მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ბლოგები
ახლა კითხულობენ

„დავაი, დაახვიეთ აქედან, დაახვიეთ მეთქი“ - ინციდენტი ახმეტაში  

ირაკლი ოქრუაშვილი ალასანიას ურჩევს, „ნარკობარიგა’’ ცოლისძმას მიხედოს  

ნანუაშვილის ინიციატივა - პარლამენტარების მიერ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების რეგულირება  

უსუფაშვილი ბეტინა კადენბახს შეხვდა  

შს მინისტრი - წუხელ მთელმა საქართველომ ბათუმში იხილა ვანდალიზმი, დაკავებული გვყავს 40-მდე პირი  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

„თეგეტა მოტორსმა“ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა 

„თეგეტა მოტორსი“ VARTA-ს ბრენდის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს გთავზობთ 

„თეგეტა მოტორსი“ ,,HUNTER”-ის ბრენდის ექსკლუზიური დილერი გახდა საქართველოში 
ილაპარაკეთ სიმართლე და მხოლოდ სიმართლე!
ფოტოს სრულად სანახავად დააკლიკეთ ფოტოზე
თემურ ავალიანი
13:03 21.02.2017

ოქტომბრის არჩევნებამდე მე დიდ იმედებს ვამყარებდი ხალხის სწორ არჩევანზე, მათ მიერ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სწორ შეფასებაზე. მაგრამ მწარედ შევცდი – ამომრჩეველთა უმრავლესობას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და არჩევნების შედეგებზე მათი მთავრობისადმი უნდობლობა არ დაფიქსირებულა.

ერთხელ კიდევ თვალი რომ გადავავლოთ არჩევნების სტატისტიკას, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და თუ მას ვენდობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სიაში არსებული ამომრჩევლის დაახლოებით 50%–მა. მოსული ამომრჩევლის 48%–მა (და არა 53%–მა, როგორც ბ–ნმა ბიძინამ შეუკვეთა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას), ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“. ე.ი. სიაში არსებული ამომრჩევლის 24%–ით მოვიდა ხელისუფლებაში და პარლამენტში თავისი საკონსტიტუციო უმრავლესობით ის ხელისუფლება, რომელმაც ბოლო ოთხი წელი გვაცხოვრეს სიბნელეში, გაურკვევლობაში, ტყუილში და ქვეყნის და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა–დამორჩილებაში, საქართველოს საკითხების მსოფლიოს დღის წესრიგიდან გაქრობაში. და ეს 24% მიღწეულია იმ პირობებში, როცა გამოყენებული იქნა ყველა სახელისუფლებო რესურსი და ზეწოლის ყველა საშუალებები, დიდი ფული და საარჩევნო კომისიების წევრების ტოტალური შანტაჟი, შესყიდვა–მოსყიდვა, სიის პირველი ნომრის, მოქმედი პრემიერ–მინისტრის კვირიკაშვილის მიერ ივანიშვილის მილიარდიანი პროექტების განხორციელების დაანონსებით. სად არის ახლა ეს პროექტები?

სამაგიეროდ შესრულდა ბატონი კარასინის მითითებები და პარლამენტი ისე დაკომპლექტდა, როგორც ეს ბატონ პუტინს გაუხარდებოდა ივანიშვილის მორჩილი, „მეტი პრორუსული ძალით“ და საკონსტიტუციო უმრავლესობით. რამაც შეიძლება ქვეყნის მომავალი და მისი ორიენტაციაც კი გადაწყვიტოს.

როცა არჩევნების მიმდინარეობას და შედეგებს ანალიზს ვუკეთებთ, შეიძლება თამამად ითქვას რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა, თავის ქართველ კოლეგებთან ერთად წარმატებით დანერგეს საქართველოში რუსული, კომუნისტური არჩევნების სტილი – როცა მთელი საარჩევნო კომისიები მოსყიდული და დაშინებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჩათვლით და არჩევნების პროცესი მიმდინარეობს წყნარად, უხმაუროდ, ცნობილი ლოზუნგით – არჩევნებს იგებს ის, ვინც ითვლის.

– ასე ჩატარდა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნები რუსეთში, რომელიც თვით რუსეთშიც კი ნახევარ მოსახლეობას არც გაუგია. ამ არჩევნებში როგორც მოსალოდნელი იყო დიდი უპირატესობით „გაიმარჯვა“ პუტინის პარტიამ, ხმების დანარჩენი ნაწილი პუტინმა თავის სატელიტ პარტიებს გადაუნაწილა.

