სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

SOS!!! რუსული მედია არახალ რუსულ გეგმას ქართველის წერილით ახმიანებს

როგორც ჩანს, რუსეთის იმპერიულ გეგმებში ერთი მოძველებული მეთოდი გაიხსენეს - საქართველოს რეგიონებში სეპარატიზმის გაღვივება. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ბოლო დროს რუსულ მედიაში ხშირად ქვეყნდება წერილები, სადაც დასავლეთ საქართველოში სეპარატიზმის „საფრთხეზეა“ საუბარი. ერთი ასეთი წერილის ავტორი ქართველია.

Regnum.ru აქვეყნებს გურამ შარიას წერილს, რომელიც, შესაძლოა, ერთი მხრივ არასერიოზულად მოეჩვენოთ მათ, ვინც კარგადაა ცახედული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში - სამეგრელოსა და სვანეთში მიმდინარე პროცესებში, მაგრამ მეორე მხრივ, მინიმუმ, ეჭვები მაინც აღძრას ობიექტური რეალობის გაგების მსურველ იმ ადამიანებში, რომლებსაც არა აქვთ საშუალება, ონლაინ-რეჟიმში ადევნონ თვალყური მოვლენების განვითარებას საქართველოში. უფრო მეტად კი, სულაც არაა გამორიცხული, გურამ შარიას ამ „ანალიტიკური“ წერილის გამოქვეყნებით მოსკოვის სამომავლო გეგმებთან გვქონდეს საქმე, რომელსაც ნებსით თუ უნებლიედ, გურამ შარია ახმიანებს - საქართველოს დასავლეთ რეგიონებში სეპარატიზმის გაღვივება.

ჩვენი პათოსი რომ გადაჭარბებულად არ მოგეჩვენოთ, სტატიის ბოლოს შეგიძლიათ რუსულ ენაზე დაბეჭდილი ორიგინალიც ნახოთ: თურმე ნუ იტყვით და, სამეგრელოსა და სვანეთში მოსახლეობა იმდენად შეშფოთებული ყოფილა სვანური და მეგრული ენების დევნით და მისი განადგურების სურვილით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ შესაძლებელი ყოფილა, ყველაფერი ეს „პოლიტიკურ და შეიარაღებულ წინააღმდეგობაში გადაიზარდოს“, თანაც, ყურადღება მიაქციეთ მინიშნებას, რომელიც სტატიის ბოლოს გვხვდება:

„არც ისაა გამორიცხული, რომ მეგრელებმა და სვანებმა, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გაახშირონ პოლიტიკური და შეიარაღებული წინააღმდეგობის გამოვლენა სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ. ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მათ შეუერთდება, რაც ურთულესი და, შესაძლოა, გადაუჭრელი პრობლემაც კი გახდეს თბილისის ხელისუფლებისთვის.“

ახლა კი დავაკვირდეთ, როგორი მსჯელობითა და პოლიტიკური ლოგიკით მივიდა სტატიის ავტორი მსგავს დასკვნამდე და მერე კი, ვისაც უნდა დაიჯეროს, რომ მესამეხარისხოვანი ჟურნალისტისა თუ „პოლიტიკური მოღვაწის“ ამ „პოლიტიკური ანალიზით“ რუსული პრესა სრულიად შემთხვევით დაინტერესდა. მით უმეტეს, რომ ეს სტატია უკვე ოპერატიულად აიტაცა რამდენიმე უცხოურმა, არარუსულმა გამოცემამაც.

სტატია ასეა დასათაურებული: „სამეგრელო და სვანეთი - საქართველოში სეპარატიზმის შეკუმშული ზამბარები“ - ამ მყვირალა სათაურის ქვეშ დამალულ „სიბრძნეებს“ კი „დრონი.ჯი“ ნაწყვეტების სახით გთავაზობთ:

„2008 წლის ომისა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ საქართველოს დეზინტეგრაცია გაგრძელდა. რესპუბლიკაში სეპარატიზმის სხვადასხვა სახეობათა კერების წარმოქმნაა მოსალოდნელი. საუბარია არა საქართველოს სამხრეთ რეგიონებზე, სადაც ეროვნული უმცირესობები - აზერბაიჯანელები და სომხები კომპაქტურად სახლობენ: ამ რეგიონში სეპარატისტული ან ფედერაციული წარმონაქმნების გაჩენას მხარს არ უჭერენ ერევანი და ბაქო, რაც ქვემო ქართლში სიტუაციის ამ კუთხით გამწვავებას, კარგა ხანს მაინც, გამორიცხავს. ამჯერად ამ კუთხით არსებული სიტუაციის შემდგომ გართულებებზე საქართველოს დასავლური რეგიონების, კონკრეტულად, სამეგრელოსა და სვანეთის მაგალითზე შევეცდებით.

