სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

”თავისუფალი დემოკრატების” საგანგებო განცხადება

თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს მიღებული გადაწყვეტილების საპროტესტო აქციებს იწყებს. როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხუთი უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ გამოტანილი პატიმრობის განაჩენი ”თავისუფალი დემოკრატების” დღის წესრიგს ცვლის.

მისივე განმარტებით, პირველი აქცია შაბათს, 21 მაისს, 14:00 საათზე, პროკურატურასთან გაიმართება და მას გამაფრთხილებელი ხასიათი ექნება.
”დღეს ყველა ჩვენას უმძიმესი დღე ჰქონდა. ერთადერთი, რაც ვინატრე, იყო ის, რომ იმ უდანაშაულო ადამიანების ადგილას მე დავეკავებინე. ეს ხუთი უდანაშაულო ადამიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და თითოეულს მიუსაჯა 7 წელი ციხეში.

დღეს ივანიშვილმა მოსამართლე ბუგიანიშვილის ხელით 35 წელი მიუსაჯა უდანაშაულობას, სამშობლოს პატიოსან სამსახურს. უსამართლობა და ცინიზმი ისევ მთელი ძალით ბოგინობს ჩვენს ქვეყანაში. შეიცვალა მხოლოდ ამ საშინელი სისტემის მთავარი არქიტექტორი - ის ახლა არის ბიძინა ივანიშვილი.
ვიდრე პროკურატურის და სასამართლოს პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოყენების მანკიერ წრეს არ გავწყვეტთ, ჩვენ უსამართლობის მსხვერპლნი ვიქნებით. როცა სამართლიანობა არ არის, არაფერი რჩება ღირებული, რასაც შეუძლება ადამიანი ჩაეჭიდოს, რამაც შეიძლება მისცეს მის ცხოვრებას აზრი.
მოსამართლე ბუგიანიშვილმა დამნაშავედ ცნო ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ ჩადენილი დანაშაული, არ გააჩნდათ მოტივი, ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოსთვის ყველაზე მომგებიანი და ხარისხობრივად უნაკლო კონტრაქტი გააფორმეს და ადამიანები, რომლებიც არ განკარგავდნენ იმ თანხას, რომელთა გაფლანგვაშიც მათ ბრალს სდებენ”, - განაცხადა ალასანიამ.

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის შეფასებით, ივანიშვილი თანდათან დაეპატრონა ქვეყნის მართვის ყველა ძალოვან ბერკეტს.

”ქვეყნის მთავარი ინსტიტუციები ჩაბარდა მისი სიტყვების უსიტყვოდ შემსრულებლებს. პროკურატურას მართავს შოთაძე, სასამართლოს კი მურუსიძე, ხოლო მისი პარტიაში ერთი კაციც კი არ არის, ვინც ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგება.

ჩვენ არ მივატოვებთ უდანაშაულო ადამიანებს, მათ ოჯახებს. ვპირდები საზოგადოებას, რომ ყველა ღონეს ვიხმართ ამ ადამიანების ციხიდან დასახსნელად. ჩვენ კონსტიტუციური ნორმების სრული დაცვით და კანონიერი გზით, მათ შორის აქციებით ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის. ხუთი ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა, ცვლის ჩვენი პარტიის დღის წესრიგს. დღეს ხვალ, ზეგ ჩვენ გვექნება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, მივაწვდით ამ ბოროტმოქმედების შესახებ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა მეგობარი ქვეყნის დედაქალაქებს”, - აღნიშნა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.

ალასანიას თქმით, ის, როგორც ოფიცერი, როგორც მოქალაქე და როგორც პოლიტიკოსი ბოლომდე იბრძოლებს.

”როცა სამხედროებს და მათ ოჯახებს, საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს ასე ექცევა მართული პროკურატურა და სასამართლო, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა გავაკეთოთ დასკვნა - თუ საქართველოს ამ უსამართლობაში დავტოვებთ, შედეგიც უმძიმესი გვექნება.
მე როგორც ოფიცერი, როგორც მოქალაქე და როგორც პოლიტიკოსი ბოლომდე ვიბრძოლებ. ვპირდები უსამართლოდ და უკანონოდ დაპატიმრებულ ღირსეულ ბიჭებს და მათ ოჯახებს, არ დაგტოვებთ ტყვეობაში, არ მიგატოვებთ არც ერთი წამით ამ ბრძოლაში, თქვენი თავისუფლება არა მხოლოდ ჩვენი არამედ სახელმწიფოს ღირსების საქმეა. დღეიდან პარტია საგანგებო მოქმედების რეჟიმზე გადადის, მაგრამ ჩვენ არ გადავუხვევთ არჩევნების გზას და სწორედ ოქტომბრის არჩევნებზე ქართველ ხალხთან ერთად შევცვლით არაფორმალური მმართველის მორჩილ ხელისუფლებას”, - განაცხადა ალასანიამ. a

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100