ალასანია სააკაშვილთან ფარულ მოლაპარაკებებს მართავს?

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბურჯანაძე, ბადრი ბიწაძე, კონსერვატორები, ფორუმელები და გაჩეჩილაძე, ალასანიას გაუბედაობისა და ორმაგი თამაშის გამო აკრიტიკებენ.
რადიკალების ერთ ნაწილს აქვს სერიოზული ეჭვი იმის შესახებ, რომ გაეროს ექს-ელჩი ხელისუფლებასთან კონსპირაციულ შეხვედრებს მართავს, სადაც სააკაშვილის გარემოცვას გვარიანად ევაჭრება. მართალია, ეს ეჭვი, ჯერჯერობით არ გაჟღერებულა, მაგრამ ნინო ბურჯანაძის გარემოცვა ამტკიცებს, რომ რადიკალებს, ალასანიასა და ხელისუფლებას შორის არსებული საიდუმლო კავშირის დამტკიცებაც შეუძლიათ. თუმცა, ოპოზიციის გახლეჩვა აშფოთებთ, რის გამოც, ღია კრიტიკისგან თავს იკავებენ. წყაროს ცნობით, პრეზიდენტს, ირაკლი ალასანია, კონსპირაციულად, ეკონომიკის განვითარების მინისტრმა, ლაშა ჟვანიამ შეახვედრა.
თავად მინისტრი, მისი პოლიტიკური მეგობრების მტკიცებით, კონსპირაციული შეხვედრის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. რა თქმა უნდა, "შეთქმულების თეორიის" ბუნებაში არსებობას ალასანიას გარემოცვაც გამორიცხავს.
ძნელი სათქმელია, მართლა შედგა თუ არა, მსგავსი შეხვედრა და თუ შედგა, სად და როდის. თუმცა, ფაქტი ერთია - კონსპირაციული შეხვედრების ორგანიზატორები საიდუმლო მოლაპარაკებებზე საჯაროდ არასოდეს საუბრობენ...
ოპოზიციის ერთი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი ხმების გავრცელება ხელისუფლების ინტერესებში შედის. რომ ინფორმაცია, ალასანიასა და სააკაშვილის საიდუმლო შეხვედრის შესახებ ხელისუფლებამ ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით სპეციალურად გაავრცელა. რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია და მათ ლიდერებს შორის არავითარი დაპირისპირება არ არსებობს.
შესაძლოა ასეცაა, თუმცა, ის, რომ ბურჯანაძის ფრთა რადიკალური ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ალასანია წარმოადგენს, ცალსახად და მწმავედ უპირისპირდება, ამაზე, ჩვენი წყარო თავს დებს.
წყარო, საიდუმლო მოლაპარაკებების ფაქტსაც ადასტურებს. უფრო მეტიც: წყარო აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ძირითადი საგანი ე.წ. კოალიციური მთავრობის შექმნაა, რაზეც მხარეები "თითქმის" უკვე შეთანხმდნენო.

კომენტარი