სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილი გაეროში მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, ქუთაისის პარლამენტის შენობაში, გაეროში მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაციას უმასპინძლა.

გაეროს 7 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის საშინაო და საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა და ყურადღება საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ განვლილ პერიოდზე გაამახვილა. მისი განცხადებით, მიუხედავად საბჭოთა წარსულისა, საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება წარმატებულად განახორციელა და ქვეყანა მიზანმიმართულად განაგრძობს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის გზისკენ სვლას.

დავით უსუფაშვილმა უცხოელ სტუმრებთან საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია, რასაც მოწმობს ჩინეთის დაინტერესება ევროპის მიმართულებით სავაჭრო კორიდორის ფუნქციის გამოყენებისთვის. „დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ შეძლო კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება მის სიახლოეს მდებარე სახელმწიფოებთან, თუმცა მსგავსი მიდგომა შეუძლებელი აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციასთან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე განცხადებით, საქართველო დიდ ყურადღებას ანიჭებს მცირე ზომის ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარების საკითხს, რადგან ეს კარგი საშუალებაა სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების კუთხით.

გაეროში მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაციამ მადლობა მოახსენა პარლამენტის თავმჯდომარეს აღნიშნული შეხვედრის გამართვისთვის. უცხოელმა დიპლომატებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ საქართველოში ვიზიტი მათი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილებისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100