სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოზე მიღებული რეზოლუციის გამო პრეზიდენტმა ევროპარლამენტის წევრი დააჯილდოვა

იმის საჩვენებლად, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ რეზოლუციას საქართველოზე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპარლამენტის წევრი კშიშტოფ ლიზეკი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

დოკუმენტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოუწოდებს ევროკავშირის ძირითად ინსტიტუტებს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ ცნოს, ევროპის სახალხო პარტიიდან პოლონელი დეპუტატის კშიშტოფ ლიზეკის მოხსენებას ეფუძნება.

„ეს დოკუმენტი ნამდვილად ატარებს ისტორიულ ხასიათს“, – განაცხადა სააკაშვილმა მის რეზიდენციაში გამართული დაჯილდოების ცერემონიაზე, „ჩვენმა ერმა ძალიან კარგად იცის მადლობის თქმა. ეს არის ის შემთხვევა, როცა ჩვენ უნდა თქვენ გითხრათ განსაკუთრებული მადლობა. რა თქმა უნდა, ეს მადლობა ასევე ეკუთვნის მთელ ევროპარლამენტს. ამ შემთხვევაში თქვენ წარმოადგენთ ამ ორგანოს აქ“.

„ეს [რეზოლუცია] არის თითქმის მთელი ევროპარლამენტის მნიშვნელოვანი ხმა. ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც ევროპულ საახელმწიფოს; ჩვენ ვხედავთ საქართველოს როგორც სახელმწიფოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ყველა ევროპულ ღირებულებას და პრინციპს წარმოაჩენს, მათ შორისაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ“, – განაცხადა ლიზეკმა.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ენიჭება პიროვნებას „საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.

იმ უცხოელ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც საქართველოში წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოვდნენ, არიან აშშ–ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში; საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი; ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი; აშშ–ის სენატორი ჯო ლიბერმანი; საფრანგეთის თანამშრომლობის მინისტრი ჰენრი დე რეინკორტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100