სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ალასანიას დიდი გეგმები ვანო ჩხარტიშვილის დიდ ფულს უკავშირდება?

ინფორმაცია, რომელიც გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა და დღევანდელ ნომერში ექსკლუზივის სახით გამოაქვეყნა, სკანდალურია იმდენად, რამდენადაც საკმაოდ მცირე დროის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაზე მიანიშნებს, როცა ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დასავლურ ორიენტაციაზე პრეტენზიის მქონე ირაკლი ალასანია უცხოეთში „პარტიულ საშოვარზე“ წასვლაშია მხილებული.

ამჯერად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ალასანიამ ევროპაში უფრო ღრმად შეიწია და ლონდონში ვანო ჩხარტიშვილს მიადგა. ალბათ ყველას გახსოვთ, პირველი შემთხვევის დროს როგორ ამხილა პირდაპირ ეთერში იმ შემთხვევამდე სულ ცოტა ხნის წინ ალასანიასგან „უხმაურო ხმაურით“ წასულმა სოზარ სუბარმა ალასანია: მიუნხენში სერგეი ლავროვს იმისთვის შეხვდა, რომ ფული ეთხოვაო. მაშინ სოზარ სუბარის ბრალდება ალასანიამ უპასუხოდ დატოვა და, სავარაუდოდ, ვერც ამ შემთხვევაში გავიგებთ მისგან დეტალურად, ლონდონში ყოფნის დროს შეხვდა თუ არა ვანო ჩხარტიშვილს. ყოველ შემთხვევაში, ალასანიას პარტიის სახეები აცხადებენ, რომ ამ შეხვედრის შესახებ არაფერი იციან, ეს კი აძლევთ საფუძველს ივარაუდოდნ, რომ შეხვედრა არ შემდგარა.

მაგრამ, როგორც იტყვიან, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. თავისთავად არაფერია მიუღებელი იმაში, რომ პარტიის ლიდერი საზღვარგარეთ მიდის და პარტიისთვის გარკვეული თანხის შოვნას ცდილობს. მთავარია, თანხა კრიმინალური გზით ან კრიმინალური პიროვნებისგან არ იყოს მოპოვებული, თორემ ფულს ხომ სუნი არა აქვს. უბრალოდ, არსებობს მორალური კრიტერიუმები, რომლებითაც ხელმძღვანელობენ მაშინ, როცა ვინმეს ფულს ართმევენ, მორალური ბარიერის გათვალისწინება-არგათვალისწინება კი, ამ შემთხვევაში, უშუალოდ პარტიის ლიდერზეა დამოკიდებული.

სხვათა შორის, ალასანიას და მისი პარტიის წევრებს უყვართ შეხვედრების გასაიდუმლოება. ეს მით უფრო საკვირველია, როცა აქვთ მაგალითი, რომ არცერთი ასეთი, ვითომ მკაცრად გასაიდუმლოებული შეხვედრა დაფარული არ რჩება და მეტიც, რაც უფრო მკაცრია მისი გასაიდუმლოების პირობები, მით უფრო მალე მისდით ინფორმაცია ჟურნალისტებს და, თავისთავად ცხადია, საზოგადოებასაც. ასე რომ, იქნებ სტრატეგიის გადახედვაა საჭირო და იმის გაკეთება, რასაც უკვე დიდი ხანია, იმ ქვეყანაში აკეთებენ, რომლის პრეზიდენტობის კანდიდატსაც ალასანიამ წინასაარჩევნო ჟესტები და სლოგანი მოჰპარა: პარტიის სახელით ოფიციალური, ერთაბზაციანი განცხადების დაწერა და გავრცელება, სადაც აღნიშნული იქნება, რომ შეხვედრა შედგა და მხარეებმა „ამაზე“, „იმაზე“ და კიდევ - „ამის შესახებ“ ისაუბრეს.

თუ გახსოვთ, ეს ნინო ბურჯანაძემაც კი წამოაძახა ალასანიას, როცა აღნიშნა, რომ არ ესმოდა, რატომ მალავდა ირაკლი ალასანია ლავროვთან შეხვედრის ფაქტს: „მართალი გითხრათ, მე არ მესმის, რატომ მალავენ ამ შეხვედრის ფაქტს. ხომ ცხადია, რომ ისეთი დონის პოლიტიკურ ფიგურებს, როგორიც ბატონი ლავროვია, დერეფანში შემთხვევით არ ხვდებიან და, თუნდაც შეხვდნენ, მერე 45 წუთის განმავლობაში არ ელაპარაკებიან...“ - ვერაფერს იტყვი, სიმართლეს ხანდახან ანზოროვნაც ამბობს.

რაც შეეხება ლონდონურ შეხვედრას, თუკი იგი მართლაც შედგა და ალასანიამ ჩხარტიშვილს მართლაც სთხოვა ფული, ეს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ მას დიდი გეგმები აქვს და ამ დიდი გეგმების განხორციელებას უკვე მომავალი წლიდან აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი უცხოური ორგანიზაციის მიერ ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ალასანიას პარტია სააჩევნო ბარიერს მიღმა დარჩა, ალასანიას ამბიციები ძალიან დიდი აქვს და ეს ბუნებრივიცაა, რამეთუ პოლიტიკოსი ამბოციის გარეშე წარმოუდგენელია. ალასანიას ამბიციებზე ისიც მიუთითებს, რომ „Civil.ge”-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მან აშშ-ში ლობისტი კომპანია დაიქირავა და ეს კომპანია სულაც არ გახლავთ კომპანია კომპანიისთვის - აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში კარგად ცნობილი ორგანიზაციაა.

ამ ყველაფერს, პლუს ალასანიას ვოიაჟებს საზღვარგარეთ და პლუს წინასაარჩევნო კამპანიას, დიდძალი თანხა სჭირდება, რას იზამ - დიდი გეგმები პოლიტიკაში ავტომატურად უკავშირდება დიდ ფულს. ალასანიას აქვს შესაბამისი გეგმები, მაგრამ არა აქვს ფული. ამიტომაც, მისი დიდი გეგმები, როგორც ჩანს, ვანო ჩხარტიშვილის დიდ ფულს დაუკავშირდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100