ იმ ფრაზებითა დამოკიდებულებით იმსჯელოს, რომლითაც, ზოგადად, ამ კომისიის საკმაოდ ვრცელი დასკვნაა გაჯერებული.

სტატიაში გამოყენებული წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100