სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეხ კაჩინსკი პუტინმა ქართული არმიისთვის საზენიტო კომპლექსის გადაცემის გამო გაწირა

პოლონეთის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ ინტერნეტპორტალ Pomniksmolensk-თან ინტერვიუში ლეხ კაჩინსკის დაღუპვის სკანდალური, საქართველოსთან დაკავშირებული ვერსია გააჟღერა: მისი თქმით, არ არის გამორიცხული, ლეხ კაჩინსკიზე რუსეთის მხრიდან შურისძიების მიზეზი ქართული არმიისთვის პოლონური პერსონალური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „გრომის“ გადაცემა მომხდარიყო, რომლითაც ქართველებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს არაერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ამასთან, იაროსლავ კაჩინსკი ადრე ამ ვერსიას მხოლოდ სავარაუდოდ მიიჩნევდა, ახლა კი უკვე დარწმუნებით ამბობს, რომ ლეხ კაჩინსკიზე შურისძიება სწორედ ამ საზენიტო კომპლექსის საქართველოსთვის გადაცემის გამო განხორციელდა, რადგან „გრომი“ იმ ომში ნამდვილ რისხვად იქცა რუსული მოიერიშეებისთვის.

ამასთან, იაროსლავ კაჩინსკიმ დაამატა, რომ შურისძიების ვერსიის საბოლოოდ დასამტკიცებლად ჯერაც ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ლეხ კაჩინსკი უკრაინის, ესტონეთის, ლიტვის პრეზიდენტებთან და ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ერთად იყო თბილისში და პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზეც გამოვიდა სიტყვით.

ჯერ კიდევ 2008 წლის ნოემბერში რუსეთმა დიპლომატიური პრეტენზია გამოუცხადა პოლონეთს იმის გამო, რომ 2007 წელს პოლონურმა მხარემ ქართულ არმიას ოცდაათამდე პერსონალური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „გრომი“ და ასი რაკეტა გადასცა. 2011 წლის გაზაფხულზე პოლონური გაზეთი „ამგორა“ ინკოგნიტო ოფიცერზე დაყრდნობით წერდა, რომ პოლონურმა „გრომმა“ ეფექტურად იმუშავა 2008 წელს იმ რუსული მოიერიშეების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას ბომბავდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100