უგო ჩავესი: ჩემი მმართველობის დროს მთავარი გამომრჩა – ჩემი სიმსივნე

ვენესუელის პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას სიმსივნე აქვს. ის მესამე კვირაა, რაც კუბაზე იმყოფება სამკურნალოდ. ჩავესმა ოპერაცია გაიკეთა მენჯის ღრუში აბსცესის მოსაშორებლად. ოპერაციის დროს ექიმებმა აბსცესის გარშემო ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედები აღმოაჩინეს. ამის გამო ვენესუელის პირველ პირს განმეორებითი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა სიმსივნის მოსაშორებლად. „ოპერაციის შემდეგ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამასთანავე, მე დამატებით მკურნალობის კურსს გავდივარ იმ მიზნით, რომ ორგანიზმმა ავთვისებიანი უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლა შეძლოს“– განაცხადა ჩავესმა. პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ მისი მოღვაწეობის დროს, ყველაზე მთავარი გამორჩა, ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სისტემატიური კონტროლი იყო. 56 წლის პრეზიდენტმა ისიც აღიარა, რომ მას არასდროს უყვარდა ექიმებთან კონსულტაციები. „ეს ფუნდამენტური შეცდომა იყო“– განაცხადა ჩავესმა.

პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ, მოსახლეობას ვიცე პრეზიდენტმა, ელიას ხაუამ მიმართა. მან მოქალაქეებს ერთობისა და დისციპლინისკენ მოუწოდა. კარაკასის ერთ–ერთ ეკლესიაში კი ჩავესის ასობით მომხრე შეიკრიბა და პრეზიდენტის სწრაფი გამოჯანმრთელებისა და სამშობლოში მისი მალე დაბრუნებისთვის ილოცა. შეგახსენებთ, რომ უგო ჩავესი, რომელიც ვენესუელას 1998 წლის შემდეგ მართავს, ბოლივარიული რევოლუციის ლიდერია, რომელიც დემოკრატიული სოციალიზმისა და ლათინური ამერიკის ინტეგრაციის პოლიტიკურ დოქტრინას ქადაგებს. ის ასევე აკრიტიკებს ნეოლიბერალიზმს, გლობალიზაციასა და აშშ–ის საგარეო პოლიტიკას. სამხედრო ოფიცერმა, ჩავესმა 1992 წლის ჩაშლილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ მემარცხენე მეხუთე რესპუბლიკური მოძრაობა დააფუძნა. მოგვიანებით კი მან ქვეყნის პირველი პირის სტატუსის მორგება გადაწყვიტა. ჩავესი პრეზიდენტად 13 წლის წინ აირჩიეს. მისი კამპანია ეყრდნობოდა ვენესუელის ღარიბი უმრავლესობითვის შემწეობის გაზრდას. ამავე პლატფორმით, ის ხელახლა აირჩიეს 2000 და 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც. ჩავესი ქვეყნის მასშტაბით ხელს უმართავს „ბოლივარიულ მისიებს“, რომელთა მიზანი დაავადებებთან, გაუნათლებლობასთან, საკვების უკმარისობასთან და სიღარიბესთან ბრძოლაა, სხვა სოციალურ პრობლემებთან ერთად. საზღვარგარეთ, ჩავესი ვაშინგტონის კონსენსუსის წინააღმდეგ გამოდის და ეკონომიკური განვითარების ალტერნატიულ მოდელებს უჭერს მხარს. ის ასევე მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ჩავესის პოლიტიკასთან პოლარულად განსხვავებული გამოხმაურება აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს. აშშ-ის მთავრობის მტკიცებით ჩავესი ლათინურ ამერიკაში დემოკრატიისთვის საშიშროებას წარმოადგენს. თუმცა მრავალი სხვა ქვეყნის მთავრობა მხარს უჭერს მის იდეოლოგიას და მოხარულია ამ ქვეყანასთან ორმხრივი სავაჭრო და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების დადების.

კომენტარი