ირაკლი ალასანია გასაქცევად ემზადება...

„დრონი.ჯი“-მ ექსკლუზიურად დაადგინა, რომ „ალიანსში“ სერიოზული პრობლემებია. გაერთიანების რღევის პროცესი უკვე დაიწყო, რაც შესაძლოა, ალასანია-სუბარის „ალიანსიდან“ გაქცევის საფუძველი გახდეს.
„დრონი.ჯი“-მ პირველმა გაცნობათ „ალიანსის“ წევრების - დავით გამყრელიძისა და დავით უსუფაშვილის ჩხუბის შესახებაც. ამჯერად კი გთავაზობთ იმ პრობლემებს, რომელმაც შესაძლოა „ალიანსის“ დაშლა-არმოშლა გამოიწვიოს.
საქმე ისაა, რომ „ალიანსშიც“ პოლიტ-ამბიციები სჭარბობს. ლიდერთა ერთი ნაწილი ისეა გაბერილი ამბიციით, რომ თავი კიტრი და ყველას უფროსი ჰგონია.
მართალია, ალასანია თავიდანვე ცდილობდა, რომ სიტუაცია დაებალანსებინა. თუმცა, გვიან, მაგრამ მაინც აღმოაჩინა, რომ ის უფრო „რესპების“ მძევალი და სათამაშო თოჯინაა, ვიდრე რეალური ლიდერი.
ალასანიას გარემოცვა შიშობს, რომ „რესპუბლიკელები“ მას პოლიტიკურ რესურსს მთლიანად შემოაფცქვნიან და ისე დაძირავენ, როგორც თავად არიან დაძირულ-ჩაძირულები.
ალასანიას „გატყვავების“ პროცესი უკვე დაიწყო. ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ჟონავს ინფორმაცია, რომ ბატონ ირაკლის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებაც კი აღარ შეუძლია და იძულებულია უსუ-ბერძენ-ხიდას ტლინკებს დაემორჩილოს.
პრობლემაა დავით გამყრელიძე და მისი პარტიაც. ამ კაცს, ადრე, კახა თარგამაძის სახით მხოლოდ ერთი უფროსი ჰყავდა. მერე უფროსებს წარა-მარა იცვლიდა (ნიკო ლეკიშვილი, ედუარდ შევარდნაძე, ბადრი პატარკაციშვილი), მაგრამ ერთზე მეტი „ბოსი“ არასოდეს ჰყოლია.
ახლა კი, საწყალი გამყრელიძე ისე გრძნობს თავს, როგორც ძნელადაღსაზრდელი ბავშვი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ხან „რესპები“ წამოარტყავენ მის პატივმოყვარეობას, ხანაც ალასანია-სუბარის დუეტი „აჭერს ფეხს მაზოლზე“.
გამყრელიძის გარდა, „ალიანსზე“ გული აქვთ აცრუებული მამუკა კაციტაძეს, დავით საგანელიძესა და ფიქრია ჩიხრაძესაც. ქალბატონი ფიქრია ფიქრობს, რომ „ალიანსი“ მალე დაიშლება და შესაძლოა, მისმა ერთიანობამ არჩევნებამდეც ვერ გასტანოს.
მართალია, ჩიხრაძე ამას საჯაროდ არ აცხადებს, მაგრამ ჩუმ-ჩუმად „რესპებსაც“ და ალასანიასაც მოუსავლეთში აგზავნის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამყრელიძე ჭიქა ყავასთან გადაუშლის ხოლმე გულს და უყვება - თუ როგორ დაჩაგრულად გრძნობს თავს ამ „ინტრიგნების“ გარემოცვაში.
ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არაა, მაგრამ „დრონი.ჯი“-ს კულუარულად უკვე დაუდასტურეს, რომ „მემარჯვენეები“ „ალიანსის“ მისატოვებლად ემზადებიან.
თავის მხრივ, ალასანიაც ემზადება გასაქცევადო. ბატონი ირაკლი, ამ ეტაპზე, ხმაურის გარეშე ცდილობს „რესპების“ კლანჭებიდან დაძრომას, თუმცა, მისი გარემოცვის სიტყვებით რომ ვთქვათ: „ირაკლის მაგათთან შესვლა თავიდანვე შეცდომა იყო. ეუბნებოდნენ ამას, მაგრამ არ ვიცი რატომ არ დაგვიჯერა. თუმცა, ახლა უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ ეგ „სექტა“ მიატოვოს“.
წარმოიდგინეთ, კაცს არჩევნებში მონაწილეობა აღარ სურს (იცის რომ 30 პროცენტიანი ბარიერი მის შანსებს ამცირებს, არჩევნებში დამარცხება კი, მისთვის პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისი იქნება) მაგრამ „რესპების“ ზეწოლის თუ ქვეწოლის გამო, იძულებულია ენას კბილი დააჭიროს და მის ნაცვლად უსუ-ბერძენ-ხიდას კლანმა აკეთოს კომენტარები.
ერთადერთი, ვისაც ალასანია მეტ-ნაკლებად ენდობა, სოზარ სუბარია. ალასანიას გარემოცვის აზრით, „მხოლოდ სუბართან შეიძლება ერთობა“. თუმცა, გარემოცვა სუბარს მაინც გამადიდებელი შუშით აკვირდება - კაცი ადრე ლევან რამიშვილის იდეების თაყვანისმცემელი იყო და „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“-ო - ფიქრობენ ალასანიას გარემოცვაში.


კომენტარი