სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით უსუფაშვილმა ჩინეთის სამთავრობო დელეგაცია მიიღო

პარლამენტის თავმჯდომარე თბილისის იუსტიციის სახლში ჩინეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები იყო. ჩინეთის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ აბრეშუმის გზა ჩინეთიდან საქართველოზე გადიოდა და ეს ურთიერთობები მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. მათივე განცხადებით, ჩინეთი კვლავ აპირებს ინვესტიციების საქართველოში ჩადებას. აღინიშნა, რომ იგეგმება ჩინეთი განვითარების ბანკის წარმომადგენელების საქართველოში ჩამოსვლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკურ, კულტურულ და ხალხთა შორის ურთიერთობებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ჩინეთის ოფიციალური პოზიციის გამო საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერასთან მიმართებაში. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ღრმავდება რასაც კონკრეტული პროექტები და შედეგები მოაქვს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თბილისსა და ურუმჩის რეგიონს შორის არსებულ მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებს. დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა ურუმჩის რეგიონის ინვესტორთა ჯგუფს, რომელიც საქართველოში დიდი რაოდენობით ინვესტიციებს აბანდებს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებს სტაბილურ გარემოსა და მყარ პარტნიორობას სთავაზობს.

ჩინეთის სამთავრობო დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს იმ შესაძლებლობებისთვის, რასაც საქართველო ბიზნეს პროექტების განხორციელებისთვის იძლევა. მათ პირადად დაპატიჟეს დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ურუმჩიში. ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ საპარლამენტო ურთიერთობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ორ ქვეყნას შორის ურთიერთობები უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს და გაძლიერდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100