სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერ-მინისტრი არჩევნების შედეგებს აფასებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა საპარლამენტო არჩევნების დასრულებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა საარჩევნო პროცესის ჩატარება და მისი შედეგები დადებითად შეაფასა.

პრემიერმინისტრმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არის ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს გამარჯვება.

"ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, განვითარებისკენ და დემოკრატიისკენ. ყველა შეფასებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. მადლობა იმ მაღალი ნდობისთვის, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოუცხადეთ, ეს პირადად ჩემთვის და ქართული ოცნებისთვის, ჩვენი გუნდის ყველა წევრისთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა, მე მჯერა რომ ჩვენ ღირსეულად გავართმევთ თავს ამ მოვალეობებს და ქვეყანას განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანთ.

"ქართული ოცნების მხარდაჭერით თქვენ ხმა მიეცით თავისუფლებას სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ევროპულ მომავალს. ამ არჩევანის პოზიტიური შედეგები აუცილებლად აისახება ყოველი თქვენგანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. მადლობას გიხდით ყველას ასეთი ერთსულოვნებისთვის.

"ჩვენმა ხალხმა გამოავლინა მაღალი სამოქალაქო კულტურა, პირნათლად მოიხადა სამოქალაქო ვალი. მე პატივს ვცემ თითოეული ადამიანის თავისუფალ არჩევანს, იმის მიუხედავად რომელ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმას. მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება,“ - განაცახდა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მონიტორინგში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქართული ოცნებისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა მეტი პასუხისმგებლობაა.

"ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებით ქართულმა ოცნებამ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ ამ მანდატს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ აღარავის მიეცეს შესაძლებლობა, რომ კონსტიტუცია რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას მოარგოს. ქართული ოცნებისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხის წინაშე. რაც მეტია ხალხის ნდობა, მით უფრო მომთხოვნია საზოგადოება ხელისუფლების მიმართ," - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100