სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალექსი პეტრიაშვილი: დავით ნარმანიას ტყავში ყოფნას არავის ვუსურვებდი

დავით ნარმანიას ტყავში ყოფნას არავის ვუსურვებდი, - ასე შეაფასა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა თბილისის მერის დავით ნარმანიას ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ადამიანურად, მას დავით ნარმანიას მიმართ სიბრალულის განცდა აქვს, ვინაიდან თბილისის მერს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ აქვს.

„ვერც ერთი ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი ვერ იმუშავებდა იმ პირობებში, რა პირობებშიც მას უწევს მუშაობა. მისი საქმიანობა ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც არადამაკმაყოფილებელი. ვერ ააწყო ურთიერთობა ვერც სამოქალაქო სექტორთან და ვერც თბილისის მოსახლეობასთან და ალბათ, დამოუკიდებელი რომ იყოს, დიდი ხნით გაითავისუფლებდა თავს იმ ტანჯვისგან, რა ტანჯვაშიც მას უწევს მუშაობა. თავის დროზე დავით ნარმანია ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურა იყო და ახლა „ოცნებას“ არ აქვს უნარი, რომ გადაწყვიტოს, თუ როდის უნდა მოაწეროს ხელი დავით ნარმანიამ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როცა თბილისის მერს ნერვებმა უმტყუნა, შემდეგ უწევს ბოდიშების მოხდა.

„მისი გადასაწყვეტი არ არის და ნარმანია თავად ვერ წყვეტს ამას, თორემ, ალბათ დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო თანამდებობიდან. მე არ ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას თავად ექნება თანამდებობიდან წასვლის სურვილი, თუმცა მას ამის უფლებას არ აძლევენ“, - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს „მაიმუნი, ვირიშვილი“ უწოდა, რის შემდეგაც არასამთავრობოებმა მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს.

დღეს, დავით ნარმანია თბილისის საკრებულოშია დაბარებული, სადაც დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100