ორივე ეს ისტორიული პროვინცია საქართველოს დასავლეთით, აფხაზეთის მეზობლად მდებარეობს. ეს რეგიონები იმითა არიან გამორჩეულნი, რომ მათი მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს თავიანთ, დამწერლობის არმქონე ენებს - მეგრულსა და სვანურს, რომლებიც ლიტერატურული ქართული ენისგან განსხვავდებიან.

როგორც ქართველ, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნების სწავლულ-ენათმეცნიერთა საერთო აზრი მოწმობს, მეგრული და სვანური ქართული ენის დიალექტი კი არ არის, არამედ სრულიად განსხვავებული ენებია, რომლებიც შედიან ქართველურ ენათა ჯგუფში.

თუ უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სამეგრელოსა და სვანეთის მოსახლეობის უმრავლესობამ იცოდა მხოლოდ ადგილობრივი, დამწერლობის არმქონე ენები, ხოლო ქართულს მხოლოდ ფეოდალები და სასულიერო წრეები ფლობდნენ. ასეთი სურათი შენარჩუნებული იყო მე-19 საუკუნის შუაწლებამდე, ზოგიერთ სოფელში კი - მეოცე საუკუნის შუაწლებამდეც კი.

მე-19-20 საუკუნეებში სამეგრელო და სვანეთი აქტიურ პროცესებში ჩაებნენ საქართველოს დანარჩენ რეგიონებთან. დაიწყო მიგრაცია, რომელიც პირველ რიგში, დიდი ქალაქებისკენ - თბილისისა და ქუთაისისკენ იყო მიმართული. საბჭოთა ხელისუფლების დროს დაწყებულმა მასობრივმა განათლებამ და სახელმწიფოს ხარჯზე ლიტერატურის გავრცელებამ რეგიონებში მინიმუმამდე დაიყვანა ისეთი ადამიანების რიცხვი, ვინც არ იცოდა სახელმწიფო ენა (უმეტესწილად, ქართული). ამავე დროს, ყოველდღიურ ყოფაში მეგრელებისა და სვანების უმრავლესობა ადგილობრივ, რეგიონალურ ენებსაც იყენებდა. არსებობდა ორი ენა, რომლებსაც მოსახლეობა თანაბარი სიხშირით უბრუნდებოდა. ოფიციალურად ყველგან დომინირებდა ქართული ენა, მაგრამ არაოფიციალურ გარემოებებში მეგრული და სვანური მას ყველგან ეცილებოდნენ ლიდერობაში.

სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში. ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ კურსი აიღო „ქართველი ერისა“ და „ეროვნული სახელმწიფოს“ ახალ აღმშენებლობაზე. ეს პროცესი ითვალისწინებს არამხოლოდ ეროვნული უმცირესობების ასიმილაციას ერთიან სამოქალაქო ერში, არამედ ენობრივი უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციასაც, ამ კონტიგენტში კი სწორედ მეგრელები და სვანები უნდა მოვიაზროთ. ისინი ითვლებიან ქართველებად (თუმცა, სწავლულების ნაწილი მათ ქართველებისგან განცალკევებულ ადგილს აკუთვნებს), მაგრამ აქვთ თავიანთი ენა.

ახალი ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ხელისუფლება ატარებს კულტურულ, ენობრივ და საგანმანათლებლო პოლიტიკას, რომელიც ერთი, სახელმწიფო ენის დომინირებას გულისხმობს. მართალია, ამჟამად საქართველოში ფართოდ პროპაგანდირებულია ინგლისური ენის შესწავლა, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა. რაც შეეხება რეგიონალურ ენებს, ისინი განწირულნი არიან ყოველდღიური ყოფიდან განდევნისა და განადგურებისთვის.

სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს დღეს სვანურ და მეგრულ ენებთან მიმართებაში. ხელისუფლების პროპაგანდა, მათ შორის, ტელეპროპაგანდაც, მიმართულია ეროვნული თვითშეგნების გამტკიცებისკენ და და საერთოდ, ნაციონალიზმის პროპაგანდისკენ. ამ ფონზე ჩამორჩენილობად და არაპრესტიჟულად ითვლება მეგრულ და სვანურ ენებზე საუბარი. აღნიშვნად არც კი ღირს ის გარემოება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ ენების რაიმე სახით მხარდაჭერასა და წახალისებაზე საუბარი ზედმეტია - თუნდაც წმიდა აკადემიური კუთხით.

ნებისმიერი მოთხოვნა რეგიონალურ ენაზე გაზეთის გამოცემის, ან სკოლებში მეგრული და სვანური ენების სწავლების კურსის შემოღების შესახებ სეპარატიზმის წახალისებად და ერთიანი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ გამოსვლადაა მიჩნეული. ამ დროისთვის, ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი სარწმუნო სოციოლოგიური კვლევა იმის შესახებ, თუ რომელ ენას ანიჭებს უპირატესობას სამეგრელოსა და სვანეთის მოსახლეობა. შესაძლოა, ასეთი კვლევა არსებობს კიდეც, მაგრამ იგი დახურულია.

ასე რომ, შეუძლებელია რიცხვებში განვსაზღვროთ, უწევენ თუ არა კონკურენციას ქართულს მეგრული და სვანური ენები, მაგრამ ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულებიდან, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტიდან და რეგიონებში არსებული სიტუაციის შესწავლიდან, ასევე, ინტერნეტში აღმოჩენილი ინფორმაციიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს პროცესი შეინიშნება, თუმცა, არც ისე ინტენსიურია. ეს არაინტენსივობა არცაა გასაკვირი, რადგან ცნობიერების კოდირებას მას-მედიის, ძირითადად კი ელექტრონული მედიის საშუალებით, ვერავინ უარყოფს.

ასეთი სიტუაცია კი ფეთქებადსაშიშ ვითარებას ქმნის იმ რეგიონებში, რომლებიც აფხაზეთს ესაზღვრებიან. ერთი მხრივ, სააკაშვილის ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობის კონსოლიდაციას ერთიანი სახელმწიფოებრივი აზროვნების ირგვლივ, მეორე მხრივ კი რეგიონების მოსახლეობა დგას საფრთხის წინაშე, რომ დაკარგავენ რეგიონალურ თავისებურებებს და ყველაფერთან ერთად, მშობლიურ ენასაც, რომლითაც ის უკვე საუკუნეებია, სარგებლობს. ეს ყველაფერი კი დროთა განმავლობაში გამოიწვევს უკმაყოფილების ზრდას მოსახლეობისა და იმ ინტელიგენციის მხრიდან, რომლებიც კულტურული თვითმყობადობის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.“

„ჯაბა იოსელიანი და მისი მოყვანილი ედუარდ შევარდნაძე თვალის დასანახად არ უნდოდათ სამეგრელოში და ეს ფაქტორი, თავის დროზე კარგად გამოიყენა სააკაშვილმა შევარდნაძის წინააღმდეგ საბრძოლველად: „ვარდების რევოლუციის“ დროს თბილისში ყველაზე დიდი კოლონა სწორედ სამეგრელოდან ჩავიდა. სააკაშვილი მაშინ და მერეც სამეგრელოს წინაშე არამხოლოდ იმით აპელირებდა, რომ შევარდნაძეს უპირისპირდებოდა, რომელსაც სამეგრელოში ვერ იტანდნენ, არამედ იმითაც, რომ თვითონაც სანახევროდ (დედის მხრიდან) მეგრელია.“

„საქართველოში მიიჩნევენ, რომ მეგრელები, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა მცხოვრებლები, პოლიტიკაში ამბიციურები არიან და თბილისში ხელისუფლების მიტაცებას ცდილობენ. სწორედ ამის გამო, თბილისში მეგრელების მიმართ დამოკიდებულებაში ფრთხილობენ და ზოგჯერ არც ანტიპათიის გამოხატვას ერიდებიან.