და ეს მოხდა იმ ქვეყანაში, სადაც ქვეყანას და მის ლიდერს – პუტინს, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ უმკაცრესი ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები აქვს დაწესებული. ქვეყანაში მძვინვარებს ტოტალური დიქტატურა, მონოპოლიზირებულია ყველა მედია–საშუალება. ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისშია და 30 მილიონამდე მოსახლეობა სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ქვეყნიდან გასულია ყველა მსხვილი ინვესტორი, 2–ჯერ დაეცა რუბლის კურსი... ავტორიტეტული რუსი ექსპერტები და ეკონომისტები რუსეთის ეკონომიკას მალე სრულ სტაგნაციას უწინასწარმეტყველებენ. რუსი პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ მსოფლიოში არ არსებობს მეორე ქვეყანა, სადაც ასეთი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის და ტოტალური დიქტატურის ფონზე, მმართველ ძალას „ნდობას“ უცხადებდეს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, ხოლო პუტინის რეიტინგი ასის ფარგლებს უახლოვდება.

შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ არის ასეთი მეორე ქვეყანა და მას საქართველო ჰქვია. მართალია ივანიშვილის და კვირიკაშვილის რეიტინგები, ჯერ კიდევ შემორჩენილი თავისუფალი ტელევიზიის – „რუსთავი–2“–ის დამსახურებით, ძალზე დაბალია, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა, ხალხის უმუშევრობა და სიღატაკე იგივეა რაც რუსეთში, ძალიან ახლოს ვდგავართ დიქტატურასთან.

საქართველოს ხელისუფლების უნიათობა და არაკომპეტენტურობა განსაკუთრებით იგრძნობა არჩევნებიდან გასული სამი თვის შემდეგ. დავარქვათ მას ის ასი დღე, როცა დემოკრატიულ ქვეყნებში ახლად არჩეული მთავრობის პირველ წარმატებებს აფასებენ და ნაკლოვანებებზე ღიად მიუთითებენ.

საქართველოს დღევანდელი მთავრობის ამ სამი თვის მოღვაწეობაში ძნელია რაიმე წარმატებები დაინახო, ხოლო ნაკლოვანებები ძალზე თვალში საცემია – კიდევ უფრო ჩამოიშალა ქვეყნის ეკონომიკა, იხურება საწარმოები, იზრდება უმუშევრობა და სიღარიბე, კატასტროფულად დაეცა ლარის კურსი, თითქმის 30 და მეტი პროცენტით გაიზარდა ფასები კვების პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, წამლებზე. ორჯერ და მეტად გაიზარდა ფასები ბენზინზე და გადაასწრო კიდეც წინა მთავრობის დროს არსებულ ფასებს, როცა ბენზინი მსოფლიო ბაზარზე. თითქმის სამჯერ ძვირი ღირდა. სად მიდის ბატონო ბიძინა ამდენი მოგება ახლა? ვის ჯიბეში? მაშინ თქვენგან ვიცოდიც რომ ერთი ლარი ყოველ ლიტრზე სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა.

ივანიშვილმა მიაღწია ქვეყნის ყველა სახელისუფლებო ინსტიტუტების ხელში ჩაგდებას. დაუმორჩილებლობის გამო გაბრაზებულმა ამორფულად აქცია პრეზიდენტის ინსტიტუტი, სადაც მიუხედავად პრეზიდენტის შეკვეცილი უფლება–მოსილებისა, ის ითვლება სახელმწიფოს მეთაურად და ქვეყნის მთავარსარლად. ამჟამად საკონსტიტუციო კომისია, პარლამენტის კულულებიანი სპიკერის თავმჯდომარეობით, ივანიშვილის დავალებით, პრეზიდენტს ნომინალურ ფიგურად აქცევს, რაც უხეშად არღვევს სახელმწიფოს შტოებს შორის ბალანსს – დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციის და ქვეყნის მართვის ძირითად პრინციპს.

რაც შეეხება საპარლამენტო რესპუბლიკას, რაზედაც ხშირად აპელირებენ პარლამენტში, დღეს ჩვენი ქვეყანა შესაბამისი კვალიფიციური პოლიტიკური კადრების ნაკლებობის გამო მზად არ არის ასეთი მმართველობისთვის. დღევანდელ პარლამენტართა უმრავლესობის უმრავლესობა, რომლებიც გასული საუკუნის 30–იანი წლების კომკავშირლებს გვაგონებენ, უსიტყვოდ და სიტყვით ივანიშვილის მორჩილნი არიან და არცერთს საკუთარი, ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი არ გააჩნიათ. მათი პოლიტიკური კვალიფიკაცია ძალზე დაბალია. „მოვკლავთ დედას, მოვკლავთ მამას, თუ ბიძინა გვეტყვის ამას“. ამ ლოზუნგით და ასე დაშტამპული აზროვნებით ქვეყნის მართვა შეუძლებელი და დანაშაულია.

