სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდი ოპოზიციური „ვინეგრედი“

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რადიკალური ოპოზიციისთვის ხელისუფლებისადმი ახალი გამოწვევაა, მაგალითად, ეროვნული საბჭოს წევრები წინასწარ დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, მაგრამ მაინც მონაწილეობენ არჩევნებში. თუ რატომ, ამაზე პასუხი მარტივია, პუტინის დაკრულზე ცეკვავენ, რუსებს კი სხვა რა უნდათ, გარანტია, რომ თბილისიდან დაიწყება არეულობა ვითომდა ხმების დაცვის საბაბით და რეგიონებში გადაინაცვლებს, მასშტაბურ აქციებში გადაიზრდება და ხელისუფლების დამხობის გეგმაც წარმატებით დასრულდება. ქაოსის იმედი მარტო ეროვნულ საბჭოს როდი აქვს, არიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში, მაგრამ „ხმების დამცველებთან“ ერთად სიამოვნებით გავლენ ქუჩაში. მაგალითად, „ლეიბორისტები“, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, მაგრამ სარფიანად კი ვაჭრობენ „ალიანსელებთან“ და „ეროვნული საბჭოს“ წევრებთან საარჩევნო კომისიებში ადგილებს ალიანსელებსა და ნოღიდელის მონებზე ჰყიდიან.
„ლეიბორისტები“ საკმაოდ ძვირად იფასებენ თავს, მილიონებზეა საუბარი. „ლეიბორისტების“ უცვლელი ბელადი შალიკო „თბილისი მარიოტში“ ოპოზიციის შეკრების ინიციატორი იყო, საუბარი კი მეტად მწვავე გამოვიდა, სააკაშვილი ასანთით ხელში დარბის და საქართველოს აფეთქება უნდა, ჩვენ კი ბედკრულ სამშობლოს უნდა ვუშველოთ და სააკაშვილი დავამხოთო, ასეთი იყო შეკრებილების პათოსი, თანაც „იმიტირებული ქრონიკის“ გამო ისე იყვნენ გაბრაზებულები, სააკაშვილის დამხობის მოწოდებებს არც ღიად ერიდებოდნენ ტელეფონზეც კი ესაუბრებოდნენ საქრთველოს მტრებს. მაგალითად, ხაინდრავა. ნაკლები არც თოფაძე იყო.
თოფაძე კარგ დროს გაგვახსენდა. მელუდე თოფაძე, რომლის ბიზნესი სულს ღაფავს, ადრე მონოპოლისტობაზე „ჩალიჩობდა“, სულ იმას გაჰყვიროდა, სავალუტო ფონდი არ დამანახოთ და უცხოური ლუდი ქსელში რატომ უნდა შემოდიოდეს, სამამულო პროდუქციას დაეხმაროს ხელისუფლებაო, როცა შევარდნაძემ მოსთხოვა გოგი ფულები დაყაჭეო, ხმა ჩაუვარდა, ახლა შევარდნაძესთან, ბიუჯეტთან და შესაბამისად, საკუთარ მოქალაქეებთან დაპირისპირებული თოფაძე წარსულის ამ მტკივნეულ მოგონებას სარეკლამო რგოლში იყენებს, თუმცა იცის, რომ საკუთარი სიძუნწის გამართლებას ვერანაირი არგუნტებით ვერ შეძლებს.
მელუდემ ისიც იცის, რომ ალასანია, ჭანტურია და უგულავა ძლიერი კონკურენტები არიან და მათ ფონზე თოფაძეს მოგება არ უწერია, მაგრამ მაინც მონაწილეობს არჩევნებში, „მრეწველების“ არსებობა რომ არ დაავიწყდეს ხალხს.
