სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეგზიტპოლი: რუსეთში მმართველი პარტია ხმათა 50 პროცენტზე ნაკლებით ლიდერობს

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული ეგზიტ-პოლის თანახმად, კენჭისყრაში პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მმართველი პარტია, "ერთიანი რუსეთი" იმარჯვებს. მისი მაჩვენებელი ხმათა 50 პროცენტზე ნაკლებია. სახელმწიფო კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით - რომლის შედეგები სახელმწიფო ტელევიზიითაც გადაიცა - "ერთიანი რუსეთი" სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის არჩევნებს ხმათა 48.5 პროცენტით მოიგებს - მაშინ, როცა 2007 წელს მას 64.3 პროცენტი ერგო. მეორე ადგილზე კომუნისტური პარტია გადის, ხმათა 19.8 პროცენტით.

მხარდაჭერის კლების მიუხედავად, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბორის გრიზლოვმა, მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „ედინაია რასიამ“ გაიმარჯვა. რეზულტატი, რომელსაც მივაღწიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია.“

არჩევნებს თან ახლდა დამკვირვებლებზე ზეწოლა და ბრალდებები საარჩევნო დარღვევების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლეონიდ ივლევმა განაცხადა, რომ ყველა საჩივარს გამოიძიებენ: „ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა საჩივარს განვიხილავთ. ამ პროცესში ჩაერთვებიან სამართალდამცავი ორგანოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, საგამოძიებო კომიტეტი. ყველა საჩივარი იქნება განხილული.“

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტს, ვიტალი კამიშევს მოსკოვში, ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტში შესვლის უფლება არ მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა მოქმედი აკრედიტაცია. შენობაში შესვლის აკრძალვის მიზეზები მისთვის არ განუმარტავთ.

მასშტაბური დარღვევების შესახებ ჩიოდნენ კომუნისტური პარტია და ლიბერალური ორიენტაციის „იაბლოკო“. მათი თქმით, დამკვირვებლებს ნორმალური მუშაობის საშუალება არ ეძლეოდათ, დარღვევების მიზანს კი მმართველი პარტიის მაჩვენებლის გაუმჯობესება წარმოადგენდა.

სააგენტო ასოშიეიტედ პრესის ცნობით, ვლადივოსტოკში ამომრჩევლებმა პოლიციას აცნობეს, რომ ერთიანი რუსეთი მათ სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ ამომრჩევლებს უფასო საკვების დარიგებას პირდებოდა.

პოლიციის და თვითმხილველვების განცხადებით, 180-მდე პირი დააკავეს სამ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე, რომლებიც მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში გაიმართა. დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციის ლიდერები, სერგეი უდალცოვი და ედუარდ ლიმონოვი.

რამდენიმე დამოუკიდებელ ვებსაიტზე კიბერ-შეტევა განხორციელდა და ისინი მწყობრიდან გამოვიდა. მათ შორის იყო ლიბერალური, კრემლის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამორჩეული რადიოსადგურის, ეხო მოსკვის საიტი. იერიში მიიტანეს ასევე რუსეთში მოქმედი ერთადერთი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ჯგუფის, „გოლოსის“ საიტზეც. ამ ჯგუფმა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას 5,000-ზე მეტი დარღვევა აღრიცხა.

450 ადგილიან სახელმწიფო სათათბიროში ადგილების მოსაპოვებლად შვიდი პარტია იბრძოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100