ცალკე უნდა იქნას განხილული მაჟორიტართა მუშაობის დღის წესრიგი, რომელთა მეშვეობით ივანიშვილმა პარლამენტი ხელში ჩაიგდო. ისინი როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში, პლენარული სხდომების შემდეგ, თავიანთი სამუშაოს ძირითად დროს მაჟორიტარულ ოლქებში, ხალხის სამსახურში უნდა ატარებდნენ და არა რუსთაველის პროსპექტზე. მათ უნდა ჰქონდეთ მკაცრად გაწერილი დღის წესრიგი, რომ მოასწრონ საკუთარ ამომრჩევლებთან შეხვედრა, მათი მოთხოვნების განხილვა, საკითხის დაყენება შესაბამის ორგანოებში და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება.

იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველთა უმრავლესობა მოითხოვს მათ უკან გაწვევას, უნდა არსებობდეს შესაბამისი მექანიზმი მათ გასაწვევად. საზოგადოებამ, ხალხმა მკაცრად უნდა აკონტროლოს მათი მუშაობა რომ მომავალში ვიცოდეთ როგორ გადაწყდება მაჟორიტარული სისტემის არსებობის საკითხი. დღევანდელ პირობებში მათი არსებობა უბრალო ფორმალობაა, ხალხი მათ არ იცნობს და მმართველ ძალას ისინი პარლამენტში მხოლოდ უმრავლესობის მისაღწევად სჭირდება.

სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა, რომელიც ძირითადად ხელისუფლების ცალკეული პირების არაკომპეტენტური და მოუმზადებელი განცხადებების, უხეში შეცდომების და ხელისუფლების შტოებს შორის არასათანადო კომუნიკაციის შედეგია.

ამის ნათელი მაგალითია, ძალიან სუსტი სცენარით დაწერილი, ციანიდის საქმე, რომელიც პრემიერ–მინისტრმა ქვეყნის გადარჩენის აქტს შეადარა. რომ არა „რუსთავი–2“–ის ოპერატიულობა, ეს საკითხი კვლავ ბნელით და სახელმწიფოს მტრების ხატის შექმნით იქნებოდა გასაიდუმლოებული.

სახელმწიფოს, ხელისუფლებას არ უნდა ხალხს ელაპარაკოს სიმართლე და როცა მედია–საშუალებები, საზოგადოება წვდება ამ სიმართლეს და დღის სინათლეზე გამოაქვთ ხელისუფალთა მოქმედებები და გადაცდომები, ისინი ჯიუტად განაგრძობენ დანაშაულის არაღიარებას და თანდათან უფრო ღრმად ეფლობიან ჭაობში, საიდანაც ამოსვლის გზებს ვერ პოულობენ. ამის გაგრძელებაა მოსამართლე ნაზღაიძის ძმის სასარგებლოდ თბილისის ბიუჯეტიდან გადახდილი 1 მილიონამდე ლარი, ფაქტიურად 23 ათას ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ. კიდევ უფრო დაამძიმა ეს საკითხი შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, როცა კორუპციულ ბადეში ცრუ მოწმე შემოიყვანეს. არცერთი მერიის თანამშრომელი დაწყებული ქალაქის მერიდან თავს დამნაშავედ არ ცნობს და რაღაც უმწეო თავის მართლებით არიან დაკავებულნი. პროკურატურა კი რეაგირებას არ ახდენს ამ საკითხზე და უცდის მხარეებს, როდის შეადგენენ თავის გამართლებულ ყალბ საბუთებს. თავი, რომ დავანებოთ მოსამართლე ნაზღაიძეს და „რუსთავი–2“–ს, კორუფციული აქტი ხომ სახეზეა.

ასეთი გაუთვლელი და სამართალსაწინააღმდეგო მოქმედებებით მთავრობამ და მისმა ინსტიტუტებმა, განსაკუთრებით პროკურატურამ და სასამართლომ დაკარგეს ხალხის ნდობა. მათთან ერთად ჩვენ დავკარგეთ თავისუფალი ადამიანები, პიროვნებები, რომელთა ნდობა შეიძლება და რომლებიც არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი ერთ პიროვნებაზე, რომელიც დღეს ქვეყნის არაფორმალურ მმართველად ითვლება და შუშის სასახლიდან მართავს ქვეყანას. რა კონსტიტუციაზე და რა ბალანსზეა ლაპარაკი, როცა მთელი ბალანსი და ძალაუფლება ერთი კაცის ხელშია თავმოყრილი.

როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ მოსმენების სამსახური არ უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში. ყოველ დემოკრატიულ, ნორმალურ ქვეყანაში ეს ასეა. რადგან ეს სამსახურები და მასში დასაქმებული ხალხი ქვეყნის და ხალხის ნდობას იმსახურებენ. ჩვენ ქვეყანაში კი მარტო სუსის უფროსი და მისი თანამშრომლები კი არა, მთელი სახელმწიფო აპარატი, პარლამენტართა უმრავლესობა თუ ბიძინას ნდობას არ იმსახურებს ის სახელმწიფო სამსახურში ვერ დასაქმდება. ამიტომ დღეს საქართველოში ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო მოხელეს ბიძინას „ქართულ ბანკი“–ს სკოლა უნდა ჰქონდეს გავლილი, ან მის დაცვაში და ახლობლობაში უნდა მოიაზრებოდეს.

საზოგადოების და პარლამენტის დაპირისპირება – თუ სად უნდა იყოს მოსმენების გასაღები – ცალკეული პირებისადმი სწორედ ამ უნდობლობის შედეგია. როცა არსებობს მრავალი ფაქტი, როცა ეს სამსახური ძირითადად საკუთარი მოქალაქეების მოსმენებითაა დაკავებული და მის ძირითად მოვალეობას ფაქტიურად არ ასრულებს, საზოგადოებას უჩნდება მრავალი კითხვა, მათ შორის ასეთი – რამდენი ჯაშუში დააკავა მოსმენის შედეგად ამ სამსახურმა ახალი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში? მათ შორის არიან რუსეთის ჯაშუშები?, რომლებითაც სავსეა ჩვენი პლანეტა, მათ შორის ალბათ ჩვენი ქვეყანაც“.

სერიოზულად დგას „რუსთავი–2“–ის საკითხი. ძნელი დასაჯერებელია, რომ იმ მრავალ მყიდველთა და გადამყიდველთა შორის მხოლოდ ქიბარ ხალვაში აღმოჩნდა ყველაზე „კეთილსინდისიერი“ მყიდველი და ეს ტელევიზია მაინცდამაინც მას ეკუთვნის? ქიბარ ხალვაშის შემდეგ ამ ტელევიზიამ ხომ მრავალი მყიდველი გამოიცვალა? მაშინ რატომ მოკლეს სწორედ სასამართლო პროცესის წინ ამ საქმის ცოცხალი მოწმე ეროსი კიწმარიშვილი? ბოლოს და ბოლოს ყველამ კარგად ვიცით, რომ „რუსთავი–2“–ით ქიბარ ხალვაშზე უფრო ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული და დაუთმოს ეს ტელევიზია მან ქართველ ხალხს, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რომელსაც ის ასე გულმხურვალედ გვპირდებოდა. თავისი ფული მისცეს ქიბარ ხალვაშს და გაუშვას იქ საიდანაც ჩამოიყვანა.

თუ ეს კაცი ასეთი პატრიოტი და დემოკრატია რატომ ვერ ხვდება, რომ ეს ერთი დარჩენილი ოპოზიციური ტელევიზია ეხმარება ქვეყანას, მის უნიათო მთავრობას, იმუშაოს უფრო ყურადღებით და უსმინოს ხალხის ხმას, იმუშაოს იმ დარღვევების და ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, რომელთაც ეს არხი ახმოვანებს. ნუთუ ივანიშვილს აწყობს, რომ ქვეყანა ჩრდილოეთ კორეად გადაიქცეს? ნუთუ ასე დაჟინებით თხოვს მას ბატონი პუტინი დახუროს ეს ტელევიზია?

ძნელი დასაჯერებელია, რომ დღევანდელი ხელისუფლება, პარლამენტართა უმრავლესობა იმდენად არაკომპეტენტურნი არიან, ვერ აკეთებდნენ იმის ანალიზს, რომ ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებენ, ხალხს შიმშილისკენ და განადგურებისკენ, ქვეყანას დიქტატურისკენ და სიბნელისკენ... ხომ შეიძლება ეს ხალხი ერთ დღეს გამოვიდეს ქუჩაში და ხელისუფლების უნარები და შესაძლებლობები რომ ვიცით ქვეყანა შეიძლება უმართავი გახდეს...