თოფაძე ნოღაიდელის მოსკოვურ ვოიაჟებს აკრიტიკებს, ბურჯანაძისას კი ამართლებს და მიაჩნია, რომ ბურჯანაძის პუტინთან შეხვდრა პოზიტიური იყო. ნეტავ სად დაინახა პოზიტივი, კადრში თუ კადრს მიღმა? ჩვენ უბრალო მოკვდავებს რომ გაგვეპარა, ბურჯანაძის პუტინთან დიალოგმა რა ნაყოფი გამოიღო, თოფაძეს დაეკონკრეტებინა მაინც და ეთქვა, ნოღაიდელის ჰალსტუხი არ მოეწონა თუ მოციმციმე თვალები და მადლიერი ღიმილი სახეზე. ან როგორ ხსნის ბურჯანაძის გაურკვეველ ჟესტს, ჩანთას რომ ვერაფრით გაუშვა ხელი, რუსულმა პრესამ ამ საოცარ დეტალს სხვადასხვა ვერსია მიუძღვნა, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ცოტა ხანში საიდუმლო ალიანსსაც ფარდა აეხდება, თოფაძე და ბურჯანაძე ერთიანდებიან, მართალია ბუყრჯანაძე არჩევნების ბოიკოტორების რეჟიმშია, მაგრამ თოფაძესთან გაერთიანებაზე მაინც ფიქრობს. ბურჯანაძისა და თოფაძის კავშირს „ეროვნული ფორუმიც“ შეურთდება და არ არის გამორიცხული „სამთა კავშირი“ ვიხილოთ.
ბურჯანაძე რომ მკვეთრად გამოხატული პრორუსია, ეს უკვე აშკარაა, „ეროვნული ფორუმიც“ მაინცდამაინც ვერ დაიტრაბახებდა პროდასავლურობით, მაგალითად გუბაზ სანიკიძისგან ხშირად გვესმოდა შეგონება, ჩვენ არც პრორუსულები ვართ, არც პროდასავლურები, ჩვენ პროქართულები ვართო. პროდასავლურობა სანიკიძისა და მისი მეგობრებისთვის სამარცხვინო საქმეა, სამაგიეროდ ბურჯანაძის გვერდით დგომა მისაღებია. აი მაგალითად, ფორუმელი გუბაზ სანიკიძე რა მარტივად ანსხვავებს ბურჯანაძეს ნოღაიდელისგან და რა იოლად ამართლებს ბურჯანაძის განვლილ გზას.
„ყველასთან დავდგებით, მაგრამ ნოღაიდელთან არა, დიახ, ლევანიც... კობაც... ბურჯანაძეც... რა განსხვავებაა ბურჯანაძესა და ნოღაიდელს შორის? არის განსხვავება. ბურჯანაძეს აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მან სერიოზული შეცდომები დაუშვა, მაგრამ საკუთარი თავი აზარალა, ნოღაიდელმა კი ქვეყანა ეკონომიკურად ხერხემალში გადატეხა“, - ასეთია გუბაზისეული ლოგიკა, აბა რაღაცით ხომ უნდა გაამართლოს „სამთა კავშირის“ ჩამოყალიბება, თუმცა იქვე სანიკიძეს გვინდა გავახსენოთ, ბურჯანაძეების კლანმა 90-იან წლებში საკუთარი ოჯახი კი არ აზარალა, მთელი ქვეყანა ბაღლინჯოიანი და დამპალი პურ-პროდუქტებით აავსო და მასობრივი გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს, ეს რატომ დაავიწყდა ნინიკოს დამცველ გუბაზს, საინტერესოა, თუ მაინც და მაინც არგუმენტების მოყვანა სურს, გადახედოს „დრონი. ჯი“-ს ერთ-ერთ ადრინდელ პუბლიკაციას ბურჯანაძეების ნამოქმედარზე და იქნებ პირვანდელ შეფასებებზე უარი თქვას.
