საქართველოში რუსეთის ბოლო ელჩი: „თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რუსეთი ზომებს მიიღებს“

ის ქართველები, რომლებიც არ იღლებიან ხან რუსი, ხანაც უცხოელი ანტიქართულად განწყობილი პოლიტიკოსების, პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების ციტირებით და რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ომი წინასწარ დაგეგმა და „მძინარე ცხინვალი“ დაბომბა, რატომღაც გვერდს უვლიან მონაცემებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტომდე კარგა ხნით ადრე ემზადებოდა ომისთვის და მეტიც, ეს ომი რომ დასაშვები იყო, ხმამაღლა სუბრობდა კიდეც.

მოდით, კიდევ ერთი ასეთი ფაქტი გავიხსენოთ: 2007 წლის სექტემბერში, საქართველოში რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ, საქართველოს ინტელიგენციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ „ქართველი ერი გადაშენების გზაზე მდგარი ერია“. მ განცხადებისთვის ის მეორე დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, მაგრამ თუ იმდღევანდელი შეხვედრის ჩანაწერს გადავხედავთ, ცხადი გახდება, რომ კოვალენკომ 2007 წლის სექტემბერში უფრო სკანდალური განცხადებაც გააკეთა: მან პირდაპირ მიანიშნა, რომ თუ საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა, რუსეთი საპასუხო ზომებს მიმართავდა. მისი გამოსვლის ეს ნაწილი სიტყვასიტყვით ასე ჟღერდა:

„თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რუსეთთან ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბება. უ-კი-დუ-რესად! და რუსეთი, იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, იძულებული გახდება მიიღოს საპასუხო, შესაბამისი ზომები“.

„შესაბამისი“ და „საპასუხო“ ზომები უკვე ვნახეთ. ასევე ვნახეთ და მოვისმინეთ ორჯერ რუსეთის პრეზიდენტის, ერთხელ კი საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რატომ დაიწყო ომი. ესეც - მეოთხე აღიარება, ომის დაწყებამდე თითქმის ერთი წლით ადრე...

კომენტარი