„ბერლინერ ცაიტუნგის“ სკანდალური სტატია: პუტინი ცოლს სცემდა

გაზეთში გამოქვეყნებულმა სტატიამ სკანდალი გამოიწვია. გერმანული დაზვერვის საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით „ბერლინერ ცაიტუნგმა“ დაწერა, რომ ვლადიმირ პუტინი ცოლს ხშირად სცემდა და ღალატობდა კიდეც. საუბარია იმ პერიოდზე, როცა ვლადიმირ პუტინი დრეზდენში ცხოვრობდა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი იყო.

ეს აღმოჩენა ჯაშუშებზე დაწერილი არაერთი წიგნის ავტორს, ერიხ შმიდტს ეკუთვნის, რომელიც სრულიად შემთხვევით, თავის დისერტაციაზე არქივში მუშაობის დროს წააწყდა მასალებს და ამის შესახებ საჯარო განცხადებები მედიაში გააკეთა. მისი თქმით, 33 წლის ვლადიმირ პუტინის „გულაობის“ შესახებ რუსეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრისა და, სავარაუდოდ, მომავალი პრეზიდენტის ბალტიისპირელი მეგობარი, გვარად ლეხენი ჰყვება. შმიდტის თქმით, ლეხენი სინამდვილეში გერმანიის დაზვერვის აგენტი იყო, რომელიც პუტინზე გახლდათ მიმაგრებული და რომელიც ძალიან დაუახლოვდა ლუდმილა პუტინას. სწორედ ლუდმილა მოუყვა ლეხინს იმის შესახებ, თუ როგორ ღალატობდა და სცემდა ქალს ვლადიმირ პუტინი.

თუ შმიდტს დავუჯერებთ, გერმანიის დაზვერვის დღემდე გასაიდუმლოებულ ჩანაწერებში ლეხინის სიტყვებიცაა მოყვანილი, რომელიც ვლ. პუტინს მიაწერს ფრაზას: „ვინც ლუდმილასთან სამ კვირაზე მეტს გაძლებს ისე, რომ მოთმინება არ ამოეწუროს, ძეგლის დადგმის ღირსია“.

სხვათა შორის, ამ სკანდალთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი კრემლმაც გააკეთა. კერძოდ, ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა პესკოვმა „დეილი ტელეგრაფს“ განუცხადა, რომ ეს ფაქტები არათუ არ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ „წმინდა წყლის სისულელეა“.

რაც ყველაზე საინტერესოა, გერმანიის დაზვერვის სამმართველომ ორაზროვანი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ ტაქტიკასა და მეთოდებზე, რითაც ინფორმაციას მოვიპოვებთ“, - უთხრეს სამმართველოში „ბერლინერ ცაიტუნგს“.

კომენტარი