კიდევ ერთი ცოცხალ-მკვადარი ფიგურა გამახსენდა, ირაკლი ოქრუაშვილი, ცოცხალ-მკვდარიაო ზუსტად მასზე უნდა ითქვას, პარიზშია და იქიდან ფართხალებს, ხან ლევან გაჩეჩილაძეს შესთავაზა ჩემი პარტიიდან იყარე კენჭი მერობაზეო, ხან ბურჯანაძესთან მართავდა მოლაპარაკებებს, ისე ძალიან ცოდოა კია, წარმოიდგინეთ, ბადრისდარი ფულები არა აქვს, მაგრამ მაინც წველიან და თან ვინ, ერასტი კიწმარიშვილი, წავა-წამოვა, ოქროს კაცს ჩააკითახავს, ფულებს გამოართმევს „მაესტროსთვის“ მინდაო, და ფული სადღაც უკვალოდ იკარგება.
ეს საწყალი ირაკლიც ელოდება „მაესტროს“ რეორგანიზაცას და როგორც ეტყობა ამაოდ. პარტიის აქტიური სახე ეკა ბესელია შიდაპარტიულ-ქალური ინტრიგების გამო ხომ გაექცა და ახლა მსახიობ რამაზ გიორგობიანისა და თეო ტლაშაძის ამარა დარჩა, ხოდა რა ქნას, მყარ პარტნიორს ეძებს და მგონი იპოვა კიდეც. „სამთა კავშირი“ შესაძლოა „შესანიშნავ ოთხეულად“ გარდაიქმნას.
„ალიანსელების“ წინასაარჩევნო კამპანიაც პირველი „დიდი გამარჯვებით“ დაიწყო. სახუმარო ხომ არ არის, გია ცაგარეიშვილის გაალიანსელება, მართლაც რომ მოსალოცად აქვთ საქმე და ჩვენც გულმხურვალედ ვულოცავთ. მართალია ცაგარა კუკავა არ არის და „ნაუშნიკებით“ არ უსმენდა ნახევარ საქართველოს კანცელარიის ბნელი ჯურღმელებიდან, მაგრამ სამაგიეროდ ცაგარას დიდი, გრძელი, ზოლიანი ჯოხი ეჭირა და პირში კი სასტვენი ჰქონდა გაჩრილი.
ენერგიულად უსტვენდა და ჯოხსაც არანაკლებ ენერგიულად უქნევდა მძღოლებს, ცაგარა ალასანიას ჯგუფელი იყო, ირაკლიმაც ათას პარტიაზე გადამხტარი ძმაკაცი შეიცოდა და ალიანსში შეიფარა. საკითხავია მხოლოდ, ამ შენაძენმა რესპუბლიკელები და მემარჯვენეებიც ისევე გაახარა, როგორც ჩვენ გავიხარეთ, თუ ალასანიას ამ გადაწყვეტილებას უწუნებენ? გულში შეიძლება უკურთხებენ კიდეც, მაგრამ ამ წინასაარჩევნოდ ბუტია ირაკლის ვერაფერს გაუბედავენ, ქართველ ,,ანჯელინა ჯოლის’’ აქეთ-იქით სირბილი უყვარს და ახლაც არ გაგვექცესო, ეშინიათ. სალომეც თავის სიმაღლეზე დგას და საბრძოლო სულისკვეთებას ინარჩუნებს.