თბილისში სამეგრელოს რეგიონიდან წამოსული უამრავი ადამიანი ცხოვრობს - როგორც ახალჩასული, ასევე ისინი, ვისი წინა ორი-სამი თაობაც დედაქალაქშია დამკვიდრებული. სააკაშვილი საქართველოს ნებისმიერ პრეზიდენტზე უკეთ აცნობიერებს ხელისუფლებაში მეგრელების დასაქმების მნიშვნელობის ფაქტორს - გამსახურდიაც და შევარდნაძეც, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმასაც ემსხვერპლნენ, რომ ეს ფაქტორი სათანადოდ არ გაითვალისწინეს.

იმისთვის, რომ მეგრელების კეთილგანწყობილება შეინარჩუნოს, სააკაშვილი სხვადასხვა ეშმაკურ მეთოდს მიმართავს: აწყობს კონცერტებს ზუგდიდში, ხანდახან სტუმრად მიდის და ღამისთევით რჩება ადგილობრივთა ოჯახებში. იგივე პოლიტიკა ტარდება სვანეთთან მიმართებაშიც: უამრავი ფული დაიხარჯა ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მიხეილ სააკაშვილი ახალ წელსაც კი სვანეთში შეხვდა და ქვეყანას 2011 წლის დადგომა იქედან მიულოცა: როგორც ჩანს, ხელისუფლებას სამეგრელოსა და სვანეთში დესტაბილიზაციის ეშინია და პრევენციულ ზომებს თავიდანვე მიმართავს. თუმცა, რამდენად ეფექტური იქნება ეს ზომები, ჯერჯერობით, ძნელი სათქმელია.“

„როგორც ჩანს, ანაკლიისა და მესტიის ტურისტულ ზონად ქცევის იდის თავად სააკაშვილსაც არ სჯერა. მაგრამ გათვლა ასეთია: ამ რეგიონებში ტურიზმის განვიტარებაზე ასეთი აქტიური პროპაგანდა, ხელისუფლების აზრით, ხელს შეუშლის მოსახლეობის მხრიდან „რეგიონული“ პროტესტის გამოხატვას, რადგან მათ ტურიზმით მიღებული შესაძლო შემოსავლის დაკარგვის შეეშინდებათ. ინფრასტრუქტურაზე ზრუნვაც სწორედ ამითაა გამოწვეული და არა იმით, რომ ანაკლიისა და მესტიის დიდ ტურისტულ ცენტრებად ქცევის თვითონ სააკაშვილს სჯერა.“

„...გასათვალისწინებელია ემზარ კვიციანის ფაქტორიც სვანეთში. მის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის მიუხედავად, ის კვლავ თავისუფალია, თუმცა, ხელფეხშეკრულიც - რადგან მისი და, ნორა კვიციანი პატიმრობაშია. ასე რომ არ იყოს, შესაძლოა, ემზარ კვიციანსა და მის მომხრეებს არ გასჭირვებოდათ სვანეთიდან ოფიციალური სტრუქტურების გაძევება და რეგიონზე სრული კონტროლის დამყარება - სვანეთისკენ მხოლოდ ერთი გზა მიდის და მისი ბლოკირება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ასეტ შემთხვევაში აჯანყებულთა ხელში აღმოჩნდებოდა ენგურჰესიც, რაც დიდი დარტყმა იქნებოდა ახლანდელი რეჟიმისთვის.“

„ასე რომ, საქართველოს დასავლეთ რეგიონებში, სამეგრელოსა და სვანეთში საკმაოდ მნიშვნელოვანი, პოტენციურად კონფლიქტური კერები არსებობს. პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაციისა და რეგიონალური ენების გაქრობისკენ, ადრე თუ გვიან შეეჯახება იმ მზარდ უკმაყოფილებას, რომელიც რეგიონებში არსებობს. არც ისაა გამორიცხული, რომ მეგრელებმა და სვანებმა, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გაახშირონ პოლიტიკური და შეიარაღებული წინააღმდეგობის გამოვლენა სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ. ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მას შეუერთდება, რაც ურთულესი და, შესაძლოა, გადაუჭრელი პრობლემაც კი გახდეს თბილისის ხელისუფლებისთვის.“

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100