სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„პუტინის პროექტის“ ხსენებასაც კი ივანიშვილი წყობილებიდან გამოჰყავს

ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილმა ექსკლუზიურმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაგნატი მტკივნეულად აღიქვამს ჟურნალისტების მხრიდან დასმულ ნებისმიერ შეკითხვას რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან მისი შესაძლო კავშირების შესახებ.

ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია, ქართულ პრესას და, შესაბამისად, საზოგადოებასაც თავს არიდებდა, მიაჩნია, რომ საზოგადოებამ მასზე ყველაფერი იცის და რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის შესახებ ხმები „თითიდან გამოწუწნულია“.
მაგნატს „დაკვეთის შესრულებად“ მიაჩნია ნებისმიერი შეკითხვის დასმა იმის შესახებ, თუ რა კავშირი აქვს რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან. სამაგიეროდ, სიამოვნებით საუბრობს იმპრესიონისტთა ტილოებზე, თანამედროვე ფერწერაზე, მილიარდიან ქველმოქმედებაზე, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე და იმაზე, რომ არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, თუ მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი.
ფრაგმენტი ნინო ჟიჟილაშვილის მიერ ჩაწერილი ინტერვიუდან (ფრაგმენტი სიტყვასიტყვითაა მოყვანილი ინტერვიუს ვიდეოვერსიიდან):

- ითქვა, რომ თქვენ ხართ "პუტინის პროექტი"...

-იცით, რას გეტყვით? დაანებეთ ამ თემას თავი. ეს თემა არის თითიდან გამოწუწნული, თუ როგორც იტყვიან...

-თქვენ რუსეთში ცხოვრობდით და ამის გამო არის ამაზე საუბარი...

-მე განვაცხადე და ვაცხადებ, რომ 9 წელია, რუსეთში არ ვყოფილვარ.

-მანამდე ხომ იყავით?

-ჩემი ხელწერა და ჩემი ცხოვრების წესი ქართველებისთვის გასაგებია, და კიდევ ბევრი რამ. ძალიან გთხოვთ, იქნებ უფრო საინტერესო შეკითვები დამისვათ.

-ეს კითხვა მაინც აქვს საზოგადოებას, ამიტომ დაგისვით.

-საზოგადოებას კი არა აქვს ეს კითხვა, ეს კითხვა აქვს სააკაშვილს და სააკაშვილის მთავრობას. მათ არა აქვთ არაფერი სათქმელი, არა აქვთ არგუმენტები და ეს კიდევ ერთი სამტკიცია მათთვის და მოსდევენ მას. და მე თქვენ არ მიმაჩნიხართ მათ სატელიტად და გადადით სხვა კითხვაზე.

-არ მინდოდა თქვენი გაღიზიანება, უბრალოდ, იმ კითხვების დასმას ვცდილობ, რაც აქვს საზოგადოებას.

-არა მგონია, რომ საზოგადოებას აქვს ეს.

-ნაწილს, თუნდაც ძალიან მცირეს...

-არა, არა, არა. ეს კითხვები აქვთ მათ - გოკაშვილებს... უკაცრავად, გოკა გაბაშვილს და სხვებს..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100