თანაც არც კოლორიტულობას ჰკარგავს, ,,ძიალოგი ეშმაკებთან’’ ამ ფრთიანი ფრაზის ავტორმა ახალი რეკორდი მოხსნა. ერთ-ერთი ტელეგამოსვლის დროს როცა ჰკითხეს, თქვენ 9 აპრილის აქციის თანაავტორი იყავით, ხალხს კი ხელისუფლების შეცვლის დაპირება ვერ შეუსრულეთ, თუ იცით „პარიჟანკამ“ რა უპასუხა? ჩვენ არ გვინდა გადატრიალება. „ჩვენი გზა არის დგომის გზა“. საინტერესოა, თუ დგახართ, სად არის გზა და თუ გზაზე ხართ შემდგარი, რატომღა დგახართ. Mმოკლედ აბდა-უბდა სალომესეულად, მხოლოდ სალომემ თუ იცის, რას ნიშნავს, უკიდურეს შემთხვევაში ქართველმა „ანჯელინა ჯოლიმ“ შეიძლება ეს რებუსი ამოხსნას. არ დამავიწყდეს, ცაგარამ ჭკუა ვერ ისწავლა და ისევ დამოუკიდებელი დარტყმები განახორციელა, სავარაუდოდ, მისი ბურჯანაძისადმი შეტევები ალიანსთან არ იქნებოდა შეთანხმებული, და თუ ალიანსს ბურჯანაძეზე გადავლა სურდა, ცაგარას მაინც არ გამოიყენებდა. ცოტაა განა ალიანსში ინტელექტუალური ძალა? გაიშნიკებზე უფრო დიდმა გაიშნიკმა თვით ქართველ ტეტჩერს მიაყენა დარტყმა, მართალია სასაიკვდილო არა, ამ ფაფხურზე ნინიკოს მხოლოდ გაეცინა როგორც სჩვევია ირონიულად, მაგრამ მაინც გაცხარდა, ცაგარას პრეტენზია უსამართლოდ მიიჩნია, ხმა ამოიღონ ხელისუფლებიდან წასულებმა და ბოლოს და ბოლოს თქვან რისი თქმაც უნდათო. „ბურჯიკა“ კი ბოლომდე სათქმელს არ ამბობს, შავი დღისთვის ინახავს.
აქვე კუკავასა და დავითაშვილის მოსკოვური გაფრენების შესახებაც რომ არ ვთქვათ ორიოდე სიტყვა, გვიწყენენ რუსეთუმეები. კობა ჯერ ქართველების კონგრესს დაესწრო და კრიმინალ ებრალიძეს რაღაც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეობა შესთავაზა, ეტყობა რეალობას მოსწყდა, შუაგულ პეტერბურგში სტუმრად ჩასული მასპინძელს რომ რაღაც თავმჯდომარეობას სთავაზობს მთლად არ უნდა იყოს მისი ფსიქიკა კარგად, კობა ქართულად მჭევრმეტყველებდა, ქართველმა რუსეთუმეებმა მშობლიური ენა ვერ გაიგეს და აი კურიოზი, კობას გამოსვლის რუსულად გადათარგმნა დასჭირდათ.
ეგ არაფერი, კობამ მთლად გაუტია და პოლიტიკურ პარტნიორად ქართველების ცნობილი მოძულე მიხეილ ლეონტიევი და ჟირინოვსკი გამოაცხადა. ეს ის ჟირინოვსკია, რომელიც ინდოეთის ოკეანეში ფეხის ჩაყოფაზე ოცნებობს, ინდოეთის ოეკანის ბინადრების არ მშურს, რადგან ვოლფოვიჩის ფეხის ჩაყოფა და ინდოეთის ოკეანის ეკოლოგიური კატასტროფა ერთი იქნება.
სულ ბოლოს კი ქართველ ამომრჩეველს აუცილებლად უნდა შევახსენო მომსახიობო, მოვოკალისტო ვაკელის გია გაჩეჩილაძის გადაწყვეტილების შესახებ. „უცნობი“ საკანი ნომერი 5-დან გამოსვლის შემდეგ უსაქმოდ არ არის და მერობის არჩევნებში მონაწილეობას გიორგი შულავერის სახელით აპირებს.
შესაფერისი სახელია, მართლაც, უცნობი კოსტუმირებული კარნავალის მოწყობასაც აპირებს და თავად სტალინის ფორმაში უნდა გამოეწყოს და ეს 30 მაისს მოხდება, კოლორიტ თბილისელებს მაინც რას ერჩის, კარგი, ხელისუფლება გააშარჟე, მაგრამ პლეხანოველ მარინას თავისი პრობლემები საკმარისი აქვს და ვაკელი ძველი ბიჭის დასაცინი არ არის, მაგრამ უცნობი მისი ძმის აბნეული გზის გამოა გაბრაზებული და ჯავრის ამოყრა სურს. მოკლედ, თბილისელები არჩევნებზეც წავლენ და „უცნობის“ კლოუნადაზეც მაგრად იხალისებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100