ამ სიტუაციაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მადის, გიენის ყნოსვის და სიტუაციის მყისიერი შეფასების პრაქტიკული გამოცდილება რომ გვაქვს, შეიძლება აქვე დასრულდეს ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

ამ სცენარით ხომ არ ვითარდება მოვლენები ქვეყანაში ბატონებო? „რუსთავი–2“–ის 19 თებერვლის მხარდასაჭერი მიტინგი თქვენ რეპეტიციისათვის ხომ არ გამოიყენეთ?

ამიტომ, დღეს ჩვენს წინაშე მთელი სერიოზულობით დგას ქვეყნის გადარჩენის საკითხი.

მე განმეორებით ვთხოვ საქართველოს პრეზიდენს ბატონ გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც, როგორც იტყვიან დასაკარგი არაფერი აქვს, მოიწვიოს საქართველოში მოღვაწე ავტორიტეტული ექსპერტები, პოლიტოლოგები, სპეციალისტები, პოლიტიკოსები საპარლამენტო უმრავლესობა–უმცირესობიდან, არასაპარლამენტო პარტიებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, საზოგადოების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და მათ მიერ კოლექტიურად, საღი გონებით შეფასდეს მთავრობის მიერ გაწეული მუშაობა ამ პირველი ასი დღის მანძილზე.

იმ დროს როცა ხელისუფლებას არ სურს გახსნას ის შავი ყუთი, რომელიც მას ივანიშვილმა დაუდო, შეიძლება ამ ფორუმმა მოახერხოს მისი გახსნა. ქართველ ხალხს ძალიან აინტერესებს რა დევს ამ შავ ყუთში და რა არის მთავრობის და პარლამენტის მუშაობის სისტემური შეცდომების დაშვებისა და არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღების მიზანი. უნდა დაიდოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სწორი და ობიექტური ანალიზი. შეიძლება პრეზიდენტმა ამ გუნდის მეშვეობით ანალიზთან ერთად მოახერხოს ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის ანტიკრიზისული გეგმის პროექტის შემუშავება, რომელიც გადაეცემა მთავრობას განსახილველად და შესასრულებლად. ჩვენ წავაგეთ არჩევნები ივანიშვილთან, რომელიც რუსულ თამაშს გვეთამაშება. თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ დროულად და პრინციპულად – წავაგებთ ქვეყანას.

პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ანალიზთან ერთად. უნდა შეფასდეს ივანიშვილის მიერ ყველა სახელისუფლებო შტოების ხელში ჩაგდების უკვე შემდგარი ფაქტი, აგრეთვე დაწყებული იერიში ეკლესიაზე, დასრულების სტადიაში მყოფი მედია–საშუალებების დამორჩილების და განეიტრალების პროცესი.

იქნებ ამ სახით საქართველოს პრეზიდენტმა დაანახოს ქართველ ხალხს თუ რისთვისაა საჭირო კონსტიტუციაში პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობა და საჭირო ბალანსი, როცა დიქტატორი, მისი ავტორიტარული რეჟიმი ხელში იგდებს მთელ ძალაუფლებას და ძალადობს ხალხზე და ქვეყანაზე. ამიტომ კონსტიტუციამ უნდა გააფართოვოს მისი უფლებამოსილებანი.

P.S. ცნობილი ფრაზა, რომელიც მე ამ სტატიის სათაურად გამოვიტანე უბრალოდ შეხსენებაა მთავრობის და პარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენლების მიმართ, რომ თუ ისინი ასეთი თავდადებით გააგრძელებენ ივანიშვილთან თანამშრომლობას ქვეყნის ნგრევისა და ჩაძირვის პროცესში, მათ სტატიებში კი არა სასამართლოში მოუწევთ ამ ფრაზის მოსმენა.

მაესტრო ხაინდრავას შეუძლია მოამზადოს კამერები და ახლა უკვე ლაივ რეჟიმში გადაიღოს დოკუმენტალური ფილმი მისი მეგობარი – ივანიშვილის მთავრობის საქმიანობაზე, რასაც მილიონები არ დასჭირდება.

თემურ ავალიანი

კომენტარი     ბეჭდვა  

2017-02-21 15:35:04
гвиахловдеба револуциа.

2017-02-21 17:42:28
კარგი წერილია.ნამდვილად ეგრეა საქმე და ქვეყანას სველა უნდა....და არა ლაქლაქი..

სიმური2017-02-22 01:14:48
სრული ჭეშმარიტებაა.
ის ამომრჩევლები, რომლებიც არ მივიდნენ არჩევნებზედ, მიყიდეს თავისი ხმა ბიძინას ფულზედ ან შიშზედ, არიან უფრო მეტად დამნაშავეები,ვიდრე თვით ბიძინა.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი