სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ობამა ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ

ირანის ბირთვული პროგრამისადმი დამოკიდებულება თეთრმა სახლმა, გარკვეული შესვენების შემდეგ, კვლავ დააფიქსირა. აჰმადინეჯადსა და აიათოლა ალი ხამენეის შორის მიმდინარე ფარულ ბრძოლას დასავლეთი ბოლო დროს თვალყურს შორიდან ადევნებდა. პალესტინის დამოუკიდებლობის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ბარაკ ობამა მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ცნობილ ორგანიზაციას, ამერიკულ–ებრაული საზოგადოებათა ურთიერთობების ცენტრს ესტუმრა, რომელიც აშშ–ში ისრაელის ინტერესებს ლობირებს და საკმაოდ ემოციურადაც გამოვიდა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, ობამამ განაცხადა, რომ პალესტინას საკუთარი სახელწიფოს შექმნის სრული უფლება აქვს. ამ გამოსვლამ ისრაელის ხელისუფლება დააბნია. რაც შეეხება პალესტინურ ორგანიზაციებს, მსოფლიოს ზესახელწიფოს მეთაურის განცხადებას ისინი უნდობლად შეხვდნენ. „ჰამასის“ ლიდერებმა განმარტეს, რომ მათ ბოლო წლების განმავლობაში ეს განცხადებები ხშირად ესმით, თუმცა რეალური შედეგი ჯერ არავის უნახავს.

ამჯერად, აქცენტი მაინც, ძირითადად, ირანზე გაკეთდა. „აშშ არ დაუშვებს ირანში ბირთვული იარაღის გამოჩენას. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებდით თეირანის მიმართ მკვეთრ სანქციებს, რომელიც როდესმე აიძულებს ირანის რეჟიმს, სათანადოდ მოიქცეს“ – განაცხადა თეთრი სახლის მეთაურმა. ობამას განცხადებითვე, ის ზეწოლას გააგრძელებს, რათა ირანის ხელში შეიარაღება არ მოხვდეს.

აშშ–ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ისრაელის ხელისუფლებას მკაცრად ექცევა საკუთარ ხალხს და ირანი აგრძელებს ტერორიზმის მხარდაჭერას რეგიონში და ტერორისტულ ორგანიზაციებს იარაღს და ფულს აწვდის. როგორც ცნობილია, ირანი ლიბანური და პალესტინური ორგანიზაციების დამფინანსებლად ითვლება. ამიტომ ობამას ეს განცხადება, გარკვეულწილად, იმის დასტურიცაა, რომ აშშ პალესტინის მხარდაჭერას ისრაელის ინტერესების იგნორირების ხარჯზე არ აპირებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100