სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრი: „საქართველოსთვის ევროკავშირის საზღვრების გახსნას მხარს ვუჭერთ“

ევროკომისიის მიერ დეკემბერში პოზიტიური დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, ნიდერლანდების სამეფო ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრმა დღეს ჰააგაში საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.
ნიდერლანდების სამეფოში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ორდღიანი ვიზიტი ჰოლანდიელ კოლეგა ჟერარ ადრიან ვან დერ სტიურთან შეხვედრით დაიწყო. ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს; განიხილეს საქართველოს პროგრესი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დასკვნითი ეტაპისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაში; მართლმსაჯულების სექტორში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის სხვა ასპექტები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ბოლო წლებში ადამიანის უფლებების სფეროში მკვეთრად გაუმჯობესებული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთი რეფორმა გაატარა სწორედ ამ მიმართულებით. მინისტრის განცხადებით, მიღებულ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც დაასრულებს „ციხეში ბავშვების დიდი ხნით გამოკეტვის კულტურას საქართველოში“. თეა წულუკიანმა მიმოიხილა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ახლახან შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი; ვრცლად ისაუბრა ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამის შესახებ.
„გარდა იმისა, რომ ჩვენ გავაუმჯობესეთ ციხეებში ვითარება და დღეს აღარ არსებობს პატიმართა წამების პრეცედენტები, ასევე, პატიმრებს აქვთ სრულფასოვანი ჯანდაცვის პროგრამები; ჩემი ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა პირველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე მუშაობს. იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში მოქმედებს დანაშაულის პრევენციის ცენტრი, რომელიც ამ პროგრამას ახორციელებს. უნდა გითხრათ, რომ პროგრამის ბენეფიციარებს შორის განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მხოლოდ ერთეული შემთხვევები არსებობს, მაშინ, როცა რეაბილიტაციის კურსი ასობით ყოფილმა პატიმარმა გაიარა. ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ ვიბრუნებთ ადამიანებს, ვისაც შეცდომა მოუვიდა და ციხეში მოხვდა, ხოლო მეორე მხრივ, ვიცავთ საზოგადოებას განმეორებითი დანაშაულისგან“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ამბიცია − გახდეს წარმატებული ევროპული სახელმწიფო, ბევრი ქვეყნისთვის მისაბაძია.
„თქვენ გსურთ, ევროპის ქვეყნებიდან საუკეთესო პრაქტიკა გაიზიაროთ, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენც შეგვიძლია თქვენგან ვისწავლოთ. მაგალითად, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა, რომელზეც ისაუბრეთ, სამაგალითოა. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ საკითხში, რაც ხელგვეწიფება − ეს იქნება ექსპერტული, სატრენინგო თუ სხვა ტიპის დახმარება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შთამბეჭდავია ის მიღწევა, რაც საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის სფეროში აქვს“, − განაცხადა მინისტრმა.
თეა წულუკიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, ყველა საერთაშორისო კვლევის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლის საქმეში, აქტიური მუშაობა გრძელდება, რათა ეს მაჩვენებელი არა თუ მხოლოდ შენარჩუნდეს, არამედ გაუმჯობესდეს კიდეც.
იუსტიციის მინისტრი შეხვედრებს გამართავს, ასევე, ნიდერლანდების სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ჰააგაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი თანამდებობის პირებთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100