სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა ქართულ ოცნებას

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს 20 თებერვალს ვრცელი მიმართვა გაავრცელა, რომელის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მეგობრებო!

დღეს მე მოგმართავთ როგორც პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე. მოგმართავთ ყველას, პარტიის თითოეულ წევრს, აქტივისტებს!

განვლილი ორი წელი უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სწორედ ამ დროს, საქართველოსთვის გადამწყვეტ ეტაპზე, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც საერთო იდეოლოგიისა და ღირებულებების მქონე ადამიანები გააერთიანა და ქვეყნის სამსახურში ჩადგა.

ჩვენმა პარტიამ ამ ორ წელიწადში თითქმის შეუძლებელი შეძლო - დიდი ძალისხმევისა და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში და წარმმართველი პოლიტიკური ძალა გახდა.

ასეთ წარმატებას, ხშირად, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პოლიტიკური პარტიებიც კი ვერ აღწევენ. ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება, კიდევ უფრო მეტი ენერგიით განაგრძობს საქმიანობას და თანამედროვე ევროპული ტიპის პარტიად ჩამოყალიბდება, - პარტიად, რომელსაც ენდობიან მოქალაქეები და რომელიც მათი ინტერესების გამტარებელია.
დღეს გადავდივართ პარტიისა და მისი სტრუქტურების განახლების ახალ ეტაპზე და თქვენი მონაწილეობა ამ საქმეში პარტიის ხელმძღვანელობისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

სულ მალე ვიწყებთ რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარებას. მინდა დავავალო პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძეს და პოლიტიკურ მდივანს გიორგი ვოლსკის პარტიული კონფერენციების ორგანიზება. ეს იქნება რეგულარული შეხვედრები ჩვენი პარტიის წევრებთან, მხარდამჭერებთან და აქტივისტებთან.

ჩვენ ვიცით, რომ ბევრ იმ ადამიანს, რომელიც პირველი დღიდან მონაწილეობდა პარტიის მშენებლობაში, აქვს განცდა იმისა, რომ თავდადება სათანადოდ არ დაუფასდათ. მინდა გითხრათ, რომ ეს იმ სირთულეების ბრალი იყო, რომლებიც ქვეყანამ გამოიარა. საბედნიეროდ, ეს სირთულეები ყველამ ერთად ღირსეულად გადავლახეთ. ამიტომ გარწმუნებთ, არც ერთი ადამიანი, რომელმაც ერთგულად და თავდაუზოგავად იშრომა, და პირდაპირ ვიტყვი, იბრძოლა ჩვენთან ერთად, უყურადღებოდ და გულნაკლული არ დარჩება.

ჩვენი პარტია ახალი ძალით იწყებს მუშაობას. ამიტომ მოგიწოდებთ პარტიის თითოეულ წევრს, თითოეულ აქტივისტს, - იაქტიურეთ, მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს შეხვედრებში, პარტიულ კონფერენციებში და თქვენი წვლილი შეიტანეთ მის განახლებასა და გაძლიერებაში.

მჯერა, რომ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იქნება პარტია, რომელიც კიდევ ათასობით მხარდამჭერს შემოიკრებს გარშემო, იქნება მათი ინტერესების დამცველი და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში.

აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ახალგაზრდობას – შემოგვიერთდით! მე მსურს თქვენთან ერთად ავაშენო ძლიერი საქართველო!“ - ნათქვამია პრემიერ მინისტრის მიმართვაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100