სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისთვის პარლამენტის ეზოში აშენდა 4 დროებითი ნაგებობა

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის მასპინძლობისთვის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

დღეს, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეს ეწვივნენ და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარე საორგანიზაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და კომისიის წევრებმა გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. თბილისში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის მასპინძლობისთვის მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისთვის პარლამენტის ეზოში აშენდა 4 დროებითი ნაგებობა, სადაც განთავსდება მედია ცენტრი, ბრიფინგების ოთახი და საკონფერენციო დარბაზები. ყოველწლიური შეხვედრისთვის საჭირო ყველა სივრცე უზრუნველყოფილია უახლესი საკომუნიკაციო სისტემებით და საოფისე ინვენტარით. შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა აგრეთვე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეშიც. EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა. EBRD-ის საერთაშორისო ფორუმს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100