სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სოზარ სუბარი დადეს და დევს“

„დრონი.ჯი“-მ სოზარ სუბარის შე3სახებ გაბნეული მარგალიტები აკინძა. თუ რატომ ლანძღავდნენ სოზარს მისი დღევანდელი მოკავშირეები, ამას ჩვენი რუბრიკიდან შეიტყობთ...
გელა ნიკოლეიშვილი: „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“: თუ სოზარ სუბარი დროზე ამოიღებს ხმას და მართლა სახალხო დამცველივით მოიქცევა და არა მარიონეტივით, როგორც ახლა, კარგი და დროული იქნება.
ირაკლი წერეთელი: საპრეტენზიო რა მაქვს სვანებთან... ენაცვალოს სვანებს ჩემი თავი, დიდი საძმაკაცო მყავს სვანებისა, მაგრამ ასე მგონია, სოზარს ერთი გამეტებით რომ დაუბღვირო, შიშისგან გაიქცევა.
კახა კუკავა: სოზარ სუბარს, ეტყობა, საკუთარი მაღალი ხელფასის გარდა, აღარაფერი აინტერსებს. სახალხო დამცველის ინსტიტუტი ისეთივე სახელისუფლებო დანამატად და ბუტაფორიად დარჩა, როგორც ეს შევარდნაძის დროს იყო.
რამაზ კლიმიაშვილი: სახალხო დამცველის ინსტიტუტი სადღაა ქვეყანაში? ნანა დევდარინი საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა, ეს სუბარი კი, არაფერს წარმოადგენს. ეგღა აკლია სააკაშვილს, მაგას რაც კი კანონით უფლებები აქვს მინიჭებული, მართლა გამოაყენებინოს.
გუბაზ სანიკიძე: სოზარ სუბარს თავმოყვარეობა არა აქვს და რა ქნას?!
გიორგი გუგავა: ლეიბორისტური პარტიის წინაარმდეგ მიმდინარეობს ნამდვილი ტერორი, სად არის სოზარ სუბარი, ხმას რატომ არ იღებს? თუ ჩვენ არა ვართ ადამიანები? უმაგისოდაც როგორმე დავიცავთ თავს, როგორც დღემდე, მაგრამ ერთხელ მაინც ამოიღე ხმა, დალოცვილო არ შეიძლება? კი მესმის, ეშინია, მაგრამ ეგრე რამ დააშინა, რომ დამუნჯდა საერთოდ?
ზვიად ძიძიგური: სუბარს მერაბიშვილის ხსენება ცახცახს აწყებინებს და შიშის ოფლი ასხამს.
ლალი აფციაური: დღეში ასობით მიმართვა მარტო პატიმრების, მათი ახლობლებისა და ადვოკატებისგან იგზავნება სახალხო დამცველის ოფისში და ჯერ არცეთზე რეაგირება არ ყოფილა. ყველაზე უუფლებობები პატიმრებია და ესენი თუ არ დაიცავი, სხვას დაიცავს ეგ?
რევაზ მიშველაძე: სად იყო სოზარ სუბარი როცა უნივერსიტეტიდან მაპატიეთ და წიხლისკვრით გამოყარეს პროფესორები? რატომ არ რეაგირებს ხუბუას თავხედობაზე? ეგენი არიან თანამოაზრეები, ერთი გუნდის წევრები, რამდენი მიმართვა გავუგზავნეთ, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ: ვიღაც გოგო-ბიჭები მივიდნენ, რაღაც ჩაიწერეს და წავიდნენ, მობრძანებულიყო მაინც?
მამუკა კაციტაძე: სახალხო დამცველი არის ბუტაფორია, აბა, ვინმემ ბუზი აუფრინოს ხელისუფლების წარმომადგენელს, მაშინვე იქ გაჩნდება.
ავთანდილ მარგიანი: ჩვენი სოზარა კაცო? მაგარი ბიჭია, მაგას არაფრის არ ეშინია. ჩემი ძმისშილია თანაც... როგორ? როგორ და მამამისსაც ავთანდილი ჰქვია, მეც ავთანდილი ვარ, თან სვანია და არ გამოდის ჩემი ძმისშვილი? ეგრეა ძმიშვილია და ენაცვალოს ჩემი თავი.!
ვაჟა ოთარიშვილი, პოეტი: სოზარ სუბარიც სოროსის ბუდეშია გამოზრდილი და სადაც ზის, იქ კარგი და ქართული საქმეების საკეთებლად არ ზის, დამიჯერეთ!
მანანა ღურჭუმელაძე, განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე: რაც სკოლებში და უმაღლეს სასწავლებელში განუკითხობაა, ეს არ ეხება სახალხო დამცველს? პედაგოგთა, მოსწავლეთა და სტუდენტთა უფლებები არ ეხება? აუცილებლად ვინმე უნდა მოკლან და ააფეთქონ, რომ სუბარი ჩაერიოს? მერე ვის რაღაში სჭირდება?
თემურ შაშიაშვილი: სოზარ სუბარი დამოუკიდებელი და ობიექტური სახალხო დამცველი არ იყო. ის მარტო უმნიშვნელო დარღვევებს აფიქსირებს, რაც ხელისგულზეა და ისედაც ყველამ იცის, სუბარს არც ერთ სერიოზულ დანაშაულზე არ ჰქონია რეაგირება და არც მომავალში ექნება.
ფიქრია ჩიხრაძე: ირაკლი ოქრუაშვილმა ასეულობით ადამიანის ღირსება, პატივი და უფლებები გადათელა. მაპატიეთ და ფეხით გადათელა უამრავი ადამიანი მართლა, ყველაფერი გამიგია, კი ბატონო, შესაძლოა კრიმინალი თუა ადამიანი, საწოლში, შიშველი და აბანოშიც კი დააპატიმრო, თუ ეს პიროვნება საფრთხის მატარებელია. მაგრამ ტელეკამერების თანხლებით? ეს რა უბედურებაა? სად იყო სუბარი? რატომ არ ამოიღო ამაზე ხმას?
ზვიად ძიძიგური: სოზარ სუბარი შავ დღეშია - აქეთ ირაკლი ოქრუაშვილის თვალების ბრიალის ეშინია, იქით გიგა ბოკერიასი. არადა, ორივემ როგორი ბრიალი იციან კაცო ამ თვალებისა? საწყალი სუბარი...
გივი ალაზნისპირელი: სოზარ სუბარი დადეს და